"ახალი წელი მასთან უნდა გამეტარებინა, მაგრამ სხვას შევხვდი და ..."
25-12-2017
"ახალი წელი მასთან უნდა გამეტარებინა, მაგრამ სხვას შევხვდი და ..."
"უცებ ლიფტმა უცნაურად დაიღრჭიალა და გაჩერდა. მალე გავაცნობიერე, რომ ახალი წლის გატარება ლიფტში უცნობ ადამიანთან ერთად მომიწევდა"

პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც მე და ათუკა ერთად უნდა შევხვედროდით. ასეთი გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და მეც სიხარულით დავთანხმდი. ათუკა სოციალურ ქსელში გავიცანი. მაღალი, სიმპათიური ბიჭი იყო. გემოვნებიანად იცვამდა და როგორც კი დავინახე, მომეწონა. ერთმანეთს ექვსი თვე ვხვდებოდით და ძალიან გამიხარდა, როცა ახალი წლის შეხვედრა მასთან შინ შემომთავაზა.

მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მარტო
ცხოვრობდა. როგორც მარტოხელა კაცს შეეფერება, ბინა არეული ჰქონდა, ამიტომ არ გამკვირვებია, როცა 31 დეკემბერსაც მასთან მისულს იგივე მდგომარეობა დამხვდა - ნივთები და ტანსაცმელი ოთახში ეყარა. მართალია, საგულდაგულოდ გამოპრანჭული ვიყავი, მაგრამ ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე და მაშინვე დალაგებას შევუდექი. ათუკა საყიდლებზე გაიქცა,"არაფრის გამზადება არ გვინდა, უკვე გამზადებულს
ვიყიდიო. ამგვარად, საახალწლო მენიუ ჩემი საზრუნავი არ იყო.

ახალი წელი ყოველთვის მიხაროდა, განსაკუთრებით ახლა, როცა მას საყვარელ ადამიანთან ერთად შევხვდებოდი. თაროები გადავწმინდე, ნივთებს ადგილი მივუჩინე, ტანსაცმელი დავფერთხე და გარდერობში შევაწყვე. მოულოდნელად ჯინსის შარვლის ჯიბიდან ფურცელი გადმოვარდა. როცა დავაკვირდი, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიის ქვითარი იყო. საგონებელში ჩავვარდი, მაგრამ საფუძველი არ მქონდა, რაიმე ცუდი მეფიქრა, ამიტომ იმედი დავიტოვე, რომ ათუკა საახალწლო საჩუქარს მიმზადებდა. მერე ჩანთიდან ათუკასთვის განკუთვნილი ლამაზად შეფუთული საჩუქარი ამოვიღე და პატარა ნაძვის ხის ქვეშ საიმედოდ დავმალე.
როცა ათუკა დაბრუნდა, ყველაფერი კრიალებდა. სანოვაგით დატვირთული მოვიდა, ორი შამპანურის ბოთლი მაგიდაზე დადო და გადამეხვია. არ დავუმალე, რომ უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ვინაიდან ახალი წლის დადგომამდე ორიოდ საათი იყო დარჩენილი, სასწრაფოდ სუფრის გაწყობას შევუდექი. ოთახში მხიარული საახალწლო მუსიკა იღვრებოდა, მაგიდაზე თეფშებს ცეკვა-ცეკვით ვაწყობდი და დროდადრო თვალს ვაპარებდი ათუკასკენ, რომელმაც დანარჩენი საქმე მე გადმომაბარა, თვითონ კი სერიოზული სახით კომპიუტერს მიუჯდა.

