"მა­მა დე­დას აბ­რა­ლებ­და, შე­ნი ბრა­ლია, ის ბი­ჭი რომ მა­ცე­მი­ნე, ახ­ლა გყავდეს ში­ნა­ბე­რაო" - კვირის პალიტრა

"მა­მა დე­დას აბ­რა­ლებ­და, შე­ნი ბრა­ლია, ის ბი­ჭი რომ მა­ცე­მი­ნე, ახ­ლა გყავდეს ში­ნა­ბე­რაო"

ქალბატონი თეა ძალიან დარდობს წლების წინ ხელიდან გაშვებული შანსის გამო. ამბობს, რომ სიყვარულს შესწირა განათლება, მომავალი, სავარაუდო წარმატებული კარიერა და სანაცვლოდ მიიღო შინაბერობა. მისი წერილის სტილი დაცულია:

"კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, რომ ამბობენ, მართალი ყოფილა. მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული დიდხანს ვოცნებობდით ერთად ყოფნაზე, ლამაზი ოჯახის შექმნაზე და ხშირად დაგვიწყვია გეგმები, რომლებიც ჩვენს თანაცხოვრებას ეხებოდა. გვინდოდა, მშობლებისგან მალულად გავპარულიყავით სადმე ზღვისპირეთში. შინ უნდა დაგვეტოვებინა წერილები და როცა წარმოვიდგენდით, ჩვენს მშობლებს ამ წერილების კითხვისას როგორი რეაქცია ექნებოდათ, ამაზეც ბევრს ვხალისობდით. წერილის შინაარსი ხშირ-ხშირად იცვლებოდა, რადგან ხან გვეცოდებოდა მშობლები, ხან კი დაუნდობლები ვიყავით და მივახლიდით, რომ ამ ნაბიჯისკენ თავად გვიბიძგეს, რადგან ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ გიო და გიოს მშობლებიც მიწუნებდნენ, - ოჯახში ასეთი რძალი არ გამოგვადგებაო.

მოკლედ, დაწუნებულები ჩვენს ბუდეში მივდიოდით და მშობლებზე ვიცინოდით. გვეგონა, ვერაფერი დაგვაშორებდა, თუ არა სიკვდილი. ბუდე კი მეგობრის სახლში გვქონდა. ჩემი მეგობრის დედა საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული, მამა არ ჰყავდა, შინ მხოლოდ თეკო და მისი ბებო იყვნენ, ისინი კი ხელს არაფერში გვიშლიდნენ, პირიქით - ქეთევან ბებო (გაანათლოს ღმერთმა მისი სული) ხშირად გვიმასპინძლდებოდა თავისი არაჩვეულებრივი ხაჭაპურით და იცინოდა: მოდით, ბავშვებო, დანაყრდით და არ დამივიწყოთ, იცოდეთ, პირველი შვილი მე მომანათვლინეთ, როცა დაოჯახდებით და პაწია გეყოლებათო. ის ხშირად გვიამბობდა საკუთარ თავგადასავალსაც, რომ სადედამთილო იწუნებდა, ყველგან ლანძღავდა თურმე, მაგრამ მერე, როცა მის ოჯახში მაინც შევიდა, ისე შეაყვარა თავი, რომ სიკვდილამდე ქეთევან ბებოს მზეს ფიცულობდა და მის გამზრდელებს აქებდა, - ასეთი კარგი რომ გაგზარდეს, მაგიტომაც უნდა იცოცხლონ 100 წელიწადი. მე გიწუნებდი და თურმე, დასაბრმავებელი თვალები ოქროს ვერ ამჩნევდნენ, უბრალო ლითონი მეგონეო. ჰოდა, გვაიმედებდა ქეთევან ბებო, ოღონდ - გვაფრთხილებდა კიდეც: ცუდი არაფერი იკადროთ და არაფერი აკადროთ პირველ რიგში, საკუთარ თავს. იცოდეთ, ვინც მოითმენს, ის მოიგებს. ცუდკაცობით შორს ვერც ერთი ვერ გაცურავთ. ისეთ რამეს ნუ გააკეთებთ, რომ ის ტოტი მოიჭრათ, რაზეც ზიხართო... ვხვდებოდით მის გადაკრულებს და ბებოს რჩევებს ვითვალისწინებდით კიდეც. ცუდი მართლა არაფერი გაგვივლია გულში. გიოც ნამდვილი ჯენტლმენივით იქცეოდა, ზედმეტი არასდროს არაფერი უკადრებია და მადლობა ღმერთს, ასე რომ მოხდა... გაგრძელება