"12 წე­ლია, გათხო­ვი­ლი ვარ და ქმრის ნათესავებმა სის­ხ­ლი გა­მიშ­რეს" - კვირის პალიტრა

"12 წე­ლია, გათხო­ვი­ლი ვარ და ქმრის ნათესავებმა სის­ხ­ლი გა­მიშ­რეს"

"ქმრის ნათესავებთან პრობლემა მაქვს და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. 12 წელია, გათხოვილი ვარ და სისხლი გამიშრეს. ვერაფრით შეეჩვივნენ ჩემს რძლობას და მუდამ მაყვედრიან, რომ მათმა ანგელოზმა, გაუნათლებელი გოგო მომიყვანა ცოლად. განსაკუთრებით ბებია ვერ მიტანს, მულთანაც გამუდმებით კონფლიქტი მაქვს. დედამთილი ხასიათის ქალია: ხან მიღიმის, ხან - მკბენს, მამამთილი კი გამუდმებით კოპებშეკრულია. თუმცა, არა ჩემ გამო, უბრალოდ, ასეთია, უხასიათო კაცია. მაზლი ცალკე ცხოვრობს. მასთან და მის ცოლთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს; ქვრივ ბიცოლას მიაჩნია, რომ მისი მაზლიშვილისთვის შეუფერებელი ვარ და გამუდმებით მჭორავს მეზობლებში..." - ეს წერილი 30 წლის გოგონამ მომწერა. მასთან შეხვედრა მოვახერხე. როცა საკუთარ თავგადასავალს მიყვებოდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ყველაფერში მართალია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მისი ოჯახის წევრებსაც ექნებათ თავისებური სიმართლე და ალბათ, ისინი ამ წერილს გამოეხმაურებიან კიდეც...

- იქნებ მიზეზი შენშია? ოჯახში ყველასთვის მიუღებელი როგორ აღმოჩნდი?

- რა ვიცი, რა მიზეზი უნდა იყოს? მართლა თავს ვიკლავ სახლში საქმეების კეთებით, მაღაზიაშიც ვმუშაობ და ოჯახში ფული შემაქვს, მეტი რა ვქნა? ვცდილობ, ხალისიანი განწყობა არ დავკარგო და დილით ყოველთვის ისე გავდივარ საძინებლიდან, თითქოს ძალიან ბედნიერი ვარ; მინდა, ეს ბედნიერება სხვებსაც გავუზიარო, მაგრამ ისეთი სახეებით მხვდებიან, სიცილის ხალისი მეკარგება. მაგალითად, დედამთილი მთქნარებით მეუბნება: რა მოხდა, ასე კარგ ფეხზე რამ აგაყენაო? "დილა მშვიდობისაზე" კი ბებია მტუქსავს, - დილა კი არა, უკვე შუადღეა. რით ვერ შეეჩვიე დილაადრიანად გაღვიძებას? ოჯახის ქალს ასეთი რამ არ შეეფერებაო. არადა, 10 საათზე გვიან არასდროს წამოვმდგარვარ ლოგინიდან და ასეთი ფუფუნებაც მხოლოდ უქმეებზე მაქვს, სხვა დროს გაცილებით ადრე ვდგები... მოკლედ, გაუსაძლისია ამ ოჯახში ცხოვრება, მაგრამ ქმარი ვერაფრით ვაიძულე, რომ ცალკე გადავიდეთ.

- შენი ქმარი რას ამბობს, ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა რომ არ გაქვს?

- ხან მე მადანაშაულებს, ხანაც - დანარჩენებს. ზოგჯერ ვჩხუბობთ კიდეც და მერე ეს ჩხუბი ჩვენი შერიგებით მთავრდება, რაც მისიანებს სულაც არ უხარიათ. რა ვქნა, მიყვარს და ბევრ რამეს ვუთმენ, მაგრამ არ ვიცი, როდემდე შევძლებ თავის შეკავებას. ერთხელაც შეიძლება, ყველაფერს მივაფურთხო და გული მოვიოხო, ყველას პირში მივახალო სათქმელი, მაგრამ ასე თუ მოვიქცევი, მომიწევს იმ სახლიდან წამოსვლა, მე კი არ მინდა, ქმარი დავკარგო და შვილსაც მამა წავართვა.

- ერთი შვილი გყავს?

- კი, ვაჟი მყავს, რომელიც ძალიან ჰგავს მამას. გიოზე ამოსდით მზე და მთვარე, მაგრამ ვერც მისი ამქვეყნად მოვლინებით მოვიგე ქმრის ნათესავების გული, სამწუხაროდ... ჩემი პატარა რომ გაჩნდა, დედამთილმა გამომიცხადა: ეს ბავშვი მე უნდა გავზარდო, თორემ თქვენი გაზრდილი რა იქნებაო? თავიდან ამის უფლებას არ ვაძლევდი, მაგრამ მერე დავფიქრდი: რა უჭირს, თუ დღისით ბებო მოუვლის? სამაგიეროდ, საშუალება მომეცემა, ვიმუშაო-მეთქი. მაგრამ საქმე ის არის, რომ საღამოსაც არ მანებებდა შვილს და ხელში რომ ამეყვანა, დედამთილისთვის ნებართვა უნდა მეთხოვა. თავიდან ამასაც ვუთმენდი, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ყელში ამომივიდა, სამსახური მივატოვე და შვილზე პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე ავიღე. მართალია, თავიდან დიდ წინააღმდეგობას წავაწყდი, მაგრამ ქმარიც მხარში ამომიდგა და ჩემი თხოვნა გაითვალისწინა, რაღაც პერიოდით ჩემს მშობლებთან გამიშვა და დაახლოებით ორ თვე-ნახევარი იქ დავრჩი. როცა ოჯახში დავბრუნდი, დედამთილმა ისევ მოინდომა პირველობა, მაგრამ ბავშვი ისე იყო ჩემზე ჩამოკიდებული, რომ არაფერი გამოუვიდა. როცა გიო 4 წლის გახდა, ბაღში შევიყვანე და ისევ დავიწყე მუშაობა... ახლა მე - ბაღში, შინ კი ბებიას, მამიდას ან მამას მიჰყავს. 7 საათამდე ვმუშაობ. სახლში დაბრუნებულს, შვილი კართან მეგებება, ყელზე ჩამომეკიდება და ათასგვარ კითხვას მისვამს. გაგრძელება