"თავს არ ვუტყდებოდი, რომ ამ ხნის კაცი საავადმყოფოში იმ ექიმის სანახავადაც დავდიოდი"
02-01-2018
"თავს არ ვუტყდებოდი, რომ ამ ხნის კაცი საავადმყოფოში იმ ექიმის სანახავადაც დავდიოდი"
"მხარზე ხელის დადება ვიგრძენი, შემოვტრიალდი და თეთრხალათიანი მომხიბლავი ქალის თვალებს წავაწყდი. მივხვდი, რომ ლუკა გადარჩა. მერე ექიმი დაწვრილებით მომიყვა ოპერაციის შესახებ და ისევ იმ საოცარი ღიმილით დამემშვიდობა"

ალბათ გაგეღიმებათ, ჩემს წერილს რომ წაიკითხავთ. სახელსა და გვარს არ ვუთითებ, რა საჭიროა, უბრალოდ ბოლომდე ჩაიკითხეთ ჩემი ცხოვრების საინტერესო ისტორია... თავიდან დავიწყებ. დედაქალაქში ჩამოვედი, ერთი უბრალო სოფლელი ბიჭი ვიყავი, დიდი შრომა
დამჭირდა, რომ წარმატებული იურისტი გავმხდარიყავი. ეკა უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიცანი. მალე დავქორწინდით და მარიამი შეგვეძინა.
ჩვენმა ქორწინებამ დიდხანს ვერ გასტანა, მერე ეკამ სხვა ოჯახი შექმნა და მარიამიც ჩემთან წამოვიყვანე.

სადილების კეთებასა და ბავშვის მოვლაში მაშინ დავხელოვნდი. სკოლაში რომ მივიდა, გაკვეთილების სწავლაც მასთან ერთად დავიწყე. მოკლედ, მე და ჩემი შვილი საუკეთესო მეგობრები გავხდით, მაშინაც, როცა მარიამი წამოიზარდა და
სტუდენტი გახდა, ყველაფერს მიყვებოდა და მიზიარებდა.

მარიამი დედას დროდადრო აკითხავდა, თუმცა მასთან არასდროს რჩებოდა. დღის განმავლობაში რამდენჯერმე მირეკავდა და მომიკითხავდა.
ერთ დღესაც გამომიცხადა, შეყვარებული უნდა გაგაცნოო, ეს რომ მითხრა, გული თითქოს გამიჩერდა, იმის წარმოდგენაც კი მაშინებდა, რომ მარიამი ჩემგან უნდა წასულიყო. ლუკა თავდაჯერებული სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილი აღმოჩნდა, ყოველი შემთხვევისთვის მაინც დავიწყე მის შესახებ ინფორმაციის მოძიება, როგორც მითხრეს, ძალიან სასიამოვნო მშობლები ჰყოლია, ლუკაზე კი ძვირი ვერავისგან გავიგონე.

მოკლედ, ბოლო კურსზე იყვნენ, როცა დაქორწინდნენ, და მარიამი საცხოვრებლად მეუღლესთან გადავიდა.
სამსახურში იმდენი საქმე იყო, თავის მოსაფხანი დრო არ მრჩებოდა, სახლშიც გვიან ვბრუნდებოდი, მაგრამ ერთ საღამოს საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ სულ მარტო დავრჩი, რომ მას შემდეგ, რაც მარიამის დედას დავცილდი, არასოდეს მიფიქრია პირადი ცხოვრების მოწყობაზე, რომ არასოდეს არც ერთი ქალისკენ არ გამიხედავს და შემრცხვა, ნუთუ ეს იყო ჩემი ცხოვრება? ერთი სიტყვით, მანამდე თუ სამსახურში 7-8 საათამდე ვრჩებოდი, ახლა შუაღამეს კარგა გადასული იყო, შინ რომ ვბრუნდებოდი, და დაღლილი საწოლამდე ძლივს მივდიოდი, დილით კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

წელიწადი არ იყო გასული, ჩემმა გოგომ მახარა,"მალე ბაბუა გახდებიო და ჩემს მარტოობასაც ბოლო მოეღო, ახლა თათოს ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება. მთელ თავისუფალ დროს მასთან ვატარებდი, ვაჭმევდი, ვასეირნებდი, ვაძინებდი, ზუსტად ისე, როგორც წლების წინ დედამისზე ვზრუნავდი.
იმ დღეს აგარაკზე წავედი. იქაურობისთვის მინდოდა მიმეხედა, თან თათოსთვის საქანელას გაკეთებას ვგეგმავდი, საახალწლო არდადეგებზე ბავშვთან ერთად რამდენიმე დღით აგარაკზე ვაპირებდი ყოფნას.

