"რომ არ გავქცეოდი, უბედურებას გადამკიდებდა" - კვირის პალიტრა

"რომ არ გავქცეოდი, უბედურებას გადამკიდებდა"

"რადგან სირაქლემას დამსგავსებულ კაცებზე ჩამოვარდა სიტყვა და ეს თემა საპოლემიკოდაც იქცა, მინდა ჩემი ამბავი გიამბოთ"

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მრავალი ისეთი საკითხია, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. მაგრამ წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს "კაცები სირაქლემას დაემსგავსნენ", თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, ნამდვილად არ გვეგონა... თურმე, საქმე იმაზე ცუდად ყოფილა, ვიდრე წარმოვიდგენდით.

სირაქლემის სინდრომით “დაავადებულ” მამაკაცებზე მოგახსენებთ... ინტერნეტში, "კვირის პალიტრის" საიტზე, ამ წერილთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი წავიკითხეთ. მაგრამ გაცილებით მეტი გამოხმაურება-მესიჯი პირადად მივიღე - მირეკავდნენ ქალბატონები და მთხოვდნენ, მათთვის მტკივნეული თემა განმეგრძო.

ყველა მესიჯის თუ ტელეფონით ან წერილით მოთხრობილი ამბების ერთ გვერდში განთავსება ცხადია, გაჭირდება, ამიტომ ერთი ქალბატონის მონათხრობს შემოგთავაზებთ.

ლელა: - ერთი თვით ვარ ჩამოსული საქართველოში, ძალიან მომენატრა შვილები და მოხუცი მშობლები... უკვე ხუთი წელია, რაც იტალიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ახლა უკვე მაქვს იმის უფლება, რომ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდე და ჩემიანები მოვინახულო. კიდევ კარგი, გულისხმიერი ხალხი შემხვდა, ვეცოდებოდი და ყველაფერში ხელს მიწყობდნენ, კომპიუტერიც მიყიდეს, რომ შვილებს ინტერნეტით ყოველდღე შევხმიანებოდი.

ასეთმა დამოკიდებულებამ დამარწმუნა, რომ ღმერთს მთლად განწირული არ ვყავარ, არადა, ერთხანს თავის მოკვლაც კი მინდოდა. თქვენს რუბრიკაში წაკითხულმა წერილმა ძალიან შემძრა.

რადგან სირაქლემას დამსგავსებულ კაცებზე ჩამოვარდა სიტყვა და ეს თემა საპოლემიკოდაც იქცა, მინდა ჩემი ამბავი მოკლედ გიამბოთ და მიხვდებით, აქედან რას გავექეცი...

რამაზი რომ გავიცანი, უმაღლესი სასწავლებელი უკვე დამთავრებული მქონდა და სკოლაში ვმუშაობდი ინგლისური ენის მასწავლებლად. ჩემს ოჯახს არ უჭირდა. ვერ ვიტყვი, რამაზი ჩემს ბინას და ქონებას დახარბდა-მეთქი, მაგრამ მერე, როცა ცხოვრება გაჭირდა, ისე “დახუჭა  ყველაფერზე თვალები, სად გავქცეულიყავი, აღარ ვიცოდი. უფროსი შვილი, გიორგი 9 წლის, მარი კი 6 წლის იყო, როცა უსამსახუროდ დარჩა. დარცხვენით მითხრა, - უნდა გამიგო და დამეხმარო, ცოტა ხანს შენ მოგიწევს ოჯახზე ზრუნვაო.

მისი უმუშევრობა დიდხანს გაგრძელდა. მისიანები მამშვიდებდნენ და მაიმედებდნენ: რას იზამ, ცოლქმრობა ეგაა, როცა ერთს უჭირს, მეორე კლდესავით უნდა დაუდგესო. სკოლაში ხომ ვმუშაობდი, კერძოდაც ვამზადებდი ბავშვებს, ზოგთან შინაც მივდიოდი, ზოგიც ჩემთან მოდიოდა. ერთ დღესაც ვეღარ გავუძელი ასეთ უჯიათ შრომას და ქუჩაში უგონოდ დავეცი...

მერე რამაზს ერთი ნაცნობი შეუჩნდა, - მოდი, მანქანები ვიყიდოთ, ნაწილებად გავყიდოთ და ლუკმაპურის ფული მუდამ გვექნებაო. რამაზიც დაეთანხმა... ერთხელ ამიტყდა, 5.000 დოლარი მიშოვე, ნაწილს გოგი (მისი მეწილე) შოულობს, ნაწილიც მე უნდა მივიტანოო... მხოლოდ 2 ათასს მოვუყარე თავი, დანარჩენი სამი - პროცენტით ისესხა... ერთ თვეში მიხვდნენ, რომ “ბიზნესი” ჩაუვარდათ.

