შურისძიებით დაბრმავებულის დაგვიანებული აღსარება - კვირის პალიტრა

შურისძიებით დაბრმავებულის დაგვიანებული აღსარება

ზურგს უკან სწორედ ის ქალი იჯდა, სასამართლოზე უსირცხვილოდ რომ დასდო ბრალი

კაცი დიდხანს იყო გახევებული, მერე გონს მოეგო და წერილს ცეცხლი წაუკიდა...

ყველას უჭირდა იმის დაჯერება, რასაც დიმიტრის აბრალებდა მისი მოსწავლე გოგონა - არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის 8 წელი მიუსაჯეს. საცოლეს ციხიდან მისწერა, - არ დამელოდოო. ნინოს, მართალია, არ უნდოდა იმის დაჯერება, რასაც მის საქმროს აბრალებდნენ, მაგრამ დიმიტრიმ ვერაფრით დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა, ამ სამარცხვინო ლაქას ვეღარასოდეს მოიშორებდა და ნინოც გათხოვდა...

სასჯელის მოხდის შემდეგ დიმიტრის უჭირდა თავის რაიონში გაჩერება, მაგრამ წასასვლელიც არსად ჰქონდა. ამასობაში ბათუმიდან ძველმა მეგობარმა შემოუთვალა, - ჩამოდი და სამსახურსაც გაშოვნინებო. იცოდა, ადვილი არ იქნებოდა 40 წლის ასაკში ცხოვრების თავიდან დაწყება, მაგრამ უნდა დაეწყო. და დიმიტრი შეუდგა ახალ ცხოვრებას. მერე ელენე გამოჩნდა. ქმარს გაყრილი იყო.  შეუღლებამდე ქალმა არ დაუმალა სიმართლე:

თურმე, ერთმა თავზე ხელაღებულმა ბიჭმა მოიტაცა. ორ წელიწადში გაეყარა ქმარს. ჯემალს აუტანელი ხასიათი აღმოაჩნდა, სიმთვრალეში სასტიკად სცემდა ცოლს. მშობლებთან დაბრუნებული ელენე შიშით ქუჩაში გასვლას ვერ ბედავდა, იცოდა, ჯემალი რაიმე უბედურებას გადაჰყრიდა. მართლაც, არაერთხელ მოუვარდა შინ ცოლყოფილს.

მერე ჯემალი ჩხუბის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს.

მართალია, ელენეს ცხოვრება დამშვიდდა, მაგრამ პირველი ქორწინებით ისე იყო შეშინებული და დაზაფრული, მეორედ გათხოვებას ვერავინ უხსენებდა. 35 წლის იყო, დიმიტრი რომ გაიცნო. მოეწონათ ერთმანეთი, იმან თავისი უამბო, ამან - თავისი და გაუგეს ერთმანეთს. ერთ წელიწადში ვაჟი შეეძინათ, ერეკლე დაარქვეს.

KvirisPalitra.Geერთხელ, დიმიტრის მეგობარმა, გიორგიმ დაბადების დღე რესტორანში გადაიხადა. რესტორანში ხალხმრავლობა იყო. დიმიტრი და ელენეც იქ იყვნენ, მეგობრებთან მხიარულობდნენ.   უცებ დიმიტრიმ ქალის დაჟინებული მზერა იგრძნო. - ნეტავ, რას მომჩერებიაო, გაიფიქრა და თითქოს ურო დაჰკრეს თავში, თვალები ეცნო. - ეს იმ გოგოს თვალები იყო, გაკვეთილზე რომ შესციცინებდა მასწავლებელს, მერე კი, სასამართლოზე უსინდისოდ ამტკიცებდა, - მასწავლებელმა გამაუპატიურაო...

ღვინომოკიდებულ დიმიტრის სურვილი გაუჩნდა, ქალისათვის ყელში ხელი წაეჭირა, მაგრამ ელენემ იხსნა. სწორედ ამ დროს ქმარს ჯადოსნური სიტყვები ჩასჩურჩულა ყურში: - იცი, დიტო, ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე თუ გამიმართლებდა და შენისთანა ადამიანი მეყოლებოდა გვერდშიო.

ასე ხშირად იცოდა ელენემ, როცა თავს უსაზღვროდ ბედნიერად იგრძნობდა, თბილ და სიყვარულით აღსავსე სიტყვებს არ იშურებდა ქმრისთვის. სწორედ რომ დროული იყო ეს სიტყვები - დიმიტრი უცებ დამშვიდდა, ზურგი შეაქცია მოჩერებულ ქალს, მაგრამ ცეკვის დროს, როცა ყველა წამოიშალა და საცეკვაო მოედანი ხალხით გაივსო, წამოდგა, მიუახლოვდა მაგიდას, სადაც ის ქალი იჯდა და კბილებში გამოსცრა: აქედან გაქრი, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებო... ქალმა უხმოდ დატოვა რესტორანი.

