"ქალი ხელისგულზე უნდა მეტარებინა, მე კი..."
"ქალი ხელისგულზე უნდა მეტარებინა, მე კი..."
"ფიქრში გართულს ვიღაცამ უკნიდან თვალებზე ხელები ამაფარა, გამოიცანი, რომელი ვარო... მის ხმას ათასი ქალის ხმაში გამოვარჩევდი. მაიკო ხარ-მეთქი, დაუფიქრებლად ვუთხარი. აკისკისდა, წლებმა ჩემი თავი არ დაგავიწყაო"

ზოგჯერ ძალიან ცუდად ვექცევით საყვარელ ადამიანებს, მაგრამ მთავარია, ჩვენი საქციელის გამოსწორება შევძლოთ. ჩემი ცხოვრების შეცდომებზე გწერთ, იმედია, ბევრს ჩააფიქრებს და სწორ გზაზე დააყენებს.

თეო ცოლად ისე შევირთე, სიყვარული არ ამიხსნია. გრძნობა, ალბათ, მქონდა, მაგრამ სიყვარულს ამას ვერ დავარქმევდი. ეს იცოდა და ზედმეტი კითხვებით არ
მღლიდა. უბრალოდ, მასთან ურთიერთობა კომფორტული იყო. ჩემი მეუღლე ძალიან კარგი დიასახლისი გამოდგა. შინ ყოველთვის შეუდარებელი სისუფთავე და გემრიელი ვახშამი მხვდებოდა. მერე გოგონა შეგვეძინა. მოკლედ, ყველაფერი კარგად იყო, ერთი მომენტის გარდა - სულში სიცარიელეს ვგრძნობდი და ამის შევსებას სამსახურით, მეგობრებთან ურთიერთობით ვცდილობდი. გული შინისაკენ არ მიწევდა,
უფრო მეტიც, იქ მისვლა ძალიან არ მინდოდა.

იმ დღესაც სამსახურის მერე მეგობარმა გამომიარა, ხინკალსა და ლუდზე დამპატიჟა. თეო არ გავაფრთხილე, რომ დამაგვიანდებოდა, ტელეფონიც კი გამოვრთე, რომ არ დაერეკა. ორი საათის შემდეგ მეგობარს მეუღლემ დაურეკა და სასწრაფოდ უნდა გავიქცეო, მომიბოდიშა. გარეთ გამოვედი და სკვერში შევბოდიალდი, ამ ადგილას სტუდენტობისას მაიკოს ვხვდებოდი. ლამაზი გოგო იყო, გრძელი შავი თმა ჰქონდა და ღიმილის დროს ლოყები ეჩხვლიტებოდა. მაიკოზე ფიქრში გართულს ვიღაცამ უკნიდან თვალებზე ხელები ამაფარა,"გამოიცანი, რომელი ვარო... მის ხმას ათასი ქალის ხმაში გამოვარჩევდი."მაიკო ხარ-მეთქი, დაუფიქრებლად ვუთხარი. აკისკისდა, წლებმა ჩემი თავი არ დაგავიწყაო.

ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მე ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ჩემი გრძნობა უფრო ძლიერი იყო. ხშირად მებუტებოდა, მერე გვიანობამდე მისი სახლის აივანთან ვიდექი ხოლმე და ბებიამისს ვეხვეწებოდი, დაელაპარაკეთ, იქნებ გამოვიდეს და შემირიგდეს-მეთქი. ციკო ბებიას ძალიან მოვწონდი. მერე მაიკოს მამა სამუშაოდ სხვა ქალაქში გადაიყვანეს და ჩვენც დაშორებამ მოგვიწია. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ხშირად ვურეკავდით, მუდმივად მენატრებოდა. ზოგჯერ მესიზმრებოდა, რომ სხვას ეხვეოდა და კოცნიდა, გამოღვიძებულს კი ეჭვი მღრღნიდა. სწორედ ამიტომ, როდესაც თანაკურსელმა თეომ, რომელზეც ყურმოკვრით ვიცოდი, რომ მოვწონდი, დაბადების დღეზე დამპატიჟა, უარი არ მითქვამს, ვიფიქრე, გულს გადავაყოლებ-მეთქი. იმ დღეს კარგად მოვილხინე, ეტყობა, სასმელიც მომეძალა და დილით მე და თეომ ერთ საწოლში გავიღვიძეთ. ამის შემდეგ ერთად უფრო მეტ დროს ვატარებდით. ხშირად ვსტუმრობდი, არაფერს მთხოვდა, არაფერზე მსაყვედურობდა, მუდმივად ალერსიანი და თბილი იყო.

მოკლედ, მაიკოსთან განშორებასა დადარდს თეოსთან გატარებული დროით ვიქარწყლებდი. ზაფხული იყო, როცა მაიკო \ჩამოვიდა და შეხვედრები განვაახლეთ. ერთხელაც ღამით, როდესაც სახლამდე მივაცილე და დამშვიდობების ნიშნად ვნებიანად ვაკოცე, მომეკრა და "სახლში არ მინდაო, ჩამჩურჩულა. ის ღამე ერთად გავატარეთ. ჩემს ბედნიერებას ენით ვერ აღვწერ. დილით ცოლობა ვთხოვე. თავისი საფირმო ღიმილით დამასაჩუქრა,"მშობლებს ვუთხრათ და გამოგყვებიო, მითხრა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში თეო არც კი გამხსენებია. აგვისტოში ტელეფონზე მისგან შეტყობინება მომივიდა,"ორსულად ვარო, მწერდა. პანიკამ შემიპყრო. საღამოს მაიკოსთან გავქანდი. აივნიდან დამინახა და ეზოში ჩამოირბინა. შეშლილი სახე გაქვს, ხომ არაფერი შეგემთხვაო. ეზოში სკამზე ჩამოვსხედით, ძალა მოვიკრიბე და ყველაფერი ვუამბე. ჩუმად მისმენდა. თვალები ცრემლებით ევსებოდა, აკანკალებული თითებით ნერვიულად ისწორებდა თმას.

ამქვეყნად ყველაფერს ავიტანდი, მის დაკარგვას კი ვერაფრით შევეგუებოდი, მაგრამ მისი მოტყუება არ მინდოდა. ბოდიშს ვუხდიდი, ვემუდარებოდი, არ მივეტოვებინე, ისიც ვუთხარი, რომ თუკი თეო ბავშვის გაჩენას განიზრახავდა, ყველანაირად დავეხმარებოდი, მაგრამ ცოლად მხოლოდ ის მინდოდა."
არაფერი უთქვამს, ისე გამშორდა. მე კი იმედს მაინც არ ვკარგავდი, რომ მაპატიებდა. მეორე დღეს რომ არ დამირეკა, თავად მივაკითხე, კარი ციკო ბებიამ გამიღო და შვილიშვილის ქალაქიდან წასვლა მაცნობა.

მაიკოს ვერც მომდევნო დღეებში დავუკავშირდი და მივხვდი, რომ ჩემგან სამუდამოდ წავიდა და მეც შევეგუე იმ აზრს, რომ მამა უნდა გავმხდარიყავი. თეოსთან შეხვედრას თავს დიდხანს ვარიდებდი. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. ბოლოს, როგორც იქნა, შევხვდით. განაზებული და უსუსური მომეჩვენა. გადავწყვიტე, რომ ცოლად შემერთო. ყველაზე მეტად ამის გაკეთება მაიკოს ჯიბრზე მომინდა.
თეო რვა თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ერთი თვის შემდეგ გოგონა შეგვეძინა. ბავშვის დაბადებამ ძალიან გამაბედნიერა. მიუხედავად იმისა, რომ თეო არ მიყვარდა, შვილზე ვგიჟდებოდი. როცა ჩემი გოგო ცოტა წამოიზარდა, ბებიებთან სულ უფრო ხშირად რჩებოდა და მეც სახლში დროულად მისვლა აღარ მეჩქარებოდა. თეო არასდროს მსაყვედურობდა, არ წუწუნებდა. მისი ასეთი საქციელი მეც მაწყობდა.

გამოხდა ხანი და სოციალურ ქსელში მაიკოს წავაწყდი. ბედნიერი ჩანდა. მისი კარგად ყოფნა არ გამიხარდა, უფრო მეტიც, მეწყინა. მოვიკითხე და მივწერე, რომ ძალიან კარგად ვარ, რომ არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი მყავს და ბედნიერი ვარ. ისიც მოვიტყუე, რომ მეორე შვილის გაჩენას ვფიქრობდით...."მიხარია შენი კარგად ყოფნაო, პასუხად მხოლოდ ეს მივიღე და მეტი არაფერი....
და აი, ამდენი ხნის შემდეგ სკვერში ისევ მისი ხმა გავიგონე." ყავის დასალევად და სასაუბროდ კაფეში დავპატიჟე. არ დამიმალავს, რომ ისევ ისე მიყვარდა, რომ თეო ცოლად მის ჯიბრზე მოვიყვანე. ახლაც შინ მისვლა არ მინდა და სკვერში ამიტომ ვზივარ-მეთქი.... სახიდან ღიმილი გაუქრა. ახლა გაბრაზებული გამომეტყველება ჰქონდა."საბრალო თეოო, თქვა ბოლოს,"შენ კი როგორი არაკაცი ყოფილხარ, ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავი გიყვარდა და არასდროს აფასებდი იმას, რაც გქონდაო...
შინ ძალიან გვიან დავბრუნდი. ბინაში სიცივე და სიცარიელე დამხვდა. თეოს დავუძახე, მაგრამ პასუხი არავინ გამცა. ისეთი მთვრალი ვიყავი, დივანზე პირქვე დავემხე და ჩამეძინა. დილით საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე. თეო და ჩემი შვილი შინ არ იყვნენ. ტელეფონი ჩავრთე და თეოს რვა ზარი იყო შემოსული... მერე სიდედრს დავურეკე, რომელმაც მითხრა, თეო და ბავშვი ჩემთან არიან და შენთან დაბრუნებას აღარ აპირებენო.

ორი კვირის განმავლობაში სახლში მარტო ვცხოვრობდი. შინ მისვლისას ჩემი გოგოს კისკისი და თეოს გამომცხვარი ბლინები აღარ მხვდებოდა. მივხვდი, რომ ძალიან მაკლდა ის, რაც აქამდე მქონდა. მაიკოს სიტყვებიც გონებიდან არ ამომდიოდა...
ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ თეოს სიყვარული სათანადოდ არ დავაფასე, არადა, ხელისგულზე უნდა მეტარებინა, მე კი... ამის ნაცვლად\ ყოველდღიურად გულს ვტკენდი. იმ დღეს მტკიცედ გადავწყვიტე ყველაფრის თავიდან დაწყება. სიდედრთან ხელცარიელი მისვლა არ ღირდა, ამიტომ თაიგული ვიყიდე და თეოსკენ გავემართე. კარი \სიდედრმა გამიღო და თაიგულის დანახვაზე გაეღიმა. გავუწოდე და ცოლი მოვიკითხე. სიდედრი წინ გამიძღვა. ჩემი გოგონა, ლიზიკო საბავშვო ბაღში წაეყვანათ. თეო სამზარეულოში ტრიალებდა. ჩემს დანახვაზე ხელები წითელ წინსაფარზე შეიწმინდა და დაღლილი, მაგრამ ლამაზი თვალებით მომაჩერდა.

"- მაპატიე, - ამოვთქვი, როგორც იქნა,"- მიყვარხარ და გულს აღარასდროს გატკენ."
თეო სკამზე დაეშვა და ატირდა. მოვეხვიე და მივხვდი, რომ ჩემი თბილი და მოსიყვარულე ცოლი ამქვეყნად ყველა ქალს მერჩივნა.

ანა ყარალაშვილი
ხათუნა
01 მარტი 2018 01:46
გონიერი, ნებისყოფიანი და ჭკვიანი კაცი ყოფილხარ, უფალი გფარავდეს შენც და იმ ჭკვიან გოგონასაც, რომელმაც შენი სისუსტით კიარ ისაგებლა და ოჯახი კიარ აგირია, სწორ გზაზე დაგაყენა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები