ანკესზე წამოგებული "რომანტიკოსი" - კვირის პალიტრა

ანკესზე წამოგებული "რომანტიკოსი"

"ლამაზი დღეები" და გაცრუებული იმედები

ბევრისთვის მეტად მტკივნეულია ახლობლისგან იმედგაცრუება. არადა, იგი მას ბავშვობიდან იცნობდა, ახსოვდა მისი კეთილი, ალალი ღიმილი, ბავშვური ერთგულება... წლების შემდეგ კი, ის "კეთილი, ალალი ბავშვი" თვალთმაქც და ანგარებიან ადამიანად ქცეულა. ჩემმა რესპონდენტმა გულისტკივილით მიამბო ახლახან მის თავს გადახდენილი ამბავი.

...ეკა და ვანო, თბილისის მახლობლად, სოფელში ცხოვრობდნენ. ისინი პირველ კლასშიც ერთად წავიდნენ. ეკას მეხსიერებას დღემდე შემორჩა იმ პირველკლასელი ვანოს ხელის სითბო. ბიჭი დილიდანვე მის სახლთან ტრიალებდა ხოლმე, შინიდან გამოსულს ხელს ჩაჰკიდებდა და მიდიოდნენ... მერე ეკამ ქალაქში განაგრძო სწავლა, სოფელში მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდა. ლამაზი გოგონა იყო, ბევრს მოსწონდა, იყო პაემნების დანიშვნა, წერილების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა მთელ ამ ორომტრიალში ვანიკო არ მონაწილეობდა.

იგი სხვების დასანახად ჯიუტად ინარჩუნებდა მეგობრის სტატუსს, მაგრამ ზოგჯერ თვითონაც რომ ვერ აცნობიერებდა, თვალები ყიდდა თავის გრძნობას. ეკა მალე გათხოვდა. ვანო კი პოლიციელი გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ თბილისურ ოჯახს ჩაესიძა.

ოჯახს ყურადღებას არ აკლებდა. დღედაღამ შინ არ იყო, მაგრამ იცოდა, სიდედრ-სიმამრი მის ცოლ-შვილს არაფერს გაუჭირვებდა. როცა სამსახურიდან გათავისუფლდებოდა, ცოლს ურეკავდა, - მძიმე შემთხვევაა, დანაშაულის ადგილზე ვარ და ამაღამ ვერ მოვალო. მერე კი "ლირიკული გადახვევისა" და "განტვირთვის" უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. ეს ხომ არ არის ოჯახის ღალატი?! რატომ არ შეიძლება, ხანდახან გავერთოო, - სიცილით ამბობდა საძმაკაცოში და ისინიც კვერს უკრავდნენ.

KvirisPalitra.Geსულაც არ ელოდნენ, ისე მოულოდნელად გადაიკვეთა ეკასა და ვანოს გზები. ეკას არ გაუმართლა, ქმართან ხშირად ჰქონდა უსიამოვნება და შეხლა-შემოხლა, მაგრამ  შვილების გამო მაინც ითმენდა.

ერთ მშვენიერ დღეს, "ოდნოკლასნიკების" საიტზე სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ვანიკო და ისე გაუხარდა, თითქოს განძი ეპოვოს. მაშინვე მისწერა და თბილად მოიკითხა, მეორე დღეს ვანოსგანაც მიიღო პასუხი - ძალიან გამიხარდა შენი ნახვაო... და ასე ხელახლა გაიბა ურთიერთობა. ცოტა ხანში შეხვედრა სთხოვა ვაჟმა და ეკაც პატარა გოგოსავით აღტაცებული შურდულივით გავარდა სანახავად. ის, რაც ქმრისგან აკლდა, უნდოდა მეგობრისგან მიეღო. ის "რაღაცა" კი სითბო და ყურადღება იყო, მეტი არაფერი. ერთთვიანი ურთიერთობის შემდეგ ეკამ თავის მეგობარს უამბო ყველაფერი.

- ასეთი გრძნობა პატარა ვულკანივითაა, უცებ იფეთქებს და უცებვე ჩაქრება, - უთხრა მეგობარმა. ერთხელ ვანიკომ მანქანით გაუარა ქალს სამსახურში, მერე დიდხანს საუბრობდნენ: - ჩემთვის ოჯახი დიდი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. ქალებთან ურთიერთობაზე არასოდეს მითქვამს უარი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული არ მღირსებია. დანამდვილებით ვიცი, შენთან კარგად ვგრძნობ თავს და მინდა, ლამაზი დღეები ვაჩუქოთ ერთმანეთსო, - ტკბილად ეჩურჩულება კაცი.

ეკა თავბრუდახვეული იყო და ვერ გრძნობდა, რა იმალებოდა ამ სიტყვებს მიღმა. არადა, ვანიკო შემპარავად ეუბნებოდა, - შენთან ყოფნა კი მინდა, მაგრამ ოჯახს შენ გამო ვერ მივატოვებო. ეკას ფიქრადაც არ გაუვლია მსგავსი რამ, მაგრამ "ლამაზი დღეები" მას მართლაც ლამაზი ეგონა, ყოველგვარ ტყუილს, თვალთმაქცობასა და ტკივილს არიდებული. კვლავ მეგობარმა გამოაფხიზლა და ვანიკოს "გასაცნობად" ერთი ხრიკი მოიფიქრა: მოდი, უცნობი ქალის სახელით მესიჯს მივწერ, ვნახოთ, რა რეაქცია ექნება შენს "რომანტიკულ" მეგობარსო".

ვანო კი ისე დაინტერესდა უცნობი ქალით, რომ ლამის მობილურში გამოძვრა. რამდენიმე მესიჯის შემდეგ შეხვედრას სთხოვდა, ემუდარებოდა, - მხოლოდ ერთხელ დამენახე. სხვებს აშკარად არ ჰგავხარ და ჩვენ აუცილებლად გავუგებთ ერთმანეთსო... მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელოთ და "რომანტიკულმა" ვანომ ორი საათის წინ მობილურით გაცნობილ ქალს ზუსტად ის "ტექსტი" უთხრა, რასაც ბავშვობის მეგობარს ეუბნებოდა...

იმედგაცრუებული ეკა კი გაფითრებული იჯდა და ცრემლებს ვეღარ იკავებდა. სამაგიეროდ ვანიკოს ახალი საქმე გაუჩნდა, იმ უცნობი ქალის ვინაობა უნდა დაედგინა და იპოვა კიდეც, თუმცა ისიც იმედგაცრუებული დარჩა, უცნობი ქალი ეკას მეგობარი რომ აღმოჩნდა. ყოველთვის თვითონ იყო მიჩვეული, ანკესზე სხვის წამოგებას, მაგრამ ამჯერად "მსხვერპლი" რომ თავად აღმოჩნდა, გაცოფდა. ხან ეკას, ხან მის მეგობარს მესიჯებს უგზავნიდა და ისტერიკულად კითხულობდა, - რად დაგჭირდათ ეს მასკარადი, ვის რას დავპირდი, რომ გამოცდა მომიწყვეთო...

ეკა საოცრად გულნატკენი დარჩა. მისნაირად ბევრ ქალს გასცრუებია იმედი, თუმცა ფაქტია, ნებისმიერი ადამიანი თავისი უღირსი საქციელით სხვას კი არ ამცირებს, არამედ საკუთარ თავს...