"ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ საყვარელ ქალს ვკარგავდი"
"ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ საყვარელ ქალს ვკარგავდი"
"მერე ყველაფერი როგორღაც სპონტანურად მოხდა. ვერ მოვიტყუები, მასთან სიახლოვე საოცრად მსიამოვნებდა. ორივეს გონება ვნებამ დაგვიბნელა. როცა აზრზე მოვედი, სირცხვილმა ამიტანა. ისღა მოვახერხე, რომ ლიკას სასწრაფოდ გამოვემშვიდობე და ოთახიდან გიჟივით გავვარდი"

ეს ამბავი თავს შარშან გადამხდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი რამ დამემართებოდა.

რაც ნუცა ცოლად შევირთე, გვერდზე არ გამიხედავს. არცაა გასაკვირი, ვინაიდან დიდი სიყვარულით დავქორწინდით.
თანაკლასელები ვიყავით. პირველი კლასიდანვე მისი საოცარი ღიმილით მოვიხიბლე, თან ძალიან გემოვნებიანი გოგო იყო, ეს დედაჩემმაც კი აღნიშნა. უკვე უფროსკლასელები ვიყავით, როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით.

თავდაპირველად ერთმანეთს ფარულად ვხვდებოდით, მერე ეს ამბავი ჩვენმა მშობლებმაც გაიგეს. ჩვენი ურთიერთობის საწინააღმდეგო არავის არაფერი ჰქონდა, უბრალოდ ჩვენი ნაადრევი დაქორწინება არ უნდოდათ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი გავიტანეთ და სკოლის დამთავრებისთანავე
დავქორწინდით.

ახალგაზრდა და თანამედროვეობას ფეხაყოლილი დედა მყავდა, ამიტომ ნუცასთან საერთო ენა უცბად გამოძებნა. მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ იყო, მამაჩემმა ჩვენი სახლის ახლოს ოროთახიანი ბინა გვიყიდა, გაგვირემონტა და ჩაგვაბარა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამგვარად, ცალკე ცხოვრება დავიწყეთ. შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. ორივე უმაღლეს სასწავლებელში ვსწავლობდით, მე სწავლას მუშაობასაც ვუთავსებდი და თავის მოსაფხანი დროც კი არ მრჩებოდა. საღამოობით ნუცა გემრიელ ვახშამს მახვედრებდა, ერთად ვვახშმობდით, ერთმანეთს დღის ამბებს ვუზიარებდით და ძილის წინ რომელიმე კომედიასაც ვუყურებდით.
ზოგჯერ სამსახურის გამო დილით ადრიანად ადგომა მიწევდა, ნუცას კი ძილი უყვარდა. დილის რვა საათი იქნებოდა, როცა ჩემი ბინიდან გამოვედი და...

...ვიღაც ქალი თავისი ბინის კარს კეტავდა. ძალიან ლამაზი იყო, ხელში ლეკვი ჰყავდა, როგორც ჩანს, მის გასეირნებას აპირებდა. თავაზიანად მომესალმა, მეც იმავეთი ვუპასუხე.
მერე ლიფტშიც ერთად შევედით. გამეცნო, თქვენი ახალი მეზობელი ვარო. ლიკა ერქვა და ძალიან ლამაზი ლურჯი თვალები ჰქონდა. ჩემზე უფროსი უნდა ყოფილიყო.

საღამოს, როცა შინ დავბრუნდი, რატომღაც ეს ამბავი ნუცას მოვუყევი და გულახდილად აღვნიშნე, ერთობ სიმპათიური ქალია-მეთქი. ნუცამ ღიმილით თითი დამიქნია, ჭკვიანად იყავიო. მეც გავუცინე, ეს იყო და ეს.
ლიკა მომდევნო დღეებშიც შემხვდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა ადრიანად სამსახურში მივიჩქაროდი. თავიდან ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ "მისალმებით შემოიფარგლებოდა. უცნაური რამ დ=ამემართა, სახლიდან გამოსული თვალებს ვაცეცებდი და იმ ქალს ვეძებდი.

ზამთარი იყო და გვარიანად ყინავდა. სამსახურში უფროსთან შელაპარაკება მომივიდა და სამსახურიდან დამითხოვა. ძალიან გაღიზიანებული და განერვიულებული შინ წამოვედი. გზად კინაღამ ავტოავარია მოვახდინე. მთელი გზა ვიკურთხებოდი და თან უკვე ახალი სამსახურის შოვნის სირთულეზე ვფიქრობდი. როცა შინ მოვედი, კარი არავინ გამიღო. როგორც ჩანს, ნუცას მოსვლა აგვიანდებოდა, ჯიბეში დიდ­ხანს ვიქექე, მაგრამ გასაღები ვერ ვიპოვე.
ერთხანს კართან ვიდექი და მეუღლის დაბრუნებას ველოდი. ცოტა ხანში ძალიან შემცივდა და ის იყო, ეზოში ჩასვლა და მანქანაში ჩაჯდომა გადავწყვიტე, რომ ლიფტის კარი გაიღო და ჩემი ლამაზი მეზობელი გამოვიდა, ლურჯი თვალები მომანათა და რაშია საქმეო, მკითხა. გასაღები დავკარგე, ნუცას ველოდები და იმედია, მალე მოვა-მეთქი. მანამდე კართან ხომ არ დადგები, ჩემთან შემოდიო და ბინაში შემიპატიჟა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, უარი ვუთხარი, მანქანაში მოვიცდი ან ჩემებთან გადავალ-მეთქი. არ მომეშვა, სად უნდა იაროთ, უცხოები ხომ არ ვართო. მეც ბინაში შევყევი.

