რა კავშირი აქვს ნანატრ ქურთუკს ჩემი მეგობრის ბედნიერებასთან - კვირის პალიტრა

რა კავშირი აქვს ნანატრ ქურთუკს ჩემი მეგობრის ბედნიერებასთან

"ვუყურებდი, როგორი ბედნიერები იყვნენ და ძალიან მინდოდა, ჩემი მეგობრის სახეზე ეს სიხარული არასოდეს გამქრალიყო"

ძვირფასო რედაქცია, ჩემი მეგობრის, თაკოს შესახებ გწერთ. ეს ამბავი ჩვენი მოსწავლეობის დროს დაიწყო, მაშინ სკოლას ვამთავრებდით.

თაკოს დედა თმას არასდროს იღებავდა, არადა, სულმთლად ჭაღარა იყო. სულ მიკვირდა, ასეთი ლამაზი და ახალგაზრდა ქალი თავს რატომ არ უვლიდა. ერთხელ თაკოს ვკითხე და, მამაჩემი უკრძალავსო, მიპასუხა. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მეტი კითხვა აღარ დამისვამს. მამამისი წარმოსადეგი, სიმპათიური კაცი იყო. ჩვენ ქართლის ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდით, ყველა ყველას იცნობდა, თაკოს მამის მექალთანეობა ყველას პირზე ეკერა, თუმცა ეს მას ნაკლებად აღელვებდა. ნინო კი, თაკოს დედა, ყველაფერს დიდსულოვნად პატიობდა. ალბათ, იმიტომ, რომ ობოლი იყო და მეუღლის იქით წასასვლელი არსად ჰქონდა. ცოლის მიმართ გულგრილი და უყურადღებო იყო, მაგრამ სახლში გამოკეტილი მაინც ჰყავდა. არსად უშვებდა, ისევე როგორც ერთადერთ ქალიშვილს, თაკოს... თაკოს ბებია, მამის დედაც, ძალიან უხეში და მკაცრი ქალი გახლდათ. უბანში ლილის ბავშვები "გესტაპოს" ეძახდნენ. როდესაც ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, ლილი ჯოხით გამოუდგებოდა და იქაურობას წივილ-კივილით იკლებდა. თაკოს გარეთ გასვლის უფლებას ვინ მისცემდა და ისიც თამაშით გართულ ბავშვებს თვალს ფანჯრიდან ადევნებდა.

მე და თაკო თანაკლასელები ვიყავით. მასთან სტუმრად ხშირად მივდიოდი, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, მამამისი როგორ მაკვირდებოდა, ალბათ, ფიქრობდა, სახლში შესაშვები ვიყავი თუ არა... თაკოს სარკის წინ ტრიალი უყვარდა. ლამაზი გოგო იყო. განსაკუთრებით დამშვენდა, როდესაც უფროსკლასელები გავხდით. კერვა ეხერხებოდა და კაბებს თვითონ იკერავდა. დილით სკოლაში ერთად მივდიოდით და უკანაც ერთად ვბრუნდებოდით. სახლში დაგვიანების უფლება არ ჰქონდა. საკმარისი იყო, სულ ცოტა დაეგვიანა, რომ ბებია ქუჩაში გაცეცხლებული ელოდა.

ერთადერთი, ვინც ძალიან უყვარდა და ვისაც ენდობოდა, დედამისი იყო, თუმცა ქალს არასოდეს შეეძლო ქმრისა და დედამთილისაგან შვილი დაეცვა.

თაკოს ოჯახიდან თავის დასაღწევად, როგორც ამბობდა, ერთი გზა ჰქონდა, გათხოვება. სჯეროდა, რომ ძალიან მალე მისი ოცნების პრინცი გამოჩნდებოდა და კარჩაკეტილი ცხოვრებისგან გაათავისუფლებდა. მერე ლამაზ ოჯახს შექმნიდნენ და ამ საშინელი სახლიდან დედამისსაც წაიყვანდა. სულ ვეუბნებოდი, რომ ასეთი მორჩილი არ უნდა ყოფილიყო, ასე კარჩაკეტილი თავის უფლისწულს ვერასდროს შეხვდებოდა.

