მეზობლები იტალიური ეზოდან...
მეზობლები იტალიური ეზოდან...
ვინც ორ მანქანაში ჩავეტიეთ, აეროპორტში გავქანდით. რეზო გზაში სულ იმას ბუტბუტებდა, ხომ არ ავჩქარდეთ, ვაითუ, ჩამოვიდნენ და იქ რომ არ დავხვდე, ინერვიულებენო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა - მარინა და ბავშვები დროულად ჩამოფრინდნენ და მათი გაკვირვებული სახეები უნდა გენახათ, მეზობლები ხაზზე­ დამწკრივებული რომ დაგვინახეს, წინ კი რეზო იდგა დიდი თაიგულით

მინდა ჩემი მეზობლის, რეზიკოს შესახებ მოგითხროთ. მართლაც არაჩვეულებრივი ამბავია ერთ არაჩვეულებრივ კაცზე.

იტალიურ ეზოში ერთ ოჯახად ვცხოვრობდით, ამიტომ მეზობლებს უყურადღებოდ არაფერი
გვრჩებოდა. რეზო დედასთან ერთად ცხოვრობდა. ვირტუოზი გიტარისტი იყო, არაჩვეულებრივად უკრავდა და მღეროდა. ზოგჯერ, როდესაც რომელიმე ჩვენგანს დაბადების დღე ჰქონდა, შეიძლება პატივი დაედო და გიტარით მოსულიყო, ან ზაფხულში, საღამოს, როცა ყველა მეზობელი ეზოში სიგრილეში შეიკრიბებოდა, თუ ხასიათზე იყო, თავისი სიმღერით დაგვატკბობდა. ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი გოგო ჰყვარებია.
მარინა მუსიკალურ სასწავლებელში გაიცნო და მალე დაქორწინებულა, ორი გოგონა შესძენიათ. მარინას დედა ჰოლანდიაში ცხოვრობდა და გოგოსაც გული იქით მიუწევდა, მაგრამ რეზოს წასვლა არ უნდოდა. ამის გამო ოჯახი დაინგრა და რეზოც სასმელს მიეძალა... რეზოს დედამ რამდენჯერმე მარინასაც დაურეკა, ეხვეწა, ჩამოდიო, მაგრამ ამაოდ.

რეზოს სიფხიზლის პერიოდებიც ჰქონდა - დილას ვარჯიშით იწყებდა, გატკიცინებულ ტანსაცმელს ჩაიცვამდა და მუსიკალურ სასწავლებელში მიდიოდა. ამ დროს ყველა ნაცნობი აქეზებდა,"ხედავ, რა კარგი­ ბიჭი ხარ, როცა არ სვამო. ასეთი პერიოდები დიდხანს არ გრძელდებოდა, ისევ სევდა იპყრობდა და სასმელს ეტანებოდა. დადიოდა თმაგაბურძგნილი და სახეშეშლილი. ზოგჯერ იმ ჭკუაზეც იყო, ცოლყოფილთან ჰოლანდიაში გაფრენილიყო, მაგრამ საამისოდ არც ფული ჰქონდა და არც იმედი, რომ სიხარულით შეხვდებოდნენ.

ერთ დღესაც უბანში ჟღალთმიანი, შეუხედავი და უცნაურად ჩაცმული ქალი გამოჩნდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა ყოფილიყო, რეზოს სწრაფად დაუმეგობრდა და საცხოვრებლად მასთან გადაბარგდა.­ ეტყობა, ამან რეზოზე დადებითი გავლენა მოახდინა, რამდენიმე თვე ისე გავიდა, აღარ დაულევია. ქალს მანჩო ერქვა, რეზოს სწორედ მისი არაორდინარულობა მოსწონდა. ერთხელ ქუჩაში თქეშ წვიმაში ქოლგით იდგნენ,"ვითომ პარიზში ვართ და წვიმსო... მოკლედ, კაცს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა, მაგრამ ამბობდა, რომ მანჩო მეგობარი უფრო იყო, ვიდრე საყვარელი ქალი.

