კაცია თუ ბეღურა?.. - კვირის პალიტრა

კაცია თუ ბეღურა?..

ნესტორ ზახარიჩს (ყველა ასე მიმართავდა, ჩვენც ასე დავუძახებთ!) მკაცრი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ერთ-ერთი დიდი საწარმოს ხელმძღვანელობას თავდაუზოგავი შრომით მიაღწია.

სამსახურშიც საკმაოდ პირქუში გახლდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა პატივს სცემდა, რადგან უსამართლოდ არავის დაჩაგრავდა, თან საქმე ბრწყინვალედ იცოდა. ვერ იტანდა ზარმაცსა და უქნარას. როგორც კი წარმოების ტერიტორიაზე ფეხს შედგამდა,  - მოვიდაო, - ელვის სისწრაფით გავრცელდებოდა ხმა და ყველა თავის სამუშაოს დასტრიალებდა თავს.

ორი უფროსი ქალიშვილი ძლივს გაიმეტა გასათხოვებლად. ნაბოლარა, მამის ნებიერი 20 წლის ნატა, დების გათხოვების შემდეგ "შავ დღეში" ჩავარდა. მასაც ჰყავდა შეყვარებული, თანაც, მამის ხელქვეითი. ორი წლის წინ, როცა საწარმოში კარნავალი მოეწყო, ბატონი ნესტორი მთელი ოჯახით მივიდა. თინა და მაია მეუღლეებთან ერთად იყვნენ, ნატამ კი იმ კარნავალზე გაიცნო ნიკა. ბიჭი საღამოს პოლიტექნიკურში სწავლობდა, დღისით კი მუშაობდა. მისი მშობლები იმერეთში ცხოვრობდნენ, ნიკა კი თბილისში, საერთო საცხოვრებელში. ნატა დანახვისთანავე შეუყვარდა, მაგრამ იცოდა, ნესტორ ზახარიჩის ქალიშვილზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. ნიკამ იმღერა, იცეკვა და ნატას ყურადღებაც მიიპყრო... თავი სიზმარში ეგონა, როცა ნატა პაემანზე დათანხმდა. იმ დღიდან ქალ-ვაჟს შორის გაიბა ის სიმები, რომლის "გაწყვეტა" უმკაცრესმა ნესტორ ზახარიჩმაც ვერ შეძლო. ქალ-ვაჟი რაღაც სასწაულს ელოდა, მაგრამ რას - თვითონაც არ იცოდნენ.

ნესტორ ზახარიჩის სახლის წინ ჭადრის ხე იდგა. ნატას უყვარდა აივანზე წიგნის კითხვა. ნიკას გაცნობის შემდეგ წიგნის კითხვაზე რა მოგახსენოთ და, აივანზე ყოფნა განსაკუთრებულად შეუყვარდა... ნიკას ლექციები გვიან უმთავრდებოდა. ნატას უნახავად ვერ ძლებდა. შეყვარებულები პაემანს ხშირად ვერ ახერხებდნენ და ნიკას ისღა დარჩენოდა, გვიან ღამით ჭადარზე აცოცებულიყო (იცოცხლე, ამ საქმეში მარჯვე იყო!) და იქიდან ეცქირა სატრფოსთვის. ლამის თავზე დაათენდებოდა ხოლმე.

შემოდგომის ერთ თბილ და წყნარ ღამეს ჩურჩული შემოესმა ნესტორ ზახარიჩს. ჯერ ეგონა, ნატას ტელევიზორი აქვს ჩართულიო, მერე მიაყურადა და მიხვდა, ხმა გარედან შემოდიოდა. ფარდა ოდნავ გადასწია და - რას ხედავს?! ვიღაც ბიჭი (სახე ვერ გაარჩია) ჭადარზე ამძვრალა და მის უსაყვარლეს ნატუკას ეკურკურება! იმ თავხედის ლამაზ სიტყვებს მისი სულელი ქალიშვილიც პასუხობს. ის ღამე თეთრად გაათენა კაცმა. ფიქრობდა, რა ძნელი ყოფილა გოგონების მამობაო. დილით კი, ნატას გასაგონად ცოლს უთხრა: - ჩვენს ჭადრის ხეს რა დიდი ბეღურა შემოსჩვევია, იმდენი "იჟღურტულა", მთელი ღამე არ დამაძინაო. ნატას ფერმა გადაჰკრა სახეზე. გადაწყვიტა, იმ დღესვე გაეფრთხილებინა ნიკა, მაგრამ ვერ მოახერხა და "ბეღურა" მეორე ღამითაც ესტუმრა ჭადრის ხეს. ნესტორ ზახარიჩი ფხიზლად დაუხვდა "მომხდურს" და სანადირო თოფით აივანზე გამოვარდა. ნატა არ მოელოდა მამის გამოჩენას, ისე დაიბნა, აივნის კუთხეში მიიყუჟა, მაგრამ როცა თოფი გავარდა, ლამის მუხლებში ჩაუვარდა მამას, - არ მოკლა, ჩემი შეყვარებულიაო. საყვარელი ქალიშვილი რომ ასე აცახცახებული დაინახა, მამას გული მოულბა.

ისე, ყოველ შემთხვევისთვის მეორედ დააქუხა თოფი - არ დაგინახო ჭადრის ხეზე ასულიო და ნატას მიუბრუნდა: - კაცია თუ ბეღურა ის შენი გულის სწორი? უთხარი, ამოვიდეს ჩემთან და კაცურად დამელაპაკოსო. ნატას გაუჭირდა, მაგრამ მაინც უთხრა, ვინც იყო "რომეო-ბეღურა". ნესტორ ზახარიჩს, როგორც უკვე გითხარით, ზარმაცები სძულდა, ნიჭიერ ახალგაზრდებს კი პატივს სცემდა და ხელს უწყობდა. სასიძოს ვინაობის შეტყობისთანავე მოლბა, რადგან ნიკა სწორედ ასეთი იყო.

როდესაც ნიკამ გაიგო, რომ დირექტორი-სასიმამრო იბარებდა, გულს შემოეყარა, მაგრამ ნატა იმდენად უყვარდა, მის გამო ცეცხლშიც გადავარდებოდა. სასიძო-სასიმამროს შორის კი ასეთი დიალოგი გაიმართა:

- ყმაწვილო, რას შემომჯდარხარ ხის ტოტზე და ღამღამობით ძილს გვიფრთხობ? კაცურად ვერ უნდა თქვა, რა გაგჭირვებია?

- თქვენი მერიდებოდა. ნატა თქვენი შიშით ვერ მხვდებოდა და რა მექნა? ასეთი "მოკლე გზა" ავირჩიე...

- ჰოდა, კინაღამ სული გაგაფრთხობინე. იცი, რას გეტყვი? ჯერ დაამთავრე და რახან ასე გიყვართ ერთმანეთი, ჯანდაბას, თქვენი თავი, ქორწილს მერე გადაგიხდით, ოღონდ ნატას არსად გავუშვებ, უნდა ჩამესიძო, თუ არადა შენი დაუძინებელი მტერი გავხდები.

- რას ამბობთ, ზახარიჩ, ოღონდ ჩემი მტერი ნუ გახდებით და ჩასიძებაზე უარს როგორ გეტყვით? - ლამის გული ამოუვარდა ნიკას.

რამდენიმე თვის შემდეგ ნიკამ სასწავლებელი დაამთავრა და ნესტორ ზახარიჩმაც პირობა შეასრულა.

ნიკა დღესაც სიმამრთან ცხოვრობს და საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ მკაცრ უფროსთან. ნესტორ ზახარიჩი მისი დირექტორი აღარაა. ის წარმოება წარსულს ჩაჰბარდა. სამაგიეროდ, სიძე-სიმამრმა კერძო ბიზნესი წამოიწყო და საქმეც კარგად ააწყო. სხვათა შორის, ნიკამ უფროს ვაჟიშვილს, რომელიც ახლა 14 წლისაა, ნესტორი დაარქვა, თან ხუმრობს: ჩემს შვილს სიმამრის სახელი მარტო იმისთვის ეკუთვნოდა, რომ მაშინ ხის ტოტზე შემოსკუპებულს სული არ გამაფრთხობინაო.