ჩვენს სახლში გახშირდა მევალეების მოვარდნა, რამაზი შინ არ ხვდებოდათ, სამაგიეროდ მე ვიყავი შავ დღეში. ბოლოს, მოვკიდე ჩემს შვილებს ხელი და მშობლებთან წავედი. რამაზის მშობლებს მევალეები შვილის სიკვდილით დაემუქრნენ და იძულებულები გახდნენ, გაეყიდათ ბინა, თვითონ კი სოფელში საცხოვრებლად გადავიდნენ. რამაზმა ვალები კი გაისტუმრა, მაგრამ სხვა ბინა ვეღარ იყიდა და დატუქსული ბავშვივით ჩემს მშობლებთან მომადგა, - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფული ვიშოვო და ცხოვრება თავიდან დავიწყოო.

მერე მამაჩემს სიმსივნე აღმოაჩნდა და გარდაიცვალა. რამაზმა მამაჩემის სიკვდილის მერე მთლად დაიკრიფა გულზე ხელები... არ მუშაობდა, ხშირად სვამდა და ისეთი აგრესიული იყო, სად წავსულიყავით, არ ვიცოდით. ერთხელ ვუთხარი, გავშორდეთ, დამანებე თავი-მეთქი. გადაირია - რას ჰქვია, თავი დაგანებო,  მე ჩემს ოჯახში უნდა ვიყო, თუ გინდა, შენ წადიო... კინაღამ გადავირიე - ჩემი მშობლების ბინიდან სად მიშვებ-მეთქი. როგორც ვიცი, ეს ბინა მამაშენმა გიოს აჩუქა, მე კი გიოს მამა ვარ, ე.ი. ეს ბინა ჩემიც არისო.

ვუყურებდი ამ ნამუსდაკარგულ კაცს და ლამის გული გამსკდომოდა, მიკვირდა, აქამდე როგორ ვერ შევიცანი, ან რა დროს დაკარგა ღირსება-მეთქი. გადავწყვიტე, განცხადება შემეტანა გაყრაზე. სასამართლომ პირობითი სამთვიანი ვადის გარეშე გაგვყარა. ის კი მაინც არ წყნარდებოდა და ჩვენს სახლთან მოსული დებოშს ტეხდა ხოლმე. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. დედას და დას გავუმხილე, საზღვარგარეთ წასვლა მინდა-მეთქი. იმ წელს გიო სტუდენტი გახდა და მეც აღარ გავჩერდი თბილისში, წავედი იტალიაში.

იმდენად მინდოდა რამაზის გარეშე ცხოვრება, კმაყოფილი ვიყავი, რომ მოვშორდი თბილისსა და ოჯახს. როცა დავწყნარდი, მერეღა მივხვდი, ძალიან მენატრებოდა ჩემები. ჩვენი განქორწინების მერე ერთხანს ნაქირავებში ცხოვრობდა, ბავშვებს კი ნახულობდა, მაგრამ მაშინვე ჩემზე უწყებდა ლაპარაკს და შვილებმა აღარ ისურვეს მასთან შეხვედრა. ადგა და სოფელში წავიდა, მაგრამ განა ხანში შესულ მშობლებს ეხმარებოდა, იქაც ყალთაბანდობდა, სვამდა. იძახდა, - თოხი და ბარი რა ჩემი საქმეაო. მერე ერთ იქაურ ქალს დაახვია თავბრუ და ცოლად მოიყვანა, იმან ვაჟი გაუჩინა და არიან ახლა ერთად, თუმცა ძალიან უჭირთ.

მე ცოტა ხანს კიდევ ვაპირებ იტალიაში დარჩენას, მერე ჩამოვალ და ჩემს შვილებს გვერდიდან არ მოვცილდები. კიდევ კარგი, დროზე გავეცალე აქაურობას, თორემ ეს კაცი საბედისწერო ნაბიჯს გადამადგმევინებდა, შვილებსაც დააობლებდა და მეც სამუდამო ცოდვას ამკიდებდა. ასე რომ, სირაქლემასთან შედარება არაფერია იმასთან, რაც ჩვენი კაცების უმეტესობას სჭირს. არ ვიცი, როგორ ვუშველოთ მათ, იქნებ, ვინმემ იცოდეს?!

პატივისცემით ლ. გ., თბილისი