ის იყო, შინ შესვლას და დასვენებას ვაპირებდი, რომ მობილურმა ტელეფონმა დარეკა. კლიენტი მეგონა, მაგრამ მარიამი აღმოჩნდა."სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა, ავად ვარ, ლუკა დილით სამსახურში წავიდა, ერთ საათს წავიმუშავებ, მერე წამლებს გიყიდი და მოვალო. აგერ რამდენიმე საათი გავიდა და არ ჩანს, მობილურიც გამორთული აქვსო.

სასწრაფოდ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ ქალაქამდე ორი საათის გზა მაინც მქონდა გასავლელი და ისღა მოვიფიქრე, რომ ჩემს მარჯვენა ხელსა და დამხმარეს, გიორგის შევეხმიანე და ვთხოვე, ჩემი სიძის სამსახურში მისულიყო და იქნებ რამე გაერკვია. რადგან ლუკას არ იცნობდა, მისი ფოტოსურათი გადავუგზავნე, თავად კი სახლის კარი გამოვიხურე და მანქანა გიჟივით დავქოქე.

ცოტა ხანში გიორგიმ დამირეკა, ლუკას სამსახურთან მივედი, ახლა შევალ და რასაც გავიგებ, შეგატყობინებთო. საჭეს ჩაფრენილს თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, იქნებ რამე შეემთხვა ან იქნებ ჩემს შვილს ატყუებს და ღალატობს-მეთქი. დროდადრო ლუკას ვურეკავდი, თუმცა ამაოდ.
თბილისს რომ მივუახლოვდი და გიორგიც არ შემეხმიანა, ახლა მას დავურეკე. მისი ტელეფონიც გამორთული იყო. აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა, სად წავსულიყავი და საიდან დამეწყო არა მხოლოდ ლუკას, ახლა უკვე გიორგის ძებნა. ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა, მანქანა გავაჩერე და ის იყო, მანქანიდან უნდა გადავსულიყავი, რომ გიორგიმ დამირეკა.

მოკლედ, როგორც მოგვიანებით გავიგე, გიორგის ლუკას სამსახურთან მანქანა რომ დაუყენებია, დაუნახავს ლუკა როგორ გამოვიდა შენობიდან, ამ დროს საიდანღაც ბიჭები გამოჩნდნენ, გაცხარებულები ერთმანეთს ეჩხუბობდნენ, უეცრად ერთ-ერთი ძირს დაეცა და დანარჩენებმა მისი ფეხებით ცემა დაიწყეს.
ლუკა ჯერ დაბნეული მდგარა, მერე უცებ მოჩხუბრებისკენ ყვირილით გაქანებულა,"რა შვრებით, კაცს კლავთო?!
ყველაფერი ისე სწრაფად მომხდარა, რომ გიორგის მანქანიდან გადასვლაც ვერ მოუსწრია, იმ ბიჭებს ძირს დაგდებულისთვის თავი დაუნებებიათ და ახლა ლუკას მისწვდომიან, მერე ვიღაცას ქვა ჩაურტყამს. გიორგის ყვირილზე ყველანი გაქცეულან, "სასწრაფო" რომ მოსულა, უგონოდ მყოფი ლუკა საავადმყოფოში გადაუყვანიათ, გიორგიმაც ბიჭი საოპერაციოში რომ შეიყვანეს, მაშინღა დამირეკა.

გიჟივით გავვარდი საავადმყოფოში. დერეფანში მიტკალივით გაფითრებული გიორგი პატრულის თანამშრომლებს ელაპარაკებოდა.
მარიამს დავურეკე, შენი ქმარი ვიპოვე, სამსახურში ბიჭებთან დაულევია, ცოტას შევაფხიზლებ და სახლში დავბრუნდებით-მეთქი. ჩემმა შვილმა ერთი კი გაიკვირვა, ლუკას ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია, ახლა რა დაემართაო, მაგრამ მერე დაწყნარდა, იცოდა, რომ ჩემთან აღარაფერი გაუჭირდებოდა.
ოპერაცია ორ საათს გაგრძელდა, ეს ორი საათი ჯოჯოხეთად იქცა. რამდენჯერმე ვცადე, რამე გამეგო, ვერავინ მპასუხობდა, ოპერაცია როგორ მიმდინარეობდა. ფანჯრიდან საავადმყოფოს ეზოს გავცქეროდი და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, უნდა გადარჩეს, ამას რომ რამე მოუვიდეს, მარიამს როგორ ვუთხრა-მეთქი.

უცებ მხარზე ხელის დადება ვიგრძენი, შემოვტრიალდი და თეთრხალათიანი მომხიბლავი ქალის თვალებს წავაწყდი.
- თქვენ ლუკას მამა ხართ, არა? - გამიღიმა ქალმა და იმწუთას ვიგრძენი, რომ ლუკა გადარჩა. მერე ექიმმა თავის კაბინეტში შემიყვანა და დაწვრილებით მომიყვა ლუკას ოპერაციის შესახებ, ბოლოს კი ისევ იმ საოცარი ღიმილით დამემშვიდობა.
საავადმყოფოში ყოველდღე მივდიოდი, საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ არა მხოლოდ სიძის სანახავად, არამედ იმ ქალის სანახავადაც დავდიოდი.
მისი სახელი და გვარი ვიცოდი, ახლა ისღა დამრჩენოდა, მის შესახებ დამატებით გამეგო რამე. შევიტყვე, რომ ქმარს გაცილებული იყო და ჩემი მარიამისტოლა ვაჟი ჰყოლია. ერთხანს ისიც ვიფიქრე, თუ თავის დროზე არ მიფიქრია ოჯახის შექმნაზე, ახლა ამ ბაბუა კაცმა ასეთი რამ ფიქრად როგორ გავივლო-მეთქი და საკუთარი თავის შემრცხვა.

ლუკა ორ კვირაში გამოწერეს. იმ საღამოს მარიამისა და ლუკას მეგობრები გვეწვივნენ, როგორც ჩანს, ღვინო მომეკიდა და ლუკას გავენდე, შენი ქირურგი მომეწონა-მეთქი.

გამოხდა ხანი და მარიამმა აიჩემა, იქნებ ყველანი აგარაკზე რამდენიმე დღით წავიდეთო. სიხარულით დავთანხმდი. ცოლ-ქმარი და ბავშვი ჩემზე ადრე წავიდნენ, მე სასამართლო პროცესი მქონდა და იცოდნენ, რომ შემაგვიანდებოდა.
ბინდდებოდა ეზოში რომ შევედი. მეუცხოვა, ლუკას მანქანასთან უცხო მანქანა რომ შევნიშნე. ალბათ, რომელიმე მეგობარიც წამოჰყვათ-მეთქი, გავიფიქრე და კარი შევაღე. ლამაზად გაწყობილ სუფრასან ჩემი მარიამი და ლუკა ისხდნენ და კიდევ ის ქალი, ლუკას ქირურგი. ისევ იმ ულამაზესი ღიმილით მომჩერებოდა, როგორც მაშინ საავადმყოფოში.
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მისი სტუმრობა ჩემი ქალიშვილისა და სიძის დამსახურება იყო. პირველად სტუდენტობაში ვიგრძენი, მარიამის დედის დანახვაზე გულში სითბო როგორ ჩამეღვარა და ახლა მეორედ - მის დანახვაზე.
მერე როგორ განვითარდა მოვლენები? ძალიან კარგად, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა!

ანა ყარალაშვილი


რედაქტორის რჩევით