როცა ქალს უყვარს... - კვირის პალიტრა

როცა ქალს უყვარს...

"თქვენი რუბრიკის წინა ნომერში დაბეჭდილმა წერილმა, "მეორე იმედგაცრუება გაცილებით მძიმე აღმოჩნდა", ჩემი თავგადასავალი გამახსენა. დამენანა თქვენი

რესპონდენტი ნანა. საერთოდ, ყველა იმედგაცრუებული ადამიანი მეცოდება, მაგრამ ქალი, როცა უყვარს, ზოგჯერ შეგნებულად იტყუებს თავს. ასე დამემართა მეც. ჩემთვის ფული არავის მოუპარავს, მაგრამ კაცმა, რომელიც თავდავიწყებით მიყვარდა, იმდენი გამომძალა, თქმისაც კი მრცხვენია. იგი პატიმარი იყო. მეგონა, ნანობდა და შეცდომის გამოსყიდვას, სწორ გზაზე დადგომას და სიყვარულით და სიკეთით ცხოვრებას ცდილობდა. 5 წელი ჰქონდა დარჩენილი. მეგონა, ორ-სამ წელიწადში გაათავისუფლებდნენ. მეუბნებოდა ხოლმე, - არაფერზე შეწუხდე, მე ისიც მყოფნის სასიხარულოდ, ამქვეყნად რომ არსებობო. თუკი რაიმეს წაიწუწუნებდა, მოსვენებას ვკარგავდი, ყველანაირად ვცდილობდი, რომ მისი ძმისთვის გამეტანებინა ფული,  ციხეში პრობლემებს ხომ ვუგვარებდი, მის მშობლებსა და ძმასაც გვერდით ვედექი. ისეთ წერილებს მწერდა, ქვას აატირებდა. ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა. ეს კი ასე გავიგე: ერთ მშვენიერ დღეს დათოს ვრცელი სასიყვარულო მესიჯი მივიღე. ოღონდ მე კი არა, ვიღაც თეონას სწერდა და ზუსტად იმ სიტყვებით ეფიცებოდა სიყვარულს, როგორითაც მე. კინაღამ გული გამისკდა... ფულს და დროს აღარ დავეძებდი, კიდევ კარგი, მაინც დროულად გავიგე ყველაფერი. ხომ შეიძლებოდა, როგორც ვგეგმავდით, ხელი მისი გათავისუფლებისთანავე მოგვეწერა... ეს წერილი გაფრთხილებაა... თუმცა, კარგად ვიცი, სანამ ქალი თავად არ გამოცდის ამ სიმწარეს და იმედგაცრუებას, სხვისი არ ესმის, არც სჯერა, რადგან უყვარს...

სალომე".

თ.კ., თბილისი".