ვაჟკაცი ქალების ქვეყანა - კვირის პალიტრა

ვაჟკაცი ქალების ქვეყანა

"ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ ქართველმა კაცებმა თავი "ქვიშაში" ჩარგეს და თითქოს გამოსავალი მოძებნეს. რა კარგია, არა, პრობლემებს თვალი დაუხუჭო, ყური დაიხშო და ასე გააგრძელო ცხოვრება. ბევრი ჩემი ახლობლის ქმარი თავს ასე იმართლებს: ცუდი დროა, საყოველთაო უმუშევრობაა... კაცს ხომ არ მოვკლავთ ან დავაყაჩაღებთო... რას ერჩით?  მაგრამ ქალმა რა ქნას? როდემდე უყუროს დეპრესიაში ჩავარდნილ ან სირაქლემას დამსგავსებულ ქმარს? ან რომელ ერთზე იფიქროს:

საქმეზე, შვილებზე, ჭამა-სმაზე, ბანკის ვალებზე თუ გასასტუმრებელ კრედიტებზე? ის, ვინც ასეთ კაცს იცოდებს” და მის ასეთ ყოფნას გამართლებას უძებნის, მისთვის ძალიან ცუდს აკეთებს... კაცების უმეტესობას (თუმცა გამონაკლისებიც არიან) ერთი სისუსტე აქვს: რთულ სიტუაციაში თუ ვინმემ შეიცოდა, მერე ამას ჩვეულებრივ ამბად თვლის და მიაჩნია, რომ ყველამ - ცოლმაც, შვილებმაც, მშობლებმაც უნდა შეიცოდონ, რადგან უმუშევარია და ხელი შეუწყონ იქამდე, სანამ არ დაუძახებენ და არ ეტყვიან:

დიდი ბოდიში, რომ აქამდე უმუშევარი იყავით, ახლა საქმეს გაძლევთ და იმუშავეთო... ხომ გახსოვთ, უფალმა რა ჩამოსძახა წყალში ჩავარდნილ კაცს: ხელი გაანძრიე და გეშველებაო. ჰოდა, თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ვაჟკაცი ქალებისა და სირაქლემა-კაცების ქვეყნად გადაიქცევა"...

თქვენი ერთგული მკითხველი ლალი თორაძე