ორი დღე დასჭირდა დიმიტრის დასამშვიდებლად. მესამე დღეს, სამსახურში უცნობმა ბიჭმა კონვერტით წერილი მიუტანა. სანამ გაშლიდა, გუმანმა უკარნახა, წერილი ვისგანაც იქნებოდა. ჯერ იფიქრა, წაუკითხავად დავხევო, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და კითხვას შეუდგა:

"...გამარჯობა, დიმიტრი, უფრო სწორედ, დიმიტრი მასწ... ჩვენ, ყველანი, ხომ ასე გეძახდით. ვიცი, გძულვართ, ჩემი დანახვა და ხმის გაგონებაც არ გინდათ, ამიტომ წერილის მოწერა ვარჩიე. ციხეში მინდოდა მომენახულებინეთ, მაგრამ მივხვდი, ეს უაზრობა იქნებოდა, უფრო გატკენდით გულს. მერე, როცა გათავისუფლდით, მაშინაც დავაპირე და ერთმა თქვენმა ნაცნობმა მირჩია, არ მიხვიდე, ცოდვა არ ჩაადენინო, მოგკლავსო...

ვიცი, თქვენ წინაშე შევცოდე, დამნაშავე ვარ, მაგრამ 16 წლის უიმედოდ შეყვარებული გოგონასგან სხვა რა იყო მოსალოდნელი?!  დანახვისთანავე შემიყვარდით, ისტორიულზე ჩაბარებას ვოცნებობდი. მერე ბევრი გვექნებოდა საერთო, გავუგებდით ერთმანეთს და თქვენც შემიყვარებდით, მაგრამ... ოცნება გაქრა. გავიგე, საცოლე გყავდათ. კარგა ხანს გითვალთვალებდით თქვენ და თქვენს საცოლეს, ერთად რომ დასეირნობდით და ერთმანეთს თვალებში შესციცინებდით.

თქვენ ბედნიერები იყავით, მე კი - ძალიან უბედური. ვერა და ვერ ვერეოდი ჩემს გრძნობას და გადავწყვიტე, შური მეძია ორივეზე. იმ დროს ერთ ბიჭს ვუყვარდი, მასთან  მივედი და... მოკლედ, ის იყო ჩემი პირველი მამაკაცი. მაგრამ როცა გაიგო ჩემი გეგმის შესახებ, შევზიზღდი და მიმატოვა, საერთო გადაიკარგა ჩვენი რაიონიდან. მარტო დარჩენილმა სახე და ხელები დავიზიანე, რომ არავის არაფერი ეეჭვა და მერე დედას ვუთხარი, - ჩემმა მასწავლებელმა გამაუპატიურა-მეთქი.

საწყალმა მოთქმით იტირა, - მამაშენი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამას ვინ გაბედავდაო. მაშინ ისე ვიყავი შურისძიებით ანთებული, რომ დედა სულ არ შემცოდებია. როცა საცოლე გაგითხოვდათ, თავისუფლად ამოვისუნთქე. მეგონა, ციხიდან გამოსული მაპატიებდით სიყვარულით ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვეღარ გავბედე თქვენთან მოსვლა. ჯერ ბებია, მერე დედა გარდამეცვალა და... მოკლედ, გზას ავცდი.

ახლა თურქეთში ხშირად დავდივარ, იქ ფულს რომ გავაკეთებ, მერე ცოტა ხნით ჩამოვდივარ. შემომელევა და ისევ თურქეთისკენ მივეშურები. მე ისევ ისე მიყვარხართ, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ახლა აღარ მინდა გავნოთ, პირიქით, მინდა სულ ისეთ ბედნიერს გხედავდეთ, როგორიც ამას წინათ გნახეთ რესტორანში. ამ წერილს რომ წაიკითხავთ, მე უკვე თურქეთში ვიქნები. გთხოვთ, მაპატიოთ და შემინდოთ დანაშაული".

დიმიტრი კარგა ხანს იჯდა გახევებული. მერე გონს მოეგო და წერილს ცეცხლი წაუკიდა...

www.kvirispalitra.ge

მოგვწერეთ თქვენი თავგადასავალი - მხიარული, მწუხარე, ტრაგიკული თუ ბედნიერი. გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება.