"არ ვიცი, იმ ღამის შეხვედრამ რა გარდატეხა მოახდინა მასზე, მაგრამ მას შემდეგ მისი ეჭვიანობა სადღაც გაქრა" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, იმ ღამის შეხვედრამ რა გარდატეხა მოახდინა მასზე, მაგრამ მას შემდეგ მისი ეჭვიანობა სადღაც გაქრა"

"საკმარისი იყო, სამსახურიდან ნახევარი საათით გვიან მივსულიყავი, რომ ჩხუბი, საყვედურები და ცრემლები გარანტირებული მქონდა"

დარწმუნებული ვარ, რედაქციაში მამაკაცები იშვიათად გწერენ. მე გამონაკლისი ვიქნები და ჩემ შესახებ მოგიყვებით.

"ისე მოხდა, რომ გვიან დავქორწინდი. სულ ვფიქრობდი, რომ არსად მეჩქარებოდა. ქალების ყურადღებით განებივრებული ვიყავი და შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება გართობას შევალიე. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი წინ მქონდა. ორმოც წელს რომ მივაღწიე, აღმოვაჩინე, რომ ყველა ჩემი მეგობარი უკვე დაოჯახებული იყო. ის კი არა, ზოგს სამ-სამი შვილიც კი ჰყავდა.

ოჯახის წევრები გააქტიურდნენ, გადაწყვიტეს, ჩემთვის საცოლე მოეძებნათ. გარიგებით ცოლის შერთვის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი და რჩეულის ძებნას თავად შევუდექი. ეტყობა, ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი უფრო წუნია ხდება და საცოლის შერჩევა ძალიან გამიჭირდა. იმ დროისათვის ერთ ქალბატონთან რომანი მქონდა გაჩაღებული, მაგრამ მისი ცოლად შერთვა არ შემეძლო. საქმე ის იყო, რომ ლელა უკვე ბებია იყო და გათხოვება, ცოტა არ იყოს, ეუხერხულებოდა. სახლში ორი ვაჟი, რძალი და ორი შვილიშვილი ჰყავდა. ასაკის მიუხედავად, ძალიან ლამაზი ქალი გახლდათ, გარდა ამისა, მასთან ურთიერთობა ჩემთვის გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე სხვა ქალებთან. მეგობრები მეხუმრებოდნენ, შემთხვევით ცოლად მოყვანას ხომ არ უპირებო. დამცინოდნენ, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, ზოგიერთი შემომნატროდა.

როცა მარი გავიცანი, ლელასთან განშორება გამიჭირდა. მან დიდსულოვნად გამიშვა. დღემდე, როცა მის სახლთან გავივლი, გული სასიამოვნოდ მეკუმშება ხოლმე, თუმცა თავს ზედმეტის უფლებას არ ვაძლევ.

მარიმ ჩემი და ლელას ამბავი იცოდა. საქმე ის არის, რომ დაქორწინებამდე ჩემზე ცნობები მასაც მოუგროვებია და მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო აღარც მარი იყო, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და თანხმობა მხოლოდ ამის შემდეგ მომცა. შევპირდი, რომ მის იქით ჩემთვის არც ერთი ქალი აღარ იარსებებდა. მარისადმი მალე პატივისცემით გავიმსჭვალე, მერე თანაცხოვრებამ ძალიან დაგვაახლოვა და აღმოვაჩინე, რომ მიყვარდა. მზრუნველი მეუღლე და კარგი დედა გამოდგა, ორი შვილი შეგვეძინა. ერთადერთი რამ, რაც ჩვენს ცხოვრებაში არეულობას იწვევდა, მისი უსაფუძვლო ეჭვიანობა იყო. თითქმის ყველა ქალზე ეჭვიანობდა, სულ ეგონა, რომ ჩემს თავს ვინმე სხვა ქალი წაართმევდა. მე კი მუდმივ კონტროლში ცხოვრება მიჭირდა.

ერთ დღესაც მძიმე პერიოდი დაგვიდგა. სამსახური დავკარგე და ერთხანს თავს ძლივს ვირჩენდით. მე და მარი ყველაფერს ვიკლებდით, რომ ბავშვები მაძღრები გვყოლოდა. სამსახურის ძებნა დავიწყე, ათასნაირ გასაუბრებაზე ვიარე, მაგრამ ამაოდ. ერთხელ მეგობარმა დამირეკა და სამსახური შემომთავაზა, კერძო აღსრულების ბიუროში პრობლემური სესხების ამომღების თანამდებობაზე. მაშინვე უარი ვუთხარი, რადგან ამგვარი სამსახურის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი - გაჭირვებულ ადამიანთან ვალის დაბრუნებაზე როგორ მელაპარაკა?! გავიდა ხანი და როცა დავრწმუნდი, სხვა არაფერი გამომდიოდა, მეგობარს დავურეკე და ვთხოვე, თუ კიდევ გჭირდებათ თანამშრომელი, წამოვალ-მეთქი.

ამგვარად მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად, როგორც ვვარაუდობდი, ძალიან გამიჭირდა, მერე თანდათან სამუშაოს ალღო ავუღე, შემოსავალი გამიჩნდა და ოჯახიც ნელ-ნელა წელში გაიმართა. პრობლემა ის იყო, რომ სამსახურში გვიანობამდე ყოფნა მიწევდა და, რა თქმა უნდა, მარისთვის ამის ახსნა ძალიან მიჭირდა, ვინაიდან ყველგან და ყველაფერში არარსებულ საყვარელს ეძებდა. ამას თან ისიც დაერთო, რომ ერთხელ მე და მარი ქუჩაში ლელას გადავეყარეთ, შვილიშვილს ასეირნებდა. ჩემი ნახვა გულწრფელად გაუხარდა. მეუღლე წარვუდგინე, ერთმანეთი გულთბილად მოვიკითხეთ და დავცილდით.

მას შემდეგ მარის სალაპარაკო მხოლოდ ეს ჰქონდა. ახლა ეჭვიანობა ლელაზე დაიწყო."ერთმანეთს შეყვარებული თვალებით უყურებდითო, მიმეორებდა და უფრო მყარ არგუმენტებს ეძებდა, რათა ლელას საყვარლობაში გამოვეჭირე. სულ ამაოდ ვცდილობდი საწინააღმდეგოს დამტკიცებას და იმის ახსნას, რომ მისი ამგვარი საქციელი ჩვენს სიყვარულს მხოლოდ აზარალებდა. საკმარისი იყო, სამსახურიდან ნახევარი საათით გვიან დავბრუნებულიყავი, რომ ჩხუბი, საყვედურები და ცრემლები გარანტირებული მქონდა. არადა, ისეთი ერთგული, როგორიც მარისთან ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ.

საერთოდ, პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა ადვილი არ არის. ხშირ შემთხვევაში აგრესიულები და საომრად გამზადებულები არიან. ამან ნერვები უფრო გამიფუჭა, სახლში მისულს კი მეუღლე სანერვიულოს მიმატებდა. ვხვდებოდი, რომ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდებოდა, რომ ოჯახი აუცილებლად დამენგრეოდა, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა...

მახსოვს, ერთ-ერთ მსესხებელთან ამაოდ ვცდილობდი დაკავშირებას. დიდი დავალიანება ჰქონდა. მარიმ, რა თქმა უნდა, ტელეფონი შემიმოწმა და როცა უცხო ტელეფონის ნომერს წააწყდა, ჩათვალა, ლელას ნომერიაო, რასაც მორიგი სკანდალი მოჰყვა. ვერაფერი დავუმტკიცე, ვინაიდან სატელეფონო ზარს ადრესატი არ პასუხობდა. ღამით, როდესაც გაბუტულები დასაძინებლად ვწვებოდით, მობილურმა ტელეფონმა დარეკა - ის მსესხებელი რეკავდა, რომელთან დაკავშირებასაც ვერაფრით ვახერხებდი. სიხარულით ვტაცე ტელეფონს ხელი. მამაკაცის მკაცრი ხმა ჩამესმა, მკითხა, ვინ ხარ და რა გინდაო. ავუხსენი, რისთვისაც ვცდილობდი მასთან დაკავშირებას და მოულოდნელად შეხვედრა დამითქვა,"ახლავე შევხვდეთო! შევთავაზე, რომ შეხვედრა მეორე დღისთვის გადაგვედო, მაგრამ ხვალ არ მეცლებაო, მომიჭრა. საათს დავხედე, თერთმეტი სრულდებოდა. ცოტა არ იყოს, დამფრთხალი ვიყავი - უცნობს ჩემი სახლიდან ცოტა მოშორებით უნდა შევხვედროდი. მარიმ ტირილი დაიწყო,"იმასაც აღარ ერიდები, რომ ღამით სახლიდან გახვიდეო. მოთქმაზე რომ გადავიდა, კარი ისე გამოვიხურე, მისკენ არც კი გამიხედავს. ბნელოდა, ვიწრო ქუჩას მივუყვებოდი და თავში ათასი აზრი მიტრიალებდა - რატომ დავთანხმდი შეხვედრაზე, იქნებ ყაჩაღია ან მკვლელი, იქნებ გაღიზიანებული და ცხოვრებისგან გამწარებული კაცია და რა უდევს გულში, ვინ უწყის, იქნებ სულაც ერთი კი არა, ბევრნი არიან და გვარიანად გამლახონ-მეთქი...

ამ ფიქრებით დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდი და ვგრძნობდი, სუნთქვა როგორ მიმძიმდა. ამასობაში, როგორც მერე აღმოჩნდა, მარის გულმა არ გაუძლო. ჩემი სატელეფონო საუბრიდან გამომდინარე მიხვდა, უცნობს შეხვედრა სად დავუთქვი. ჩაიცვა, ქურთუკი მოისხა, მძინარე ბავშვებს დახედა, კარი ჩუმად გამოიკეტა და ფეხაკრეფით უკან გამომყვა. დანიშნულების ადგილს რომ მივუახლოვდი, მანქანის კარი გაიღო და შავანაფორიანი შუახნის მამაკაცი დავინახე. მოულოდნელობისგან გავშრი. გაეღიმა."ნუ გაგიკვირდება, ასეც ხდება, ვალი შეიძლება მღვდელსაც ჰქონდესო. მოკლედ, ვალის დაბრუნებას შემპირდა და გვიანი შეხვედრისთვის მომიბოდიშა, ხვალ დილით მონასტერში ვბრუნდებიო. გულთბილად დავემშვიდობე და როდესაც მოვტრიალდი, ჩემი მეუღლის გაღიმებულ სახეს წავაწყდი. "მაპატიე",

- მითხრა მარიმ, გადამეხვია და ხმის ამოუღებლად სახლის გზას დავადექით.

დილით ადრე მარიმ მაგიდაზე ბლინები და ცხელი ყავა დამახვედრა."ბოდიში, რომ ვეჭვიანობდიო,"მითხრა. მე კიდევ ჩემი წუხანდელი ფიქრები გავუზიარე, უცნობთან შესახვედრად რომ მივდიოდი. ორივეს გულიანი სიცილი აგვივარდა. მარიმ, დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ ლელა დამხვდებოდაო. ჩვენს სიცილზე ბავშვებს გაეღვიძათ და როცა ოთახიდან გამოცვივდნენ და ჩახუტებულებს წაგვაწყდნენ, გაიხარეს - აღარ იჩხუბოთო, გვთხოვა ორივემ.

ერთი თვის შემდეგ ჩემმა პრობლემურმა კლიენტმა ვალი დაფარა, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი დამირეკა, თბილად მომიკითხა და ხომ არ შემომივლიო, მკითხა. მე და მარი ერთად წავედით. დღეს ის ჩვენი ოჯახის მოძღვარია. სიტყვაზე უნდა მენდოთ და, ჩემი მარი დღეს სულ სხვა ადამიანია, არ ვიცი, იმ ღამის შეხვედრამ რა გარდატეხა მოახდინა მასზე, მაგრამ მას შემდეგ მისი ეჭვით სავსე თვალები აღარ მინახავს".

ანა ყარალაშვილი