"თუ სიჯიუტეს ვერ მოვერიე, დედას დავკარგავ"
26-02-2018
"თუ სიჯიუტეს ვერ მოვერიე, დედას დავკარგავ"
"მისმა გულახდილობამ უფრო გამაგიჟა, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ დედაჩემი აღარ იყო ის თავქარიანი ქალი, როგორსაც ვიცნობდი"

მე დავითი მქვია. 30 წელს გადავაბიჯე. სულ მარტო ვარ და მინდა ჩემ შესახებ გიამბოთ.

შორიდან დავიწყებ. დედაჩემი თხუთმეტი წლის იყო, როდესაც მეზობელ ბიჭთან ერთად გაიპარა. დედაჩემი მაშიკო მწვანეთვალება, ჩალისფერთმიანი ლამაზი გოგო იყო. ბებიაჩემი ძალიან დარდობდა, რა ეჩქარებოდაო, მაგრამ ვერაფერს გახდა და ბედს შეეგუა.
დედა თექვსმეტი წლის იყო, როცა გამაჩინა. მამა ბედნიერებისგან ფრენდა, ბიჭი შემეძინაო,
მაგრამ ჩემთან ყოფნით დიდხანს ვერ დატკბა. მეზობლის ბიჭმა მოტოციკლეტი ათხოვა და ეს მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

დედაჩემს მამა არ ჰყავდა, ამიტომ დედა და ბებია მზრდიდნენ. თვეების ვიყავი, როდესაც გადაღლილ დედაჩემს ჩემ გვერდით ჩათვლიმა, მე კი განწირული ხმით ავტირდი. ამაზე გაბრაზებული მეზობელი ამოვარდნილა და ბებიაჩემისთვის უყვირია, მაშიკოს
უთხარი, ბავშვი გააჩუმოს, შევწუხდიო... აფეთქებულა ბებიაჩემი, მაშიკოს რა ვუთხრა, თვითონ ბავშვიაო და გაუგდია ის მეზობელი... ამ დღის შემდეგ ჩემზე ზრუნვა ბებიაჩემმა გადაიბარა.

ზოგჯერ მამაჩემის მამა, ბაბუა ნოდარი მაკითხავდა და გასასეირნებლად მივყავდი. დედაჩემი მას ბატონოთი მიმართავდა. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და ყველა დიდი პატივისცემით ეპყრობოდა. ბაბუა ძალიან მიყვარდა და მასთან გატარებული დრო ჩემთვის დღესასწაული იყო. სკოლა რომ დავამთავრე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული რამ მოხდა - ბებია დამეღუპა. ვერაფრით წარმომედგინა, მის გარეშე როგორ უნდა ვყოფილიყავი, დედა კი მყავდა, მაგრამ უცხო იყო ჩემთვის.

მაშიკოსთან ცხოვრება ადვილი არ აღმოჩნდა. კიდევ კარგი, შინ ხშირად არ იყო. დროს, ძირითადად, გარეთ, მეგობრებთან ატარებდა. არ ვიცი, სად, მაგრამ, როცა მაშიკო ცოტა ფულს იშოვიდა, იმ დღეს ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედა ამბობდა, სამსახურის შოვნა მიჭირსო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ტყუოდა, მუშაობა მისი საქმე არ იყო. ბოლოს იმ ზომამდე მივედით, რომ ბინა გავყიდეთ და საცხოვრებლად ბაბუასთან, ბატონ ნოდართან გადავედით. სიხარულით მიგვიღო, მით უმეტეს, რომ ჩემ გარდა, სხვა შვილიშვილი არ ჰყავდა.
მაშიკო ისევ სულ გარეთ იყო. ერთხელ, როცა დედა გამთენიისას დაბრუნდა, მკაცრად გააფრთხილა, რომ თუ სურდა მის სახლში ეცხოვრა, ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც ნორმალურ ქალს შეეფერებოდა.

მაშინ დედამ ბარგი ჩაალაგა და წავიდა. სად მიდიოდა, ხეირიანად თვითონაც არ იცოდა. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ვიღაც ცოლიან კაცს ხვდებოდა, რომელმაც ბინა უქირავა.
ერთხელ ატირებულმა დამირეკა, საავადმყოფოში ვწევარ და პატრონი არავინ მყავსო. ბაბუასთვის არაფერი მითქვამს, მასთან ისე გავქანდი. მართლაც ძალიან ცუდად იყო. ვირუსი შეჰყრია, რომელიც გაურთულდა. თვალები ჩაღამებული ჰქონდა. ერთი კვირა გვერდიდან არ მოვშორებივარ, თავს ვევლებოდი. გოგო რომ მყოლოდა, ისიც კი ვერ მომივლიდა შენსავითო, მეუბნებოდა თვალცრემლიანი. მიამბო, რომ კაცი, რომელთანაც ცხოვრობდა, დაშორებია. უთქვამს, ევროპიდან ჩემი ცოლი ბრუნდება და ნაღმზე ჯდომა არ მინდაო, თან მკაცრად გაუფრთხილებია, მათი ურთიერთობის შესახებ არავისთან არაფერი წამოსცდენოდა. როცა დედა გამოკეთდა, მეგობართან დაბინავდა, მე კი ბაბუასთან დავბრუნდი.
ოცდაათი წლის ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა. მარტო დავრჩი და მაშო საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიყვანე. ყველაფრის მიუხედავად, მასზე მზე და მთვარე ამომდიოდა,"თუმცა დედას არ ვეძახდი, ჩემთვის ის მაშიკო იყო.

მაშიკო ისევ ძველებურად ცხოვრობდა - შინ გვიან ბრუნდებოდა, ზოგჯერ ნასვამიც. ამაზე ვსაყვედურობდი, თუმცა ამაოდ, არაფერი ესმოდა.
მალე მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა. ცოტა, მაგრამ ჩვენი სამყოფი ფული ყოველთვის გვქონდა. ერთ დღესაც მშენებლობაზე ჩემივე ტოლი ბიჭი მოვიდა სამუშაოდ. რაიონიდან იყო. ღამეს ნათესავთან ათევდა, მათ კი თურმე თავიანთი დასაწოლი ადგილიც უჭირდათ.
იმ დღეს გვიანობამდე ვიმუშავეთ. ორივე დაღლილები და მშივრები ვიყავით. შემეცოდა და ღამის გათევა ჩემთან შევთავაზე. გაუხარდა და მაშინვე დამთანხმდა. შინ რომ მივედით, ჩემდა გასაოცრად, მაშიკო სამზარეულოში წვნიანს ამზადებდა, მაგიდაზე კი ლამაზად დაჭრილი ყველი და თეფშით მჭადები ეწყო. დედას გადავეხვიე და ლოყაზე ვაკოცე."მაშო, ეს ჩემი თანამშრომელი კოტიკოა-მეთქი, გავაცანი.

როცა ვივახშმეთ, სამივე ტელევიზორს მივუჯექით. მაშომ სტუმარს კითხვები დააყარა და ისიც ხალისიანად პასუხობდა. მერე კოტიკოს თავისი საძინებელი ვაჩვენე და ღამე მშვიდობისა ვუსურვე.
კოტიკო მომდევნო დღეებშიც ჩემთან დარჩა. ისეთი საცოდავი თვალებით მიყურებდა, დარჩენა ისევ მე შევთავაზე. რა გასაკვირიც უნდა ყოფილიყო, დედაჩემი შინიდან აღარ გადიოდა, რაც ძალიან მიხაროდა.

ერთ დღესაც, სამსახურის მერე შინ მისულებს სიბნელე დაგვხვდა. მაშო სამზარეულოში სანთლის შუქზე ჟურნალს კითხულობდა."დენი ჩაგვიჭრესო, მოწყენილმა ამოგვხედა. ხელფასამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, ამიტომ ვერც მე და ვერც კოტიკო ვერაფერს გავხდებოდით."არა უშავსო, თქვა უცბად კოტემ და წავიდა. ცოტა ხანში დაბრუნდა ხელში ლუდის ბოთლებით,"დავლიოთ და ვილაპარაკოთო. სასიამოვნო საღამო გამოგვივიდა. ამბები გავიხსენეთ, ანეკდოტებს მოვყევით, მაშიკომ გვიმღერა კიდეც...
ერთ დღესაც კოტიკო ავად გახდა და სამსახურში მარტო წავედი. საღამოს შინ ძალიან დაღლილი დავბრუნდი, ერთი სული მქონდა, საწოლამდე მიმეღწია. კარი ჩემივე გასაღებით გავაღე, ფეხსაცმელი გავიხადე და სამზარეულოსკენ გავეშურე. ვერანაირი სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რაც მაშინ დამემართა - კოტე და დედაჩემი ერთმანეთს ეხვეოდნენ. ჩემი შესვლა არც გაუგიათ. ყვირილი და გინება რომ ავტეხე, გონს მოეგნენ. კოტე სკამზე გადაფენილ პიჯაკს სწვდა და წასვლა დააპირა, მაგრამ მუშტი დავარტყი. წიხლი უნდა დამეყოლებინა, რომ მაშიკო გადაეფარა. კოტე წამოდგა, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. არაფერი უთქვამს, კარისკენ ბარბაცით წავიდა... ან რა უნდა ეთქვა...

კოტე მეორე დღეს სამსახურში არ მოსულა, არც მომდევნო დღეებში... დედაჩემს ხმას არ ვცემდი. ისიც დუმდა. ერთი თვის შემდეგ დამელაპარაკა. იმ საღამოს დიდხანს ვისაუბრეთ. ყველაფერი გულწრფელად მითხრა: საშინლად განვიცდი, რაც მოხდა, ისიც კარგად მესმის, რომ შვილისტოლა ბიჭის შეყვარება არანორმალურია, მაგრამ უმისოდ ყოფნა ჯოჯოხეთად მექცაო. მისმა გულახდილობამ უფრო გამაგიჟა, საშინელი სიტყვები მადგა ენაზე, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ დედაჩემის ცხოვრებაში რაღაც გარდატეხა მოხდა, ის აღარ იყო თავქარიანი, უპასუხისმგებლო ქალი, როგორსაც ვიცნობდი.

დედას ხმის ამოღება უჭირდა, მერე ძლივს წამოდგა და თავის ოთახში გავიდა. კიდევ რამდენიმე დღე ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. სამსახურიდან დაბრუნებულს სულ შინ მხვდებოდა, მაგრამ ოთახიდან არ გამოდიოდა, მეც არ ვეხმიანებოდი, ისიც არ ვიცოდი, როდემდე გაგრძელდებოდა ასე, რომ არა ის საღამო, როცა შინ მისული კარგა ხანს ვერც კი მივხვდი, სახლში რომ არ იყო. კარგად რომ დაბნელდა და სინათლე არ აანთო, კარზე მივუკაკუნე, პასუხი რომ არ გამცა, კარი შევაღე - მაშიკო ოთახში არ იყო, არც მისი ნივთები ჩანდა და უცებ საშინელმა აზრმა დამარტყა თავში, `ნუთუ წავიდა, კი მაგრამ, სად?~ მობილური გამორთული ჰქონდა, ისიც არ ვიცოდი, სად უნდა მეძებნა.

ის ღამე თეთრად გავათენე. ის იყო, ირიჟრაჟა, რომ ტელეფონმა დარეკა, მაშო იყო, მშვიდი ხმა ჰქონდა, მხოლოდ ის მითხრა, კოტესთან ერთად მის სოფელში ვარ, ბედნიერი და შენც იმავეს გისურვებო. პასუხის თქმა არ დამაცადა, ისე გათიშა ტელეფონი.

ამ ამბიდან უკვე წელიწადი გავიდა. მაშოს არც მე შევხმიანებივარ, არც თავად დაურეკავს. ძველი ნაცნობის მეშვეობით მხოლოდ ის შევიტყვე, რომ დედაჩემი და კოტე ბედნიერად ცხოვრობენ, რომ პატარასაც ელოდებიან და სოფელში წყვილი ყველას ძალიან უყვარს.

მე ისევ ძველებურად ვცხოვრობ. დროდადრო მაშოს მონატრება მომეძალება ხოლმე. ბოლო დროს იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, სოფელში ხომ არ ჩავაკითხო-მეთქი, თუ სიჯიუტეს არ მოვერიე, დედას დავკარგავ და სანამ თავს არ გამოვუტყდები, რომ მაშო მე უფრო მჭირდება, ვიდრე მას მე, მანამდე ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამ. ვნახოთ.
Linda
05 მარტი 2018 15:24
Kvela kals akvs bednıerebıs upleba..shvılos tola kı shecdoma..magram sıkvarulı sxvagan ver naxa..ıse unda momkdarıko?? Kartvelı kacebı amas ver mıxdebıan..deda naxe da charcute..ertxel vcxovrobt
neliko
05 მარტი 2018 01:12
გეთანხმები მზია
mzia
02 მარტი 2018 12:40
მაშოს მაგრად გაუმართლა შვილშიც და სიყვარულშიც. რამდენი დედაა შვილებს თან ჰყვებიან, მაგრამ შვილები ამაგს მაინც არ უფასებენ. შვილის ტოლმა კი ცოლად წაიყვანა . მაშოს ახლა მოსიყვარულე ქმარიც ჰყავს და კარგი შვილიც, რომელმაც დედას წარსული აპატია და შერიგებაც უნდა.

რედაქტორის რჩევით