ჩემი ტკბილი მოხუცები
ჩემი ტკბილი მოხუცები
"საავადმყოფოში მისულმა დერეფანში ჯემალი შენიშნა, მოხუცს თავი ხელებში ჩაერგო, ტასოს მოეჩვენა, რომ კაცი ტიროდა. ბერიკაცო, შინ არ წავიდეთო, ისე ტკბილად უთხრა, რომ ჯემალს მოულოდნელობისგან გული აუჩქარდა, მერე ტასომ ხელი ჩასჭიდა და მოხუცი სახლში წაიყვანა"

მე და იკამ ახალ ბინაში გადასვლის აღსანიშნავად წვეულების გამართვა და მეგობრების დაპატიჟება დავგეგმეთ. დილიდანვე სამზარეულოში ფუსფუსს შევუდექი, იკაც შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა. საღამოს სტუმრებიც მოვიდნენ, ვიცინეთ, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, მოკლედ, გვარიანად მოვილხინეთ.

ის იყო, დაშლას ვაპირებდით, რომ კარზე ზარის
ხმა გაისმა, ვიღაც დაჟინებით არ იღებდა ხელს ღილაკიდან. შეშინებულმა გავაღე კარი. ხანში შესული, ჭაღარა, ჩია ტანის ქალი იყო, სახე სიბრაზისაგან წამონთებოდა, აღარ უნდა გაჩერდეთ, თქვენმა ხმაურმა ძალიან შემაწუხაო. მოვუბოდიშე, ვწუხვარ, თუ დისკომფორტი შეგიქმენით, სტუმრები უკვე მიდიან და ვეცდებით სხვა დროს უფრო ჩუმად ვიყო-მეთქი. ასე კი
ვუთხარი, მაგრამ იმწუთას ძალიან მინდოდა მოხუცისთვის მეთქვა, ახალგაზრდა არასდროს ყოფილხარ-მეთქი? იკაც გაბრაზდა, ახლა ამას უნდა ვუგოროთ კოჭიო... მოკლედ, ქეიფი მალე დავასრულეთ.

დილაადრიან იკა სამსახურში წავიდა, მე ძილი გავაგრძელე, მაგრამ კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა. ისევ დაჟინებით რეკავდა ვიღაც. ნამძინარევმა და უკმაყოფილომ გავაღე და ისევ ჩემი მეზობელი მოხუცი ქალი არ შემრჩა? დამტკბარი ჩანდა. ხელში ნამცხვრით სავსე თეფში ეკავა. დილა მშვიდობისაო, მომესალმა და თეფში გამომიწოდა. ნაძალადევად გავუღიმე, ძღვენი გამოვართვი და დავემშვიდობე. მასთან დაახლოების სურვილი მაინცდამაინც არ გამჩენია, მით უმეტეს, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა არცთუ ისე სასიამოვნო იყო.

როგორც მოგვიანებით გავიგე, ჩემს მეზობელს ტასო რქმევია, ნამცხვრებს აცხობდა, ახლომდებარე მაღაზიებში აბარებდა და თავს ამით ირჩენდა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ხელდამშვენებულმა მომაკითხა და სახლშიც შემოვიდა, იქაურობა დაათვალიერა. საოცრად ცნობისმოყვარე ქალი ჩანდა, ოთახიდან ოთახში კუს ნაბიჯებით დადიოდა და ათას კითხვას მისვამდა.
მერე ტასო აღარ გამოჩენილა.

ერთხელ, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, ჩვენს სადარბაზოსთან სასწრაფო დახმარების მანქანა შევნიშნე. როდესაც ჩემს სართულზე ავედი, ზუსტად იმ დროს ტასოს ბინიდან მოხუცმა კაცმა ექიმები გამოაცილა და ენის ბორძიკით დაემშვიდობა. მივესალმე და ტასოს ამბავი ვკითხე. პასუხის გაცემა გაუჭირდა, მივხვდი, რომ მეტყველება უჭირდა. როგორღაც გამაგებინა, ტასოს მაღალი წნევა აქვსო. მოწიწებით ვთხოვე, შემოვალ-მეთქი. გამიღიმა და წინ გამიძღვა.

ისეთი ბინა ჰქონდათ, რომ იგრძნობა, მოხუცები რომ ცხოვრობენ, სპეციფიკური სუნითა და ძველისძველი ნივთებით. ტასო იწვა, საოცრად ფერმკრთალი იყო. რომ დამინახა, ღიმილმა გადაურბინა სახეზე, წამოჯდომა სცადა. წნევამ ამიწია და თავი ძალიან ცუდად ვიგრძენიო.
ცოტა ხანში მომჯობინდა, წამოდგა, ხალათი მოიცვა და სუფრა გააწყო, ჩაი დავლიოთო. ისეთი ბედნიერი ჩანდა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არავინ არასდროს სტუმრობდა. მერე თავისი ნახელავი ნამცხვრებიც გამოალაგა. როცა ჩაის დალევას მოვრჩით, ტასოს მეუღლემ მომიბოდიშა და საძინებელში გავიდა. ამასობაში იკამ რამდენჯერმე დამირეკა, შინ მოსვლა აგვიანდებოდა და მეც სტუმრად ყოფნა ვამჯობინე, მით უმეტეს, რომ ტასო ძალიან გახარებული იყო."

ჯემალს ლაპარაკი უჭირსო, შემომჩივლა ტასომ, ინსულტი ფეხზე გადაიტანაო. მერე კარგად მოკალათდა და თავის და ჯემალის ამბავს მოჰყვა.
ტასო და ჯემალი ასაკოვნები შეუღლებულან. ქალი სკოლაში მუშაობდა. ჯერ მათემატიკის პედაგოგი იყო, მერე სასწავლო ნაწილი და როგორღაც პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოიცალა. როცა მშობლები დაეღუპა და სულ მარტო დარჩა, ამაზე მხოლოდ გვიან ჩაფიქრდა, თუმცაღა იმასაც ხვდებოდა, რომ მის ასაკში ოჯახის შექმნა ძნელი იქნებოდა. მერე და მერე მარტოობას შეეგუა. პენსიაზე რომ გავიდა, ნამცხვრების ცხობა დაიწყო.
ერთ დღესაც ჯემალი გაიცნო - ეზოში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. მას მერე უნებლიეთ კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ. ბოლოს ისე დაახლოვდნენ, რომ ერთმანეთს მთელი დღის ამბებსაც კი უყვებოდნენ. ჯემალი ადრე დაქვრივებულა, მეუღლისგან ორი შვილი დარჩენია, რომლებიც მარტომ გაზარდა. მერე გოგო გაათხოვა, ბიჭმა კი ქუჩაში დგომას მოუხშირა. დიდხანს სდია მამამ, ყველაფერს ეცადა, რომ შვილი გზას არ ასცდენოდა, მაგრამ ამაოდ. ბიჭი ცუდ გარემოცვაში მოხვდა, მერე კი გალოთდა. ძალიან ხშირად მათი სახლიდან ჩხუბის ხმა გამოდიოდა, მთვრალი შვილი მამას გამუდმებით ფულს სთხოვდა და როცა სასურველს ვერ იღებდა, ნივთების ლეწვაზე გადადიოდა.
მერე ჯემალის ბიჭმა ყველა სიკეთესთან ერთად სამორინეში სიარულსაც მოუხშირა, თუკი რამ შემორჩენოდათ, ყველაფერი გაყიდა და ბოლოს მამას ბინის გაყიდვაც მოსთხოვა. ჯემალს ელდა ეცა, იცოდა თავისი შვილის ამბავი, მისი გადამკიდე რომ ქუჩაში ცხოვრება მოუწევდა.