გულმა ვერ მომითმინა და ყველაფერი ვიცი-მეთქი, დავაბრეხვე. გაოცებულმა შემომხედა, რა იციო. ვიცი, რომ ჩემთვის საჩუქარი გაქვს-მეთქი. დაიბნა. ვიფიქრე, ახალი წლის დადგომამდე ამის გამჟღავნება არ უნდა და ამიტომ სცადა დამალვა-მეთქი."
- მაჩვენე, რა, - არ მოვეშვი."რა უნდა გაჩვენოო?"მაპატიე, საჩუქრის ყიდვა თავიდან ამომივარდაო. არ ვუჯერებდი და ჩემთვის განკუთვნილ საჩუქარს დაჟინებით მოვითხოვდი. მერე ავდექი და ნაძვის ხის ქვეშიდან მისი საჩუქარი გამოვაძვრინე. აშკარად ესიამოვნა."დამალვას აზრი არა აქვს, ქვითარი ვნახე და ახლა მაჩვენე, რა იყიდე საიუველირო მაღაზიაში-მეთქი, ვუთხარი. აი, მაშინ კი სახეზე ფერი გადაუვიდა. იძულებული გახდა, საჩუქარი გამოეჩინა - ოქროს ძეწკვზე ძალიან ლამაზი ოქროს კულონი ბზინავდა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჩემი საჩუქარი არ იყო, ვინაიდან კულონზე სულ სხვა ჰოროსკოპის ნიშანი იყო გამოსახული. ის ქალწულს ეკუთვნოდა, ჩემი ნიშანი კი ლომი გახლდათ. სიბრაზე და გაურკვევლობა ერთმანეთში აიზილა და იქიდან გამოქცევა მომინდა."

- ეს ჩემი არ არის, - ვუთხარი და თვითონაც, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ ასეთი რეაქცია მექნებოდა. იმასაც მიხვდა, რომ თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა, არ დავუჯერებდი. ვიცი, რომ ათუკას ერთი გოგო უყვარდა, მაგრამ ის დაშორდა და როცა ერთმანეთი გავიცანით, ჯერ კიდევ იმ გრძნობას ებრძოდა, თუმცა მერე მომეჩვენა, რომ ნელ-ნელა გაუარა და ყურადღება მთლიანად ჩემკენ ჰქონდა მომართული.
გული ძალიან მეტკინა. ეს მერამდენედ არ მიმართლებს სიყვარულში-მეთქი, ვფიქრობდი და ვტიროდი. გარდა ამისა, ძალიან მენანებოდა იმ სიხარულით აღსავსე ახალი წლის დათმობა, რომელსაც ერთად უნდა შევხვედროდით."

ნუ წახვალო, ჩაიბურტყუნა, მაგრამ არ მოვუსმინე. ქურთუკი ჩავიცვი, მაგიდიდან ხელსაწმენდები ავიღე და ჯიბეში ჩავიტენე, მერე ჩანთა მხარზე გადავიკიდე, შამპანურის ბოთლს ხელი დავავლე და წამოვედი.
ორი სართული გიჟივით რომ ჩავირბინე, ოდნავ გონს მოვეგე და ლიფტთან ავიტუზე - კიდევ თორმეტი სართულის ფეხით ჩავ­ლას ლიფტის გამოძახება ვამჯობინე. ლიფტის კართან ვიღაც ახალგაზრა იდგა ხელში ყუთით. ლიფტში ერთად შევედით. სანამ ქვემოთ ჩავიდოდით, სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვაკვირდებოდი, ცრემლებისგან თვალებთან მაკიაჟის შავი ლაქები მეტყობოდა და არცთუ სახარბიელოდ გამოვიყურებოდი. უცხო ადამიანთან მეუხერხულა,"რას იფიქრებს-მეთქი, თუმცა თანამგზავრი ყურადღებას არ მაქცევდა. როგორ ჩანს, თავის ფიქრებში იყო გართული.

უცებ ლიფტმა უცნაურად დაიღრჭიალა და გაჩერდა. სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა. როგორც კი გავაცნობიერე, რომ ახალი წლის შეხვედრა ლიფტში მომიწევდა, ღილაკებზე თითის გამალებით დაჭერა და კარზე ბრახუნი ავტეხე. ბიჭიც აყვირდა, მაგრამ უშედეგოდ, ჩვენი არავის ესმოდა. ყველა, ალბათ, სახლში იყო მოკალათებული და თორმეტი საათის დადგომას ელოდა. როცა მივხვდით, რომ ამ ღამეს ლიფტიდან გასვლა არ გვეღირსებოდა, ბედს დავემორჩილეთ. ბიჭმა ყუთი დადო, ქურთუკი გაიხადა, ძირს დააგდო, "აქ მალე დაცხება და ფეხზე დგომითაც დავიღლებითო. რას ვიზამდი, იატაკზე მოვკალათდი. უცბად საკუთარი თავი ძალიან შემეცოდა და ისევ გული ამომიჯდა. ბიჭმა ჩემი დამშვიდება სცადა. როცა ცოტა დავწყნარდი, გამეცნო, ბესო მქვიაო და ხელი ჩამომართვა.

ბესო სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა. იმავე კორპუსის მობინადრე ყოფილა, რომელშიც ჩემი აწ უკვე ყოფილი შეყვარებული ცხოვრობდა. თურმე ათუკას შორიდან იცნობდა. ავდექი და მოვუყევი იმ საღამოს ამბები. იმან თავისი მიამბო. გულახდილი საუბარი გამოგვივიდა. თურმე ბესო მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, შეთავსებით რამდენიმე სამსახურში მუშაობდა და ზოგჯერ ღამღამობით საკუთარი მანქანით ტაქსაობდა კიდეც. ამ საუბარში ვიყავით, რომ თორმეტი საათიც დადგა. როცა გარედან სროლისა და ფეიერვერკის ხმა შემოგვესმა, ორივემ მობილურ ტელეფონებს დავხედეთ. ბესომ ჩემი შამპანური გახსნა. ახალი წლის შემოსვლა დავლოცეთ და აღმოვაჩინე, რომ ყველაფრის მიუხედავად, თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობდი. მერე ბესომ თავისი ყუთი გახსნა და იქიდან ხაჭაპურები ამოიღო. ბებიაჩემთან უნდა გადამეტანაო, მითხრა, ოთხმოცი წლისაა და თვითონ ვეღარ აცხობსო. მშვენიერი ახალი წელი გამოგვივიდა-თქო, ვიცინოდით. მოკლედ, ერთმანეთის გაცნობით ორივე კმაყოფილი ვიყავით.
როცა ხაჭაპური და შამპანური გამოგველია, ქალაქობანას თამაში დავიწყეთ, ესეც რომ მოგვბეზრდა, ანეკდოტების მოყოლა დავიწყეთ, მერე გამოცანებზე გადავედით. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ჩახუტებულებს ჩაგვეძინა. დილის რვა საათზე ლიფტის კარი გაიღო და მეზობლებმა ამ ერთობ საინტერესო მდგომარეობაში გვიპოვეს.

ამ ამბის შემდეგ ჩემი და ბესოს ურთიერთობა გაგრძელდა. ლიფტის კაბინიდან გამოსულები ერთმანეთს უკვე ახლობელ ადამიანებად ვთვლიდით. საუკეთესო ახალი წელი გვქონდა, იმიტომ, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ.
დღეს ბესო ჩემი მეუღლეა, ორი შვილი გვყავს და მესამეს ველოდებით. ჩემი ქმარი ისევ რამდენიმე ადგილას მუშაობს, საღამოობით კი მანქანას ტაქსის ტრაფარეტს ადგამს და გვიანობამდე მგზავრებს დაატარებს. ამ ყველაფერს ჩვენი ოჯახის, ჩვენი პატარების კეთილდღეობისთვის აკეთებს. მე მეტი არაფერი დამრჩენია, რომ ღმერთს მადლობა შევწირო და შვილებს მოვუარო. ამ ახალ წელს საჩუქრად დიდი ტელევიზორი მომიტანა, სანამ მე ვმუშაობ, შენ რომ არ მოიწყინოო.
რაც შეეხება ათუკას... ახლა ის უბრალოდ მეზობელია და როცა შემთხვევით ერთმანეთს ვხვდებით, კეთილ სალამს ვაძლევთ ერთმანეთს.
აი, ასეთი მაგარი ამბებიც ხდება ახალ წელს.

ანა ყარალაშვილი
Irina
01 თებერვალი 2018 23:43
Zgaprebi.kargad.mtavrdeba.raksrgia.
nia
10 იანვარი 2018 17:02
გაბრააზებული, ნაწყენი და სასოწარკვეილი წამოვიდა შეყვარებულისგან და შამპანურის ბოთლი მაინც წაიღო, კაგიტ რააა რა ზრაპარია.ერთ ერთი კინოს სცენარს მაგონებს
qeti
04 იანვარი 2018 14:49
დავიჯერო, ისეთი სადარბაზო იყო, რომ ახალი წლის ღამე ყველამ სახლში გაატარა და ლიფტი დილამდე არავის დასჭირდა? ახალგაზრდები და თინეიჯერები დედიკოებს და ბებიკოებს გვერდში ეჯდენ და ,,голубой огонек"-ს უყურებდნენ? მთელ სადარბაზოს მთელი ღამის განმავლობაში ერთი სტუმარი არ წვევია? ხო, სწორად გამოიცანი, რომანტიკოსი არ ვარ...

რედაქტორის რჩევით