შესვლისთანავე მისი ლეკვი ყეფით შემომეგება. ლიკამ ხელში აიყვანა, მოეფერა და დააწყნარა. სამზარეულოში დავსხედით. ყავას ვსვამდი და თან ვფიქრობდი, რომ ნუცას ეს ამბავი არ მოეწონებოდა.
ლიკა სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. ორი ქალიშვილი ჰყოლია, საზღვარგარეთ სწავლობდნენ. მეუღლე დიდი ხნის წინ დაღუპვია და მას მერე გათხოვებაზე აღარ უფიქრია. შვილებზე დიდი სიყვარულით ლაპარაკობდა.
მერე ჩემი ამბავიც იკითხა. ჩემი და ნუცას ამბავი მოკლედ ვუამბე. შემატყო, რომ ხასიათზე ვერ ვიყავი და ცხელ გულზე სამსახურის ამბავსაც მოვუყევი. საძინებელში გავიდა და ცოტა ხანში ტაროს კარტით დაბრუნდა, მაგიდაზე გაშალა და მკითხაობა დაიწყო. არ ვიცი, ეს დამთხვევა იყო თუ მართლა იდუმალი ნიჭი ჰქონდა, მაგრამ ბევრი რამით გამაოცა და თითქოს დამამშვიდა კიდეც. მასთან საუბრით ისე გავერთე, ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩამოღამდა. მივხვდი, რომ ნუცა უკვე შინ იქნებოდა და ლიკას გამოვემშვიდობე. თუკი რაიმე პრობლემა გექნება, მოდიო, მითხრა.

ნუცას ლიკას შესახებ დაწვრილებით ვუამბე, შევატყვე, არ ესიამოვნა, მაგრამ მერე მეც გამაცანიო, მთხოვა.
ასეც მოვიქეცი, მეორე დღეს მე და ნუცა ლიკას ვესტუმრეთ. გაუხარდა, ყავითა და შოკოლადით გაგვიმასპინძლდა და ახლა ნუცას გაუშალა ტაროს კარტი. იქიდან რომ გამოვედით, ნუცა დამშვიდებული და კმაყოფილი ჩანდა. ლიკამ ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ მასზე დადებითი შთაბეჭდილება მოეხდინა.

30 დეკემბერი იყო. ნუცა საახალწლო საჩუქრების საყიდლად წავიდა. ტელევიზორის ყურებაში ჩამთვლიმა, როცა კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა. ნუცა მეგონა, მაგრამ ლიკა აღმოჩნდა, ხელში გოზინაყიანი თეფშით, ახლა გავაკეთე და გიწილადეთო. მადლობა გადავუხადე, მაგრამ შინ ვერ შემოვიპატიჟე, ისევ ის ვიფიქრე, ნუცას არ ესიამოვნება-მეთქი. ერთხანს ზღურბლთან შეყოვნდა, მერე მიტრიალდა და წავიდა.
როცა მოსაღამოვდა, ნუცამ დამირეკა, ცოტა მაგვიანდებაო. არ ვიცი, რატომ, ეტყობა, ცოტა მოვიწყინე და ლიკასთან შესვლა გადავწყვიტე. კარი რომ გააღო, ცოტა დავიბენი. სააბაზანოდან ახალი გამოსული ჩანდა, ლურჯი ხალათი და სველი თმა ჰქონდა. მოვუბოდიშე და უკან გაბრუნება დავაპირე, მაგრამ გამაჩერა.

ჩემს დანახვაზე გამხიარულდა, შამპანურიც შემომთავაზა. მეც სავარძელში მოვკალათდი და სიგარეტი გავაბოლე, მერე ყველაფერი როგორღაც სპონტანურად მოხდა. ვერ მოვიტყუები, მასთან სიახლოვე საოცრად მსიამოვნებდა. ორივეს გონება ვნებამ დაგვიბნელა. როცა აზრზე მოვედი, სირცხვილმა ამიტანა. ისღა მოვახერხე, რომ ლიკას სასწრაფოდ გამოვემშვიდობე და ოთახიდან გიჟივით გავვარდი.
ნუცა გვიან მოვიდა. დაღლილი ჩანდა. მკაცრად ვკითხე დაგვიანების მიზეზი. დედაშენი გახდა ცუდად და იქ ვიყავიო, გულწრფელად მიპასუხა,"შენი განერვიულება არ მინდოდაო,"დასძინა, სანამ მორიგ კითხვას დავუსვამდი. თურმე, სანამ მე ლიკას ალერსში ვიყავი გართული, ნუცა დედაჩემს ასულიერებდა. ნუცა გვერდით მოვიწვინე და მაგრად ჩავიხუტე, თავი მხარზე დამადო და ჩაეძინა. დილით ადრიანად ადგა და სამზადისს შეუდგა. მე ჯერ ისევ ვიწექი, როცა დედაჩემმა დამირეკა და სულ დაწვრილებით მიამბო, წინა საღამოს ნუცამ როგორ მოუარა. ბედნიერი ყოფილხარ, შვილო, ღმერთმა ასეთი მეუღლე რომ გაჩუქაო. გული ამიჩუყდა, სინანულმა დამრია ხელი და საკუთარ თავზე გავბრაზდი.
ნუცა მიყვარდა და მისი მოტყუება არ მინდოდა. როცა ოთახში შემოვიდა, თვალცრემლიანს წამაწყდა. შეეშინდა და კითხვები დამაყარა, მე კი ბალიშს ჩახუტებული ვდუმდი.
მერე ვიფიქრე, რაც იქნება, იქნება-მეთქი და სიმართლე ვუთხარი. ყურადღებით მისმენდა და ვხედავდი, როგორ ევსებოდა თვალები ცრემლით.

მე ვუბოდიშებდი და პატიებას ვთხოვდი, ვეუბნებოდი, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს. ოთახიდან ისე გავიდა, არაფერი უთქვამს. განაჩენის მოლოდინში დაძაბული ვიყავი. მერე ქურთუკი ჩაიცვა, გავისეირნებო, მითხრა და წავიდა.
კარგად შებინდებული იყო, შინ რომ დაბრუნდა, მე კი ადგილს ვერ ვპოულობდი. როგორ არ მინდოდა, ჩემი წინდაუხედაობის და სისულელის გამო ახალ წელს უმისოდ შევხვედროდი, ეს კიდევ არაფერი, ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ საყვარელ ქალს ვკარგავდი. სამზარეულოში მაგიდასთან ვიჯექი და მერამდენე სიგარეტს ვეწეოდი. ის იყო წამოვდექი რომ ოთახში შემოვიდა, მიტკალივით თეთრი ფერი ედო სახეზე, მაგრამ საოცრად მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა. ნუცა იმწუთას თუ გამიღიმებდა ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო, მერე მომიახლოვდა, ბოდიში, რომ გალოდინეო, მითხრა და მომეხვია. მოულოდნელობისგან გავშრი. მივხვდი, რომ მაპატია."
ბინა გავყიდოთ და სხვაგან ვიყიდოთ-მეთქი, შევთავაზე, დარწმუნებული ვიყავი, ლიკას დანახვა აღარ უნდოდა.
ღამის თორმეტ საათზე საჩუქარი მივართვი, ნუცამ კი საჩუქართან ერთად ფეხმძიმობაც მახარა. ბედნიერებისაგან პატარა ბიჭივით დავხტოდი და ვყვიროდი. მერე ნუცა ხელში ავიყვანე და მის ლამაზ ცრემლიან თვალებს ვკოცნიდი. იმწუთას არ მეგულებოდა ჩემზე უფრო ბედნიერი ადამიანი.

ლიკა არც ახალ წელს და არც მომდევნო დღეებში არ გამოჩენილა. არ ვიცი, გულში რა ჰქონდა, რა უნდოდა, ან წუთიერ ვნებას რატომ აჰყვა, მაგრამ ვფიქრობ, მასაც ქენჯნიდა სინდისი. როგორც მოგვიანებით გავიგე, ის ბინა ნაქირავები ჰქონია. ისე ჩააბარა პატრონს და ისე წავიდა, არ დაგვმშვიდობებია. მას შემდეგ მისი ასავალ-დასავალი აღარ გაგვიგია.

ანა ყარალაშვილი
ნინო
11 მარტი 2018 14:43
კიდევ კარგი ცოლმა არ უღალაღა თორემ მას ხომ ჩაქოლავდნენ უბედურს, ასეა, როგორც წესი კაცს ყოველთვის ყველაფერი ეპატიება, ამიტომ ხომ არ დავანგრევთ ოჯახებს ნაგავი კაცების გულისთვის.
liza
20 იანვარი 2018 19:48
სიმარტლე რომ უტხრა იმიტომ აპატია რომ მოეტყუებინა და დაემალა ასე ადვილად არ აპატიებდა . ასე რომ ყველამ გაიტვალისწინეტ მწარე სიმარტლე ჯობია ტკბილ ტყუიოლს
nunuj
15 იანვარი 2018 09:45
წუთიერი დაუფიქრებელი შეცდომა....ყოჩაღ ნუცა.. სიყვარულმა გაიმარჯვა..ნეტა ასე დასრულდეს ყველასთან ასეთი გაუგებრობები..
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები