დავაქორწინეთ, მააშ!.. - კვირის პალიტრა

დავაქორწინეთ, მააშ!..

ზოგჯერ ცხოვრება მეტად საინტერესო ადამიანებს გვახვედრებს. ზურაც ასეთი იყო და მასზე მინდა გიამბოთ.

ბავშვების აღზრდას დიდი დრო დავუთმე და როცა მივხვდი, წამოიზარდნენ და რაღაცების კეთება დამოუკიდებლად შეეძლოთ, გადავწყვიტე, დიასახლისობას დავმშვიდობებოდი და სამსახურის ძებნა დავიწყე. ძნელი გამოდგა, ყველგან გამოცდილი კადრი უნდოდათ, მე კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამით ვერ დავიტრაბახებდი. ცოტა არ იყოს, საკუთარ შესაძლებლობებში უკვე ეჭვიც მეპარებოდა, მაგრამ ბედმა გამიღიმა და ერთ-ერთ ფირმაში მიმიღეს.

პირველივე დღეს ცოტა ადრე მივედი, სამსახურის კარი დაკეტილი დამხვდა. ზამთარი იყო, ყინავდა. სიცივე ძვალ-რბილში ატანდა და ფეხების ბაკუნი დავიწყე, თან დროდადრო შუშის კარიდან კედლის საათს ვუყურებდი. დრო თითქოს ჯიბრზე ნელა გადიოდა. მოულოდნელად ასე, სამოც წლამდე მამაკაცი გამოჩნდა. ომახიანად მომესალმა. ავტომესადგომე აღმოჩნდა. "ზუსტად ათ საათზე გაიღებაო, მითხრა. ჩემს ახალ ნაცნობს ზურა ერქვა. აქ ყველას ვიცნობო, მითხრა,"გოგოები ზოგჯერ ცხელი ყავითაც მიმასპინძლდებიანო. ძალიან ენაწყლიანი გამოდგა და რამდენიმე წუთში იმდენ რამეს მოჰყვა - რომ კაპიკებზე მუშაობს, მაგრამ ბედს არ უჩივის. ამასობაში დრო გავიდა და ჩემი ახალი თანამშრომლებიც მოვიდნენ.

დროთა განმავლობაში ყველას დავუახლოვდი. მხოლოდ კომპანიის მფლობელს არ ვიცნობდი. ვახო შავგვრემანი, წარმოსადეგი კაცი იყო. ოფისში თვალის დახამხამებაში შემოქროლდებოდა, ყავას თავად მოიდუღებდა და მერე ჭიქით ხელში ყველა დეპარტამენტის უფროსს ჩამოურბენდა, ამბებს გამოჰკითხავდა და ასევე სწრაფად გაქრებოდა. ცოლიანი იყო, მაგრამ ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც სხვებზე მეტად დავუახლოვდი, ის ძალიან მოსწონდა. ელენე ორმოცდათხუთმეტი წლის ეშხიანი ქალი იყო. ვნებიანი ტუჩებით და ავაზასებრი მზერით. ვახოს მის მიმართ ყურადღებას ვერ ვამჩნევდი, მაგრამ ჩემი მეგობარი მიმტკიცებდა, ძალიან მოვწონვარო. ერთი-ორჯერ ვცადე, ამეხსნა, რომ რაღაცებს ამეტებდა, მაგრამ გამინაწყენდა და თავი დავანებე. ელენე ქვრივი იყო, ორი მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა.

ერთხელ მოსაწევად გარეთ გამიხმო. არ ვეწეოდი, მაგრამ სოლიდარობის გამო ზოგჯერ მივყვებოდი. უეცრად თვალები გაუფართოვდა და თავისი ავტომანქანისკენ გაემართა. მეც უკან გავყევი. მანქანაზე თაიგული იდო. სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა. "ხომ გეუბნებოდი? ვახოს გარდა, ამას ვინ იზამდა?" - მითხრა გახარებულმა. კაცმა არ იცის-მეთქი, ვუპასუხე მოკლედ.

ელიკოს ყვავილები მომდევნო დღეებშიც ხვდებოდა და მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. "რატომ არაფერს მეუბნება?"- მკითხა ერთხელ. მხრები ავიჩეჩე."ალბათ, ერიდება, თუმცა მორიდებული კაცი არ ჩანსო, დაასკვნა თვითონვე.

ყოველ დილით სამსახურში მოსვლის დროს ზურა კართან მხვდებოდა, გულის ჯიბიდან საათს ამოიღებდა და მეტყოდა, დროზე მივედი თუ ცოტა დამაგვიანდა. თუკი დაგვიანებით მივიდოდი,"ჯარიმად ყავა მომიდუღეო, მთხოვდა. სანამ ზურა ყავას სვამდა, ცალი თვალით ელენეს უმზერდა, ქალი კი მას აინუნშიც არ აგდებდა.

ერთხანს ვიეჭვე, რომ ყვავილები სწორედ ზურას საჩუქრები იყო, მაგრამ ამის დარწმუნებით თქმა არ შემეძლო და მეც ჩემს ეჭვს ელენეს არ ვუზიარებდი.

ერთხელ თანამშრომლებთან ერთად კორპორაციულ საღამოზე წავედი. ელენე ვახოს მოლოდინში რესტორნის ტერასაზე გაყინული თითებით ღერს ღერზე ეწეოდა. ჩვენი კომპანიის მფლობელი მეუღლესთან ერთად საგულდაგულოდ გამოწყობილი მოვიდა. მაგიდასთან მე და ელენე მათ პირისპირ აღმოვჩნდით. ჩემი მეგობარი ვახოსკენ ფარულ მზერას აპარებდა, ცდილობდა, რაიმე ხელჩასაჭიდი შეემჩნია და ვახოს სიმპათია დაედასტურებინა. ცოტაც და, ელენე შეზარხოშდა, ეტყობა, სითამამისთვის მიეძალა სასმელს და როგორც კი ვახო მეუღლესთან ვალსის ცეკვას მორჩა, დრო აღარ დაუკარგავს და სთხოვა, ხომ არ ვიცეკვოთო. ცეკვის შემდეგ ვახო დარბაზიდან გავიდა. ესეც უკან გაედევნა. კაცი საპირფარეშოში შევიდა და როგორც კი გამოვიდა, კართან დახვდა. ეს მამაკაცებისააო, - უთხრა ქალს, ეტყობა, იფიქრა, ნასვამს საპირფარეშოები აერიაო. ვიცი, სალაპარაკო მაქვსო, - მტკიცედ უთხრა ელენემ. თუ ასე მოგწონვართ, არ სჯობს, პირდაპირ მითხრათო? კაცი ვერაფრით მიხვდა, რა უნდოდა ელენეს, ბოლოს ისღა ამოღერღა, მგონი ვიღაცაში აგერიეთო და მაშინ ელენემაც იფეთქა, აბა, ყვავილებს რატომ მჩუქნიდითო?!.. მოკლედ, ვახომ სასმლით გონებაარეულ ქალს ვერაფერი შეასმინა.

ჩემი მეგობარი დარბაზში თვალცრემლიანი დაბრუნდა. არაფერი მიკითხავს, მხოლოდ ამოვილუღლუღე, ხომ არ წავიდეთ-მეთქი. კარგიო, თავი დამიქნია. როცა ტაქსიში ჩავსხედით, სლუკუნით ყველაფერი მიამბო. იმ საღამოს არაფრის თქმას აზრი არ ჰქონდა. სახლამდე მივიყვანე და წამოვედი.

მეორე დილას სამსახურში წასვლამდე დამირეკა,"ისე მრცხვენია, აღარ ვიცი, რა ვქნაო. სამსახურის დაკარგვა მისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო, რადგან სხვა შემოსავალი არ გააჩნდა. ვურჩიე, ვახოსთვის ბოდიში მოეხადა, დამიჯერა. როცა ოფისში ვახო გამოჩნდა, ელენემ მორიდებით განცალკევება სთხოვა. ვახომ ფერი დაკარგა და მოკლედ მოუჭრა, არ მცალიაო."ძალიან მრცხვენია, ბატონო ვახოო, ამოილუღლუღა ქალმა. მოკლედ, უფროსს გული მოუბრუნდა, გაუღიმა და იმუშავეთო, უთხრა.

ელენეს მას შემდეგ მანქანაზე ყვავილები აღარ ხვდებოდა. არც ზურა ჩანდა. ცოტა არ იყოს, მისი ომახიანი ხმა მომენატრა და თანამშრომლებს მისი ამბავი ვკითხე."ავად არისო, მითხრეს.

ერთი კვირის შემდეგ სამსახურის კარებთან ზურა დამხვდა. ეტყობოდა, ნაავადმყოფარი რომ იყო. ჩვეულებისამებრ, გულის ჯიბიდან საათი ამოიღო და დახედა,"დროზე მოსულხარო. როცა შუადღისას შესვენებაზე გარეთ გამოვედი, ელენეს მანქანაზე ისევ ყვავილები შევნიშნე. დამალობანა რამდენი ხანი უნდა ითამაშო-მეთქი, ეშმაკურად ვკითხე ზურას და თვალით ჩემი მეგობრის მანქანისკენ ვანიშნე. დაიმორცხვა და თავზე ჩამოფხატული ნაქსოვი ქუდი გაისწორა."მსიამოვნებს და ამიტომ ვაკეთებო, მხოლოდ ეს მითხრა.

რამდენიმე დღის შემდეგ ოფისის კართან მე და ელენეს ზურა შეგვხვდა. ჩემდა გასაოცრად, ქალმა გაუღიმა და ყავა შესთავაზა."დილით უკვე დავლიე და მერე შემოგივლითო, ეტყობა, მოერიდა. როგორც ჩანს, ელენეც მიხვდა, ყვავილებს ვინ ჩუქნიდა. გავიდა ხანი და გამომიტყდა,"როგორი საინტერესო კაცი ყოფილა ჩვენი ავტომესადგომეო...

მოკლედ, ზურა და ელენე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დავაქორწინეთ და მთელმა სამსახურმა ლამაზი ქორწილი გადაუხადეთ. თამადობა კი ბატონმა ვახომ ითავა.

ანა ყარალაშვილი