თავდაპირველად შვილს სასტიკი უარი უთხრა, მაგრამ ის არ მოეშვა. მოხუცს ისიც კი უთხრა, ღირსი ხარ, მოხუცთა სახლში ჩაგაბაროო.
იმ საღამოს ჯემალს ბევრი უტირია... რამდენიმე დღის შემდეგ სახლში მევალეებმაც მიაკითხეს და მამა-შვილს დაემუქრნენ. საბრალო მოხუცს ისღა დარჩენოდა, ბინა გაეყიდა. ვალები გაისტუმრეს, დარჩენილი თანხით კი ბედოვლათმა შვილმა ისევ სამორინეს მიაშურა. მოკლედ, მალე ისევ უსახსროდ დარჩნენ. ჯემალმა იტალიურ ეზოში იაფად სარდაფი იქირავა, თუმცა იმ მცირე თანხის გადახდაც გაუჭირდათ. რამდენიმე თვის შემდეგ მოულოდნელად ჯემალს ვაჟი დაეღუპა. ამ ამბავმა ტასოს ყურამდეც მიაღწია და მეგობრის სანუგეშებლად მივიდა. ყველას ეცოდებოდა ჯემალი, მაგრამ თავისთან არავის მიჰყავდა. ქალიშვილმაც უგანა მამას, ჩემი ქმარი არ მომცემს შენი მიყვანის უფლებასო. მხოლოდ ერთმა შორეულმა ნათესავმა შესთავაზა მოხუცს, ჩვენთან წამოდი სოფელში, მარტო მაინც არ იქნებიო.
ერთი კვირა ტასო ჯემალს აკითხავდა, ეხმარებოდა, როგორც შეეძლო. მერე ისევ თავის ყოველდღიურობას დაუბრუნდა, ხშირად ვეღარ მიდიოდა მის სანახავად, სიარულიც უჭირდა.
ერთ დღეს მაღაზიიდან ბრუნდებოდა, როდესაც მეზობელი შეხვდა და ჯემალის ავადმყოფობის ამბავი ამცნო. ინსულტი დაემართა, მთელი დღე ეზოში რომ არ გამოჩნდა, მეზობლის ბიჭი დაეჭვებულა, ცუდად ხომ არ არისო და სარდაფში ჩასულა. თურმე მოხუცი იატაკზე გონდაკარგული ეგდო.

იმ დღიდან ტასომ ჯემალის მოვლა-პატრონობა ითავა, ყოველდღე აკითხავდა. ერთხელ, როდესაც მეგობრის სანახავად მივიდა, პალატაში უცხო ქალი და კაცი დახვდა. როგორც მათი საუბრიდან მივხვდი, ჯემალის ქალიშვილი და სიძე იყვნენო. ჯემალს რამდენიმე თვის ქირა გადაუხდელი ჰქონდა და მეპატრონემ სარდაფის დაცლა მოითხოვა, ქალიშვილსაც სწორედ ის ადარდებდა, უბინაოდ დარჩენილი მამა თავისთან როგორ უნდა წაეყვანა. ტასომ გარკვევით გაიგონა, ქალიშვილი როგორ ეუბნებოდა ჯემალს, მოხუცთა თავშესაფარში გამოგიძებნი ადგილსო.
გაბრაზებულმა ტასომ იქაურობა ჩუმად დატოვა.

და აი, საავადმყოფოდან გაწერის დღეც დადგა, ღამით ტასოს თვალი არ მოუხუჭავს, სულ ჯემალზე ფიქრობდა, სად უნდა წასულიყო ავადმყოფი მოხუცი, სარდაფის კარიც რომ აუჭედა მფლობელმა და ნივთები ეზოში გამოუყარა.
ინათა თუ არა, საძინებლის დალაგებას შეუდგა, კარგა ხანს მოუნდა მის მოწყობას, მილაგებას რომ მორჩა, სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა, ქუჩაში ხომ არ დავაგდებ ბერიკაცსო, ჩაილაპარაკა და სახლიდან გავიდა.
საავადმყოფოში მისულმა დერეფანში ჯემალი შენიშნა, მოხუცს თავი ხელებში ჩაერგო, ტასოს მოეჩვენა, რომ ტიროდა. ქალი გვერდით მიუჯდა და ბერიკაცო, შინ არ წავიდეთო, ისე ტკბილად უთხრა, რომ ჯემალს მოულოდნელობისგან გული აუჩქარდა, მერე ტასომ ხელკავი გაუყარა და სახლში წამოიყვანა.

ტასოს ნათესავების გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. ათასი კითხვა დააყარეს, მაგრამ ქალმა არც ერთზე პასუხი არ გასცა.
მას შემდეგ მოხუცები ერთად ცხოვრობენ. ჯემალს სიარული უფრო მეტად უჭირს, ამიტომ საგარეო საქმეებს ტასო აგვარებს. საღამოობით ტელევიზორს უყურებენ, ჩაისა და ნამცხვარს მიირთმევენ და ერთმანეთს ახალგაზრდობის ამბებს უყვებიან.
გვიანი იყო, როცა იკამ დამირეკა, გასაღები სახლში დამრჩენია, დროზე მოდი, თორემ ქუჩაში დავრჩებიო და მეც მოხუცებს გულთბილად დავემშვიდობე.

იმ საღამოს იკას ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. არაფერი უთქვამს, ერთი პირობა ისიც ვიფიქრე, მოხუცების ამბავმა არ დააინტერესა-მეთქი.
მეორე დღეს იკამ სამსახურიდან დაიგვიანა, რამდენჯერმე დავურეკე და რომ არ მიპასუხა, შევშფოთდი, ის იყო, კიდევ დავურეკე, რომ ტელეფონი აიღო, ტასოსთან შემოდი, აქა ვარო. გაოცებულმა სწრაფად ჩავიცვი, მეზობელთან გავქანდი და რაც იქ ვნახე... იკა მოხუცებთან ერთად სამზარეულოში იჯდა. ტასომ, ჩაიდანი დავადგი, ახლა იკას მორთმეული სანოვაგით ვივახშმოთო. მოკლედ, ტასოსა და ჯემალთან გვიანობამდე დავრჩით.

ასეთი ტკბილი მოხუცები არასდროს მინახავს. ახლა ჩვენი დილა ასე იწყება - იკა სამსახურში წასვლამდე მოხუცებს შეუვლის ხოლმე. თითქმის ყოველ საღამოს მოხუცები ან ჩვენთან არიან, ან ჩვენ ვართ მათთან. პატარას ველოდებით და რომ იცოდეთ, რა ბედნიერები არიან ჩვენი მოხუცები, რამდენიმე თვეში ხომ ბებია-ბაბუა უნდა გახდნენ.

ანა ყარალაშვილი
უცნობი რძალი
07 თებერვალი 2018 12:44
ადამიანი თუ ბერდება ტკბილად უნდა დაბერდეს....მთელი ცხვორება ტკბილ მოხუცებზე ვგიჟდებოდი, მხოლოდ თბილ და ტკბილ სიტყვებს რომ ამბობენ, ახალგაზრდებს ღიმილით უყურებენ, მათი კარგი უხარიათ და გზას და მომავალს ულოცავენ.... მაგრამ ისეთი მაჩვენა ღმერთმა დაბერების მეშინია, მეც ღმერთი არ გამიწყრეს.... ჩემმა დედამთილმა ერთხელ მითხრა ახალგაზრდას რომ ვუყურებ გული მისკდება, რომ მე დავბერდი და მას ჯერ ყველაფერი წინ აქვსო, ჩემი მამამთილისგან უხამსი სიტყვების და სიბინძურის მეტი არაფერი გამიგია და მინახავს.....
Irina
01 თებერვალი 2018 12:51
Ufalma.daglocot.da gagaxaros.eseti.siyvarulis.da siketistvis.
gavazeli
23 იანვარი 2018 14:23
თქვე დალოცვილებო, თუ იგონებთ, ასეთი კეთილი ამბები მაინც მოიგონეთ და დაწერეთ. გული გაუთბეთ მკითხველს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები