"ბედნიერების დაკარგვას მეგობრის დაკარგვა ვარჩიე"
"ბედნიერების დაკარგვას მეგობრის დაკარგვა ვარჩიე"
მე და კატომ ერთმანეთი საერთო მეგობართან გავიცანით. ქერა, ძალიან ლამაზი თმა ჰქონდა და მწვანე თვალები. მალე ისე დავახლოვდით, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. განუყრელები გავხდით, სადაც კატო იყო, მეც იქ ვიყავი. მერე ესეც აღარ გვყოფნიდა და ღამეც ერთმანეთთან ვრჩებოდით

ჩემი ახალგაზრდობის შეცდომის გამოსწორება უკვე აღარ შეიძლება, მაგრამ ასე მგონია, საჯაროდ თუ მოგითხრობთ რა შეცდომა დავუშვი, ცოტათი მაინც
დავმშვიდდები. მოკლედ, თავიდან დავიწყებ.

იმ დილით სამსახურში მაგვიანდებოდა, მანქანა ვერაფრით დავქოქე და დროულად რომ მივსულიყავი და უფროსის საყვედურებისთვის არ მესმინა, მეტროთი წასვლა გადავწყვიტე. მატარებლის ვაგონი ბაქანთან გაჩერდა, კარი გაიღო და ხალხის ნაკადი გამოვიდა. უეცრად თვალში ძალიან ნაცნობი სახე მომხვდა. ასე, თხუთმეტი წლის ბიჭი, რომელსაც სპორტული ზურგჩანთა მხარზე გადაეკიდა, უკვე ჩემ წინ მიდიოდა. ავედევნე და ის იყო დავეწიე, რომ გაჩერდა და
მობილურზე ვიღაცას დაურეკა. ახლოს მივედი და დავაკვირდი. ძალიან ნაცნობი ნაკვთები ამოვიცანი, ქერა თმა და ლამაზი მწვანე თვალები, ვიგრძენი, პულსი როგორ ამიჩქარდა. მესმოდა, როგორ სთხოვდა ვიღაცას ახალ ტელეფონს, უხსნიდა, რომ მისი ტელეფონი ცუდად მუშაობს და ზარს დროულად ამიტომაც ვერ უპასუხა. მართლაც ხელში ძალიან ძველი ტელეფონი ეკავა. საუბარი რომ დაამთავრა, მოწიწებით ვთხოვე, დამარეკვინეთ-მეთქი. ტელეფონი გამომიწოდა და გამაფრთხილა,"მაგრად ჭედავსო. ზარი საკუთარ ნომერზე გავუშვი და ტელეფონი სწრაფად დავუბრუნე. ის იყო, წასვლა დავაპირე, რომ მკვეთრად მოვტრიალდი. "რა გქვია?" - ვკითხე ბიჭს. "ბაჩანა", - მითხრა და გამიღიმა. "გმადლობ, ბაჩანა", - ვუთხარი და სასწრაფოდ წამოვედი, რომ თვალზე ცრემლი არ შეენიშნა.

სამსახურში, რა თქმა უნდა, დამაგვიანდა. უფროსმა დამიბარა და ახსნა-განმარტებითი წერილი დამაწერინა. თუ სხვა დროს ამაზე ვინერვიულებდი, ახლა გონება სხვა რამით მქონდა დაკავებული - მთელი დღე თვალწინ მედგა ბაჩანას თბილი და ნაცნობი თვალები.

საღამოს ჩემი მეუღლე, კახა, შინ დამხვდა. სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა. ვახშამი გავუმზადე და მის გვერდით მოვკალათდი. წიგნი გვერდზე გადადო და მომეხვია."კახა, ფული მჭირდება-მეთქი. რამდენიო, მხოლოდ ეს მკითხა.
გვიანობამდე არ დამეძინა. კახას გადავხედე, მშვიდად ეძინა, მე კი თვალწინ საუკეთესო მეგობრის სახე მედგა. მე და კატომ ერთმანეთი საერთო მეგობართან გავიცანით. ქერა, ძალიან ლამაზი თმა ჰქონდა და მწვანე თვალები, წამდაუწუმ სიგარეტს ეწეოდა. სანამ დავახლოვდებოდით, მახსოვს, ჩუტყვავილა შემხვდა. კი გამოვჯანმრთელდი, მაგრამ სახეზე ნაყვავილარი ჯერ კიდევ მეტყობოდა. ყველა თავს მარიდებდა, კატო კი მოვიდა და ცხვირზე მაკოცა. საოცარი სითბო ვიგრძენი. მერე კაფეში დავსხედით, ჩაი და ფუნთუშა მივირთვით, თან ერთმანეთზე უფრო მეტი შევიტყვეთ. სწორედ ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯი დასამეგობრებლად.

მალე ისე დავახლოვდით, რომ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. განუყრელები გავხდით, სადაც კატო იყო, მეც იქ ვიყავი. მერე ესეც აღარ გვყოფნიდა და ღამეც ერთმანეთთან ვრჩებოდით. გათენებამდე რამდენ ჭიქა ყავას ვსვამდით, ვინ დათვლის. გაუჩერებლად ვლაპარაკობდით და ვკისკისებდით. რამდენჯერ კატოს დედა ნამძინარევი თავზე დაგვდგომია და უსაყვედურია, რა გაქვთ ამდენი სალაპარაკოო. ჩვენ კი ვოცნებობდით, გეგმებს ვაწყობდით. ერთმანეთს აღვუთქვით, რომ თუ კატო პირველი გათხოვდებოდა და შვილი ეყოლებოდა, მე უნდა მომენათლა და პირიქით.

ერთხელ, რომ არ ველოდი, კატო სასწავლებელში თავზე დამადგა, ვიღაც უნდა დაგანახო, ის ბიჭი ძალიან მომწონს და შენი აზრი მაინტერესებსო. მსგავსი სილამაზის ბიჭი იშვიათად მენახა და ეს ვუთხარი კიდეც. ესიამოვნა, არჩევანი რომ მოვუწონე. მერე ამ ბიჭის გულის მოგებას დიდხანს ცდილობდა და საწადელს მიაღწია, შეყვარებულები გახდნენ. კატოს დაბადების დღემ რომ მოაწია, მისმა შეყვარებულმა მეგობრები რესტორანში დაგვპატიჟა. კატოს კავალერს ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ მის მიმართ გულგრილი არც მე ვიყავი, მაგრამ ამის საკუთარ თავთან აღიარებაც კი არ მინდოდა.

მეორე დღეს სასწავლებლის დერეფანში კატოს შეყვარებული შემხვდა და გვერდზე გამიყვანა, სალაპარაკო მაქვს და სადმე დავსხდეთო. ვიფიქრე, კატოს შესახებ უნდა რამე მითხრას-მეთქი. ცოტა ხანში გავიგე, რომ ლექცია მიცდებოდა, დავურეკე და სასწავლებელთან ახლოს, კაფეში შევხვდეთ-მეთქი, ვუთხარი. რამდენიმე წუთში მაგიდასთან ვისხედით და ყავის მოლოდინში ყურებდაცქვეტილი ველოდი, რას მომიყვებოდა. ცოტა დაბნეული მომეჩვენა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ როდესაც გამენდო, მიყვარხარო, დაბნეულობისგან კინაღამ სკამიდან გადავვარდი, "ის კი განაგრძობდა, კატოს დაბადების დღეზე ისეთი ლამაზი იყავი, თვალი ვერ მოგწყვიტეო.
სიმართლე გითხრათ, მისმა ნათქვამმა თავიდან გამაცეცხლა, უხეშად გავწიე და გავიქეცი, მაგრამ გულის სიღრმეში მესიამოვნა, რაც მითხრა.
მერე და მერე გასაქანი არ მომცა, ყველა კუთხე-კუნჭულში მხვდებოდა და დალაპარაკებას ცდილობდა. რომ აღარ მომეშვა, გადავწყვიტე, შევხვედროდი და მიმეხალა, რომ ცუდი ადამიანია, რომ ჩემი დაქალის შეყვარებული უკადრებელს მთხოვს... ვინ იცის, კიდევ რის თქმას ვაპირებდი.

კაფეში შესულმა, შორიდანვე დავლანდე, თავჩაღუნული იჯდა. და სანამ რამეს მეტყოდა, რაც ენაზე მომადგა, ყველაფერი ამოვყარე. რომ გავჩუმდი, სათქმელი ბოლომდე თქვიო? - მკითხა. მგონი, კი-მეთქი. მაშინ ახლა მე მომისმინეო, გამიღიმა და ჯიბიდან გულის ფორმის კოლოფი ამოიღო. მან ცოლობა მთხოვა...

გავშრი. წუთით ისიც კი ვიფიქრე, უსიტყვოდ წავალ-მეთქი, მაგრამ ბედნიერების დაკარგვას მეგობრის დაკარგვა ვარჩიე და არჩევანი ჩემი სიყვარულის სასარგებლოდ გავაკეთე. არ ვიცი, თავი რით და როგორ ვიმართლო, მაგრამ ეს სიყვარული თავს მეხივით დამატყდა და მეც მსხვერპლად დასავით ახლობელი ადამიანი შევწირე.

როგორც საერთო მეგობრებმა მიამბეს, კატოს ჩემი გათხოვების ამბავი თურმე არ სჯეროდა. რამდენჯერმე დამირეკა, მაგრამ რომ არ ვუპასუხე, რეკვა შეწყვიტა... ამგვარად, მე და კახა ცოლ-ქმარი გავხდით და დღემდე შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ძალიან კარგი და მზრუნველი მეუღლეა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მაგრამ შვილი არა გვყავს.

გავიდა დრო და კატო ცოლად ძალიან დიდი ხნის თაყვანისმცემელს გაჰყვა. ის კაცი არ უყვარდა, უბრალოდ, დედამისს ძალიან მოსწონდა და, ალბათ, ამ საქმეში დიდი წვლილი სწორედ მას მიუძღვის.

კატოზე ხშირად ვფიქრობდი და მენატრებოდა. როდესაც პატარა შეეძინა, გავრისკე და დავურეკე. ჩემდა გასაოცრად, დამელაპარაკა. სახლში დამპატიჟა. პატარას საჩუქრები ვუყიდე და სანახავად წავედი. ყოველთვის მხიარული კატო ბედნიერი არ ჩანდა. პატარას ოთახში შევედი, ახალი გაღვიძებული იყო, ტიროდა და პირს აცმაცუნებდა. ხელში ფაქიზად ავიყვანე და ცხვირზე ვაკოცე. "რა დაარქვით?", - ვკითხე მეგობარს."ბაჩანა, - მიპასუხა,"- მამამთილის სახელი...

ოთახში უხმოდ ვისხედით, არ ვიცოდით, ერთმანეთისთვის რა გვეთქვა. იქნებ ჩემგან ბოდიშის მოხდას ელოდა, არ ვიცი. ბოლოს უხერხული სიჩუმე ბავშვის ტირილმა დაარღვია, უნდა ვაჭამოო, - მითხრა კატომ, - მაშინ მე წავალ-მეთქი. არაფერი უთქვამს, არც კი გავუცილებივარ.  კარი უხმოდ გავიხურე."

მას შემდეგ აღარ შევხმიანებივარ. გამოხდა ხანი და ყოფილმა თანაკურსელმა დამირეკა, კატო საავადმყოფოში წევს და მძიმედააო.
კახა საავადმყოფოში არ წამომყვა, ეს არც გამკვირვებია. კატოსთან შეხვედრას სულ თავს არიდებდა. ამიტომ მარტო წავედი.

სანამ პალატაში შევიდოდი, დედამისი ვნახე და ავადმყოფობის მიზეზი ვკითხე. კატოს სეფსისი ჰქონია. როცა პალატაში შევედი, ეძინა, რომ გამოეღვიძა და დამინახა, საწოლზე წამოჯდა. სუნთქვა უჭირდა და ლაპარაკიც არ შეეძლო. კარგა ხანს დავრჩი, რომ ჩაეძინა, მხოლოდ მაშინღა წამოვედი. ერთ კვირაში ამბავი მომივიდა, გარდაიცვალაო. გაუჩერებლად ვტიროდი, კახა არ მშორდებოდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მას შემდეგ მეგობარს მხოლოდ სიზმარში ვნახულობდი.

მრავალი წლის შემდეგ ქუჩაში სწორედ მისი შვილი, ბაჩანა ვიცანი. წარმოუდგენლად ჰგავდა, მის სახეს ასი ათას ადამიანში გამოვარჩევდი. დედასავით ხუჭუჭა თმა ჰქონდა და მასავით თბილი თვალები...
ტელეფონში ბაჩანას ნომერი მოვძებნე და დავურეკე. შეხვედრა ვთხოვე, ვინ ხართ, რატომ უნდა შეგხვდეთო. როდესაც ვუთხარი, დედაშენის ძველი მეგობარი ვარ-მეთქი, დამთანხმდა.

ისევ იმ ადგილას შევხვდით. რომ მივუახლოვდი, ჩანთიდან ყუთით ახალი მობილური ტელეფონი ამოვიღე და გავუწოდე. კიდევ უფრო გაკვირვებულმა შემომხედა. "გამომართვი,"- ვუთხარი, - ჩათვალე, რომ დედიკოს საჩუქარია". დედას კარგად იცნობდითო? - მკითხა და მაშინ ჩვენი მეგობრობის ამბავი მოკლედ ვუამბე, რა თქმა უნდა, იმაზე არაფერი მითქვამს, როგორ საშინლად მოვექეცი ჩემს საუკეთესო მეგობარს. გამიღიმა, ტელეფონის დაბრუნება სცადა, ასეთ საჩუქარს ვერ ავიღებო. ხელები გავასავსავე, არავითარ შემთხვევაში უკან არ წავიღებ-მეთქი. მერე ცოტა გავისეირნეთ და ისიც კი გავიხსენე, მე და დედამისი ერთმანეთის შვილების ნათლიობას რომ ვაპირებდით.
მეორე დღეს დამირეკა.

- ნინო დეიდა,"- მითხრა თბილი ხმით,"- მონათლული არა ვარ და ჩემი ნათლია იქნებით?

ახლა ისღა დამრჩენია, ბაჩანას სიმართლეში გამოვუტყდე, მერე კი თავად გადაწყვიტოს, უნდა კი ჩემისთანა ნათლია ჰყავდეს?!

ანა ყარალაშვილი
mancho38
12 თებერვალი 2018 10:21
სიყვარული არ იქნება ,არ იქნება ძალადა... რას ვიზამთ....ხდება..ღმერთმა ერთსა ვითა არგოს თუ მეორე არ წაწყმიდოსაო...
ruska
10 თებერვალი 2018 13:45
რა საოცარი ისტორიააა, თვალზე ცრემლი ძლივს შევიკავე. საოცარი გოგო ყოფილა კატო. ნინოც კარგი გოგოა. უბრალოდ სიყვარულის წინაშე უძლურები ვართ ადამიანები ჩვენივე სუსტი ბუნების გამო – იმიტომ რომ ადამიანები ვართ და ახალგაზრდობაში ხედება ხოლმე ასე. ვერც კახას გავამტყუნებ, ვინც გულწრფელად შეუყვარდა, მისი რჩეულიც ის გახდა. ხშირად ცხოვრებას ასეთ განსაცდელს უმზადებს ადამიანებს და ია სადაც დიდი სიყვარულია, ყოველთვის განსაცდელის წინაშე დგება ხოლმე, მეგობრობა, ცოლქმრობა და ა. შ. ცხოვრებისეული ტკბილ-მწარე ისტორიაა.
Nana
10 თებერვალი 2018 04:17
თქვენი არ ვიცი და მე ცრემლები ვერ შევიკავე.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები