რეცეპტი - კვირის პალიტრა

რეცეპტი

- ასაკი? - ჰკითხა ქერა, გადაპრანჭულმა, ტუჩებდაბერილმა გოგომ მისაღებში, თან მარიამის პირადობის მოწმობას ატრიალებდა. "კრეტინი", - გაიფიქრა მარიამმა.

- 1963 წელს დავიბადე, მანდ ხომ წერია, - რაც შეეძლო ზრდილობიანად უპასუხა.

გოგო შეიშმუშნა და კალკულატორს გადასწვდა. "2018 წელს 1963-ს ვერ აკლებს, ამას უნდა ჰქონდეს სამსახური და მე უმუშევარი ვიყო?" - დაიბოღმა მარიამი. ამასობაში "კრეტინმა" მორიგი კითხვა დასვა: სამუშაო ადგილი?

ეს ინფორმაცია პირადობის მოწმობაში არ ეწერა, ამიტომაც მარიამს ფრთების გაშლა შეეძლო.

- მწერალი ვარ, - უპასუხა ის, რაც მოადგა ენაზე.

- მაპატიეთ, როგორ ვერ გიცანით? - შემოსცინა გოგომ და ამით თავისი "ნაკითხობა" გამოამჟღავნა.

"კრეტინი!" - ახლა უფრო მტკიცედ დაასკვნა მარიამმა.

გოგომ ერთი-ორი კითხვა კიდევ დაუსვა, გაარკვია, რომ მარიამი გაუთხოვარი, ანუ შინაბერა ყოფილა, თანხა გადაახდევინა, გაუღიმა, ექიმი მალე მიგიღებთო, დააიმედა და თავისი პატარა ცხვირი საქმიანად ჩაყო ტელეფონში.

მარიამი ოდნავ წინ გადაიხარა, თვალი მარჯვედ ჩაჰკრა გოგოს ტელეფონს. "დიდებული" სურათი იყო - "კრეტინი", რომელიც გაპრიალებულ ოთახში ზის, უცოდინარობას აფრქვევს და თვიდან თვემდე ხელფასს ელოდება იმისთვის, რომ ესთეტიკური მედიცინის ცენტრში შეირბინოს, ტუჩი, წარბი, ლოყა გადაიკეთოს, მერე სურათები ინსტაგრამზე ატვირთოს და პაციენტებისგან თავისუფალი დრო საკუთარი თავით ტკბობას მოანდომოს.

- შებრძანდით, ექიმი თავისუფალია, - ფიქრი შეაწყვეტინა გოგომ.

მარიამი მძიმედ წამოდგა და კაბინეტის კარი შეაღო.

ექიმი თვალებციმციმა კაცი გამოდგა. მოკლედ, არა უშავდა რა, მაგრამ მის მოლოდინს მაინც ვერ აკმაყოფილებდა. და რას ელოდა მარიამი? ყოველ შემთხვევაში, იმას არა, რასაც ექიმი მონდომებით შეუდგა - მის სულში ფათურს - ანუ ანამნეზის შეგროვებას.

მარიამს არაფერი აწუხებდა. უფრო სწორად, მას ყველაფერი აწუხებდა - სამშობლოს ბედი, ადამიანების უგუნურება, უვიცი ადამიანები, სიღარიბე... ამ სიღარიბით გამოწვეული მოწყენილობა კი ჭკუიდან შლიდა...

- მწერალი ხართ? - იმედგაცრუებული სახით მიესვენა ექიმი შავი სავარძლის საზურგეს.

- დიახ, მაგრამ არსად ვაქვეყნებ, - იცრუა მარიამმა.

- მწერალი ხართ, მაგრამ არავის აკითხებთ თქვენს შემოქმედებას. პარალელურად, არ გაწუხებთ არც თავის ტკივილი, არც სისუსტე, უძილობა, არც წნევები გაქვთ, არც თავბრუ გესხმით, მოკლედ, ჯანმრთელი ხართ, მაგრამ მაინც მოხვედით. ახლა დრო დადგა მიპასუხოთ - რა გამომრჩა?