დამამთავრებელ კლასში რომ გადავედი, დაბადების დღეზე მამამ ახალი ქურთუკის საყიდელი ფული მაჩუქა. დილით, სკოლისკენ მიმავალ გზაზე, თაკოს ეს ამბავი ვუთხარი. მოწყენილი მომეჩვენა. მიზეზი ვკითხე. ერთფეროვნებით დავიღალეო, მიპასუხა. უეცრად თავში აზრი დამებადა,"მოდი, გაკვეთილებიდან გავიპაროთ და თბილისში გავისეირნოთ-მეთქი."რაოდენ გასაკვირიც უნდა ყოფილიყო, თაკოს დედაქალაქი არასდროს ენახა. მამამისი თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა, შვილი კი ქალაქში არასდროს წაუყვანია.

თაკოს სიხარულისგან სახე წამოენთო, რატომაც არაო, თუმცა მალევე თვალები ჩაუქრა,"რას ამბობ, მამაჩემმა რომ გაიგოს, მომკლავსო. არ მოვეშვი, ფული მაქვს, არ მინდა ქურთუკი, წავიდეთ და გაკვეთილების დამთავრების დროისთვის უკან დავბრუნდეთ-მეთქი. არ ვიცი, როგორ გარისკა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა.

მეორე დილას ადრიანად შევხვდით. ავტობუსების სადგურზე გავედით, სულ მალვა-მალვით ვიარეთ, რომ არავის შევენიშნეთ, განსაკუთრებით თაკოს მამასთან შეხვედრის გვეშინოდა. ხელი იმანაც შეგვიწყო, რომ ბებიამისი ავად იყო და გარეთ ვერ გამოდიოდა.

ქალაქში მშვიდობიანად ჩავედით. თაკო აქეთ-იქით გაოცებული იყურებოდა. ჯერ რუსთაველზე გავისეირნეთ. მერე "მაკდონალდსს" მივაშურეთ. თაკო ისეთი ბედნიერი ჩანდა, რომ მისი სიხარული მე უფრო მახარებდა. დანაყრებულებმა ზოოპარკს მივაშურეთ. დრო ძალიან ცოტა გვქონდა და ბევრის მოსწრება გვინდოდა. თაკო ბავშვივით დარბოდა და ცხოველებს ათვალიერებდა, მერე მთხოვა, ატრაქციონზეც დავსხდეთო. ის იყო, ეშმაკის ბორბალს მივუახლოვდით, რომ ჩვენ წინ ორი ბიჭი შევნიშნეთ. გაცნობა გვთხოვეს, წესიერი ბიჭები ჩანდნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. ატრაქციონზე ერთად დავსხედით, ბევრი ვილაპარაკეთ და ვიხალისეთ. ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ ერთ-ერთს, სახელად ლექსოს, თაკო მოეწონა, ჩემი მეგობრის გაბრწყინებულ სახეს რომ შევხედე, მივხვდი, რომ თაკოც არ უნდა ყოფილიყო ბიჭის მიმართ გულგრილი. დათოს ვთხოვე, ჩვენ ცალკე ხომ არ გავისეირნოთ-მეთქი. თაკო რომ ლექსოსთან მარტო დარჩენილიყო. შორიდან ვუყურებდი, როგორი ბედნიერები იყვნენ და ძალიან მინდოდა ჩემი მეგობრის სახეზე ეს სიხარული არასოდეს გამქრალიყო.

თაკო გავაფრთხილე, ბიჭებთან არ წამოგცდეს, რომ გამოპარულები ვართ-მეთქი, მაგრამ მან სულ დაწვრილებით უამბო ლექსოს ყველაფერი და არც ის დაუმალავს, სად და რომელ სკოლაში ვსწავლობდით. წასვლის დრომ რომ მოაწია, ბიჭებმა სადგურამდე მიგვაცილეს. სახლში მშვიდობით და დროულად დავბრუნდით.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ მოხდა, როდესაც ერთ დღეს სკოლიდან გამოსულებს ეზოში ჩვენი ნაცნობი ბიჭები დაგვხვდნენ. სიურპრიზი გაგიკეთეთო, გვითხრეს. თურმე ერთს, ლექსოს, გულში თაკო ჩავარდნია. გვთხოვეს, სადმე კაფეში დავსხდეთ, აბა, ტყუილად ხომ არ ჩამოვედითო. უარი ვერ ვუთხარით, ოღონდ გავაფრთხილეთ, რომ ძალიან ცოტა დრო გვქონდა. გაკვირვებულები იყვნენ, მაგრამ როდესაც კაფეში დავსხედით, თაკომ მამამისის და ბებიამისის შესახებ უამბო. ლექსო და დათო გაოცებული უსმენდნენ. ლექსომ გაიხუმრასავით, ცოლად გამომყევი და თბილისში წაგიყვან, იქ არავინ არაფერს აგიკრძალავს, დედ-მამაც ძალიან კარგი მყავსო. თაკო გაიბადრა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ამის შემდეგ ბიჭებმა კიდევ ჩამოგვაკითხეს. თაკოს დედას, ნინოს ეს ამბავი არ დავუმალეთ. თაკომ ისიც კი უთხრა, ლექსო ძალიან მომწონსო.

ყველაფერი მაშინ აირია, როდესაც ვიღაც "კეთილისმსურველმა" ბებიამისს ამბავი მიუტანა, თაკოს უცხო ბიჭთან ერთად ვხედავთო. მერე ლილი სკოლაში მოვიდა და ეს ინფორმაცია მასწავლებლებმაც დაუდასტურეს. გაგიჟდა და გადაირია, თაკო სულ წივილ-კივილით წაიყვანა სახლში და იმ დღიდან გამოკეტა. მის ნახვას ვერ ვახერხებდი. ერთხელ მივაკითხე, მაგრამ "გესტაპო" გამომივარდა და უკანმოუხედავად მოვკურცხლე.

ლექსო ახლა მე მირეკავდა და მის ამბავს მეკითხებოდა. მოკლედ, თაკო ისევ შინაპატიმრობაში აღმოჩნდა.

დირექტორისა და მასწავლებლების დიდი ძალისხმევით თაკო მამამისმა, როგორც იქნა, სკოლაში გამოუშვა. გახარებული გადავეხვიე. საკლასო ოთახის ფანჯრისკენ მანიშნა, გავიხედე და დოინჯშემოყრილი ბებიამისი დავინახე."დღეიდან ასე უნდა მდიოსო, შემომჩივლა. ლექსოს ვთხოვე, ერთხანს სკოლასთან მოსვლისგან თავი შეეკავებინა. ბებიამ შვილიშვილს ერთი თვე სდია და რომ დარწმუნდა, აღარავის ხვდებოდა, თავი დაანება... და სულ ტყუილად... იმიტომ, რომ ლექსო დიდი ხნის ჩასაფრებული იყო და როგორც კი თაკო დაიმარტოხელა, მაშინვე ხელი სტაცა...

ორი დღე ეძება მამამისმა, მეც მომივარდა, მამაჩემი რომ არ გადამფარებოდა, ალბათ, მომკლავდა, იცი, სადაც არის და ახლავე მითხარიო. მამამ შეუტია, ჩემს სახლში რამდენს მიბედავ, ან ჩემს შვილს უხეშად როგორ ელაპარაკები, წადი აქედან, თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებო. დედაჩემმა ცხვირწინ მიუხურა კარი და თან დააყოლა, ადამიანები კი არა, მხეცები ხართ, ასე არაადამიანურად როგორ ექცევით გოგოსო.

მერე თაკომ დედამისს დაურეკა და უთხრა, რომ გათხოვდა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა. ყველას გასაკვირად თაკოს სახლიდან აყალმაყალი აღარ გამოსულა. მამამისი თითქოს ერთ წუთში დაპატარავდა და იმ დღის შემდეგ მისი ხმამაღალი ლაპარაკი არავის გაუგონია, აი, ქალბატონი ლილი კი ისევ ისეთი დარჩა, გულღრძო და ენამყრალი. მაგრამ ეს აღარ მაწუხებდა, მთავარია, თაკო იყო ბედნიერი. მართალია, ლექსოს მშობლები ერთხელაც არ მოსულან თაკოს სახლში, მაგრამ დედამისს ხშირად ეხმიანებოდნენ. რამდენჯერმე ნინოც ესტუმრა მალულად სიძე-ქალიშვილს.

ამგვარად, მე ნანატრი ქურთუკი ვერ ვიყიდე, სამაგიეროდ, მის ნაცვლად ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სიყვარული და ბედნიერება იპოვა.

ანა ყარალაშვილი