არაოფიციალური ქმარი
22-01-2018
არაოფიციალური ქმარი
"რომ მეგონა, დამირეკავდა და მეტყოდა, მომილოცე, გავთხოვდიო, ასე სულაც არ მოხდა..."

ძვირფასო რედაქცია, უახლოესი მეგობრის შესახებ მინდა მოგითხროთ. როდესაც­ წერილს ბოლომდე წაიკითხავთ, იქნებ თქვენ გამცეთ პასუხი კითხვაზე, - ამ მამაკაცის საქციელს ახირება ჰქვია, თუ უბრალოდ მშიშარა ადამიანთან გვაქვს საქმე.

მე და ნინუცა საერთო მეგობრის წყალობით დავახლოვდით. როდესაც­ ჩვენს ოჯახში სუფრა იშლებოდა, ნინუცა გიტარას მოიმარჯვებდა და თავისი სიმღერით გვატკბობდა. არაჩვეულებრივი ქალიშვილი, მია ჰყავდა. მეუღლე კი უქნარა, ქუჩის ბიჭი იყო. მალე დაშორდნენ,
მაგრამ ის კაცი მოსვენებას არ აძლევდა. ნასვამი აკითხავდა, კარს უმტვრევდა და ემუქრებოდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ქმარყოფილი ჩამოიცილა...
მია 13 წლის იყო, როდესაც ნინუცას ცნობი­ლი ადამიანი, ე.წ. სელებრითი შეუყვარდა. პირველად მას თვალი ტელევიზორში მოჰკრა და მაშინვე თქვა, ასეთი ადამიანის გვერდით ვინატრებდი ცხოვრებასო. მერე სოციალურ ქსელში
მისწერა, იმან კი პასუხი დაგვიანებით დაუბრუნა... მათი ურთიერთობა კარგა ხანს მიწერ-მოწერას არ სცილდებოდა, ერთხელ კი გახარებულმა მომახალა, დღეს უნდა შევხვდეთო. საგულდაგულოდ გამოეწყო და პაემანზე წავიდა, იქიდან კი ბედნიერი დაბრუნდა. გავიდა ხანი და უფრო დაახლოვდნენ. ნინუცა შოთიკოს გარეშე ვერ ძლებდა.

ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ორივე მიხვდა, ან ურთიერთობა ქორწინებით უნდა დაეგვირგვინებინათ, ან დაესრულებინათ.
ერთ დღეს შოთიკომ ნინუცა მანქანაში ჩაისვა და მშობლებთან ხელის სათხოვნელად წავიდნენ. გარდა ამისა, მიაც უნდა გაეცნო, მისთვის საჩუქარიც მომზადებული ჰქონდა. გზად ქალს მოეჩვენა, რომ საქმრო არცთუ ბედნიერი ჩანდა. სახლს რომ მიუახლოვდნენ, ნინუცამ პირდაპირ უთხრა, მგონი, ჩვენი დაქო­რწინება დიდად არ გახარებსო. შოთიკომ მოუბოდიშა, ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვარო.

ამ ამბიდან ორი თვე ნინუცა ჩემთან აღარ გამოჩენილა, ერთ დილას კი მოულოდნელად თავზე დამადგა, - მაგარი ამბავი უნდა გითხრაო. მომახალა, ორსულად ვარო. მეტყველების უნარი დავკარგე. ის კი გაუჩერებლად ლაპარაკობდა, ბიჭი მეყოლება, მამის ალი-კვალიო. როგორც იქნა, ენა ამოვიდგი და ვკითხე,"მარტო აპირებ ბავშვის გაზრდას-მეთქი? მამამისი ჩვენთან ყოფნას თუ არ მოინდომებს, რა თქმა უნდაო.
იმავე საღამოს შოთიკოს შეხვდა. ისე დაშორდნენ, კაცმა სანუგეშო არაფერი უთხრა, მესამე დღეს კი დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. კაფეში შეხვდნენ. შოთიკო შეზარხოშებული ჩანდა. უთხრა, ბავშვის დაბადების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დაქორწინებას მაინც არ ვაპირებო, სამაგიეროდ, დაჰპირდა, ბავშვს არაფერს მოვაკლებო. ნინუცასთვის ეს სიტყვები დიდი ვერაფერი ნუგეში იყო, რადგან ბევრად გაუხარდებოდა, გულის სწორს ერთ ოჯახად ცხოვრება რომ შეეთავაზებინა.

მთელი ფეხმძიმობა შოთიკოს ნინუცა ექიმებთან დაჰყავდა, მედიკამენტებითა და პროდუქტებით ამარაგებდა. ხშირად ურეკავდა, ამბავს ეკითხებოდა, მაგრამ ამის იქით მათი ურთიერთობა არ მიდიოდა...

ზაფხული იყო, როცა ქვეყანას პატარა ალექსანდრე მოევლინა. სამშობიაროში შოთიკოც მოვიდა და ნერვიულობისგან დერეფანში ბოლთას სცემდა. როცა ვაჟის­ დაბადება ახარეს, სიხარულისგან ფრთები­ შეესხა და ყველა იქ მყოფი ნაცნობ-მეგობარი რესტორანში დაპატიჟა. ნინუცას მშობლები რესტორანში არ წავიდნენ, ამით მიახვედრეს, რომ მასთან დაახლოების სურვილი არ ჰქონდათ. ახალგამომცხვარი მამა ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს ამბობდა და სულაც არ ეტყობოდა, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც საჭიროა.

როცა სამშობიაროდან გამოწერის დრო დადგა, ნინუცას და ალექსანდრეს მანქანით სამშობიაროს კართან დახვდა და სახლში­ მიიყვანა. ნინუცა წამდაუწუმ მირეკავდა და ბავშვის ამბებს მიყვებოდა. მამიკო ალექსანდრეს ხშირად აკითხავდა, ასეირნებდა, საჩუქრებიც არ ავიწყდებოდა. ცოტა რომ წამოიზარდა, გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა. ნინუცამ მითხრა, ძალიან უცნაური კაცია, ორივეზე ზრუნავს, თუ სადმე წასვლა მინდა, მანქანით მივყავარო... შოთიკოს ამგვარი საქციელი მეც ძალიან მიკვირდა. ვერაფრით ვხვდებოდი, ნინუცას რას უწუნებდა. გარდა ამისა, თვითონ უკვე ორმოც წელს იყო მიღწეული...

ერთხელ მე და ნინუცამ ჩვენი საერთო მეგობარი მოვინახულეთ, თეთრეულის მაღაზიაში მენეჯერად მუშაობდა. როგორც აღმოჩნდა, შოთიკო იქ რამდენჯერმე მისულა და ქალის ძვირფასი თეთრეული შეუძენია, ნათელი იყო, რომ სხვა ქალისთვის და სავარაუდოდ, მისი ნინუცასადმი უცნაური დამოკიდებულების მიზეზიც ეს გახლდათ.

ალექსანდრე ოთხი წლის იყო, როდესაც შოთიკომ ნინუცა და ბავშვი დასასვენებლად ზღვაზე გაუშვა. თვითონ მათთან ერთად არ გაემგზავრა, თუმცა ძალიან მალე სოციალური ქსელი მათი ერთობლივად გადაღებული ფოტოებით აჭრელდა. სასწრაფოდ ნინუცას დავურეკე და გაბრაზებულმა დავუცაცხანე, ასეთი ამბავი სოციალური ქსელით უნდა გავიგო-მეთქი? გაეცინა, გეთანხმებიო, მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, საჩუქრებით ხელდამშვენებული ჩამოვიდა, რამდენიმე დღე დავრჩებიო და იმ წუთიდან აღარ გვშორდება, ასე მგონია, ცოლობა უნდა მთხოვოსო - გამენდო მეგობარი. მოკლედ, რომ მეგონა, მალე დაქალი დამირეკავდა, მომილოცე, გავთხოვდიო, ასე სულაც არ მოხდა. შოთიკო ნინუცასა და ბავშვთან ბოლომდე დარჩა, მერე თბილისში ჩამოიყვანა და ნინუცას სახლში მიიყვანა. თბილად დაემშვიდობა და წავიდა. ახლა, თქვენ მითხარით, რა შეიძლება ეწოდოს ასეთ საქციელს?

ნინუცა რამდენიმე თვეში მეორე ბიჭს ელოდება, შოთიკო ისევ ბედნიერია, რომ შვილი ეყოლება და ისევ ძველებურად თავს ევლება ნინუცას...

ანა ყარალაშვილი
ხათუნა
31 იანვარი 2018 14:10
რასიზამ ჩემო კარგო, ეგ შენი არჩევანია.
Irina
31 იანვარი 2018 12:53
Sasiamovno.wasakitxi too.
ინგა
31 იანვარი 2018 11:31
შოთიკოს ყავს სხვა ოფიციალური ცოლ-შვილი, ნინუცას კი ატყუებს, ტიპიური მატყუარა და გაიძვერაა

რედაქტორის რჩევით