ექიმი ზრდილობიანი კაცი ჩანდა და არასდროს ჰკითხავდა პაციენტს, ხომ არ მეკაიფებიო - მისი სათვალის მინებს მიღმა ჭკვიან თვალებს თუ შეხედავდი, ასეთი შეკითხვის დასმა არ შეეძლო. მარიამი იშვიათად ცდებოდა, მაგრამ ახლა ამისი დრო არ იყო, სულ მალე ექიმი ეტყოდა, რომ მისი დრო ამოიწურა, მარიამის უბედურებაზე კი ჯერ ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი.

- ქალბატონო მარიამ, - წამოიწყო ექიმმა, მაგრამ არ დასცალდა, მარიამს ცრემლები წასკდა.

მამაკაცები, მიუხედავად პროფესიისა, ერთნაირად უძლურები არიან ცრემლების წინაშე. ამიტომ იმედგაცრუებული და თავმობეზრებული ექიმი უცებ წამოხტა, ცივი წყლით დიდი ჭიქა აუვსო მარიამს და წინ დაუდგა.

- დალიეთ, ჩემი ჭიქაა, მე თვითონ ვრეცხავ.

გულუბრყვილო წინადადება გამოუვიდა და მარიამს ამ სიტყვებმა კიდევ უფრო მეტად აუჩუყა გული და გულამოსკვნით აატირა.

- ქალბატონოო! ქალბატონო მარიამ! - ამშვიდებდა ექიმი. რას ნიშნავდა ეს "ქალბატონო"? ნუთუ მხოლოდ იმას, რომ ნაოჭები გაუჩნდა თვალების ირგვლივ? აბა, სხვა რა კავშირი ჰქონდა ამ "ქალბატონოს" მასთან? განა ქალბატონობა იმას არ ნიშნავს, რომ იცხოვრე, იღვაწე და შენი შრომით, გარჯით რამე შექმენი? და რა შექმნა მარიამმა? არაფერი!.. უფრო სწორად, ვერაფერი, რადგან ამისი შესაძლებლობა არ მიეცა. არა, როგორ არ შრომობდა. შრომა იყო, აბა, რა, დისშვილებს რომ უვლიდა. ჯერ ერთს, მერე მეორეს, მერე მესამეს და ბოლოს მეოთხეს... მერე მშობლებს, დეიდას. ახლა პატარა კატო დაიბადა... თავი ხომ არ გტკივაო? სად სცალია თავის ტკივილისთვის? თავბრუ ხომ არ გესხმისო? არა, არასოდეს ყოფილა იმდენად სუსტად, რომ წამოწოლა ეკადრა. მარიამი მაგარია! მხოლოდ ერთადერთი პრობლემა აქვს - ყველაფერი ნერვებს უშლის... ახლა კიდევ ქალბატონოო?! როდის გახდა ქალბატონი მარიამი? რა გააკეთა, რომ ეს პატივისცემით წარმოთქმული სიტყვა დაიმსახუროს?

- ვიცი, რაც გაწუხებთ, - ეუბნება ცოტა ხანში ექიმი, არადა, შეუძლებელია, იცოდეს, რადგან მარიამს მისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ ის განაგრძობს, - დღეს, როცა შინ მიბრძანდებით, აარჩიეთ თქვენი ნაწერებიდან ერთი პატარა მოთხრობა და გამომიგზავნეთ. უამრავი მეგობარი მყავს, რეკომენდაციას გაგიწევთ და თუ მოიწონებენ, დაბეჭდავენ, ეს იქნება თქვენთვის გამოწერილი რეცეპტი. გაბედეთ, მარიამ!..

- კარგად ბრძანდებოდეთ, - შესცინა "კრეტინმა", როცა მარიამი ექიმის კაბინეტიდან გამოვიდა.

მოკლედ, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. მარიამი ყოველთვის დამხმარე ძალა იყო. რომელიც თავად არაფერს ქმნის და ამიტომ არც მისი შრომა ანაზღაურდება. ამ წესიერმა კაცმა კი დიდი ნდობა გამოუცხადა, მარიამი ნდობას არ გაუმტყუნებს... ის დღესვე აუცილებლად დაწერს პირველ პატარა მოთხრობას. მწერლობა ხომ იდეალური პროფესიაა, თუნდაც იმით, რომ იმ ასაკში, მარიამს რომ არ უყვარს გახსენება, დაწყება შეიძლება...

დეა ცუცქირიძე