სამწუხაროდ, ქალი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. ალბათ, ეს მისთვის მორიგი ხანმოკლე ურთიერთობა იყო. რეზოს მანჩოს წასვლა დიდად არ გაჰკვირვებია, მიუხედავად ამისა, მაინც დეპრესიამ შეიპყრო...
ერთ დღეს სანახავად მივედი და გული დამეწვა - საწოლიდან ვერ დგებოდა, იატაკზე სასმლის ბოთლი ედგა, გულზე რომ მომიჭერს, ვსვამო, მითხრა. მეზობლები დედამისს ურჩევდნენ, საავადმყოფოში დავაწვინოთო, მაგრამ რეზო არ ნებდებოდა.
რამდენიმე დღEეში ეზოში ისევ აკურატულად გამოწყობილი გამოჩნდა. წვერიც გაეპარსა. მოვიკითხე. ახალი ამბავი არ იციო? - ეშმაკურად მკითხა. არა-მეთქი, ვუპასუხე. ჩემი მარინა და გოგონები ჩამოდიანო. სიხარულისგან გადავეხვიე... აივანზე დედამისი გადმოდგა და მომეჩვენა, რომ თვალი ჩამიკრა. ცოტა დავიბენი, მაგრამ მალევე შევიტყვე, რომ ეს მისი ოინები იყო. ერთი კვირის განმავლობაში რეზო ბედნიერი იყო, მერე ისევ მოიწყინა, ცოლ-შვილის ნახვის იმედი გადაეწურა. დროდადრო მისი ოთახის ფანჯრიდან გიტარის ხმა გამოდიოდა. ხმადაბლა, ნაღვლიანად მღეროდა.

რეზიკოს დაბადების დღემ მოაწია. დედამისმა სუფრა გაუშალა და მეზობლებსაც დაუძახა. რეზომ რამდენიმე სიმღერა გვიმღერა, მერე მარინასადმი მიძღვნილი საკუთარი სიმღერაც მოგვასმენინა. როცა ყველა დაიშალა, რატომღაც ფეხი ავითრიე და მასთან დავრჩი. აივანზე დავსხედით, ვეწეოდით და ვლაპარაკობდით. ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, მისი გამხნევება ვცადე. ის იყო, წამოსვლა დავაპირე, რომ ქალაქის ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ოთახიდან დედამისის ხმა გავიგონე, თუმცა სიტყვების გარჩევა გამიჭირდა. მერე აივანზე გამოვარდა,"რეზო, მარინა რეკავსო! რეზო გიჟივით დაეძგერა ყურმილს - "მარინა! მარინა!"...

მეორე დილას რეზომ ჩემი სახლის კარზე მოაკაკუნა, - მარინამ დაბადების დღე მომილოცა, გოგონებს მოენატრე, ჩამოსვლას აპირებენ და მეც მოვყვებიო.
მათ ჩამოსვლას მეზობლები გულისფანცქალით ველოდით. რეზო გამოეწყო, ჰალსტუხიც გაიკეთა. მერე, ვინც ორ მანქანაში ჩავეტიეთ, აეროპორტში გავქანდით. გზაში სულ იმას ბუტბუტებდა, ხომ არ ავჩქარდეთ,­ ვაითუ, ჩამოვიდნენ და იქ რომ არ დავხვდე, ინერვიულებენო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა - მარინა და ბავშვები დროულად ჩამოფრინდნენ და მათი გაკვირვებული სახეები უნდა გენახათ, მეზობლები ხაზზე­ დამწკრივებული რომ დაგვინახეს, წინ კი რეზო იდგა დიდი თაიგულით.
იმ საღამოს მათ ოჯახში დიდი სუფრა გაიშალა. მთელი სამეზობლო იქ ვიყავით. მარინა რეზოს გვერდს უმშვენებდა, ის კი მისთვის მიძღვნილ სიმღერას მღეროდა.

ანა ყარალაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები