"ფაშისტებს გადავურჩი, დისშვილს კი ვერა" - "იტალიური" კურიოზი და "ეშმაკისფეხა" ანჯელა...
07-03-2018
"ფაშისტებს გადავურჩი, დისშვილს კი ვერა" - "იტალიური" კურიოზი და "ეშმაკისფეხა" ანჯელა...

ეს დახვეწილი წერილი იტალიიდან, ქალბატონმა ლიამ გამოგვიგზავნა. განათლებული ქალბატონი ხშირად გვანებივრებს თავისი ხან ძალიან ნაღვლიანი, ხანაც - მხიარული თავგადასავლებით და სავარაუდოდ, ამით იკლავს წერის ჟინსაც და შორიდან ეფერება ყველაფერ ქართულს, რომელიც ასე ძალიან ენატრება (წერილის სტილი დაცულია):

"როდესაც ვინმე ძალიან ბევრ თამბაქოს აბოლებს, იტალიელები მასზე ამბობენ: ეწევა, როგორც თურქიო!.. წლების წინ მყავდა ერთი იტალიელი "ღამის ბებია", რომელიც ერთი კი არა, ორი თურქივით ეწეოდა! ხოლო ჩვენებურად რომ ვთქვათ, ისე აბოლებდა, როგორც
დენიკინის დროინდელი "პარავოზი". სანთებელაც კი არ სჭირდებოდა, საგარეტს პირდაპირ სიგარეტიდან უკიდებდა, ხოლო ნიკოტინით გაჭედილი ფილტვებიდან ისეთი ბოხი და ჩახლეჩილი ხმა ამოსდიოდა, რომ 100 წლის თავდაჯერებულ ყვავსაც შეშურდებოდა!.. სიცილის დროს კი ისეთ ფსტვენისა და ექოს ხმას გამოსცემდა, იფიქრებდი, რომ მეორე ადამიანი მის შიგნით იჯდა!..

ახლა "ღამის
ბებიას" იმიტომ ვეძახი, რომ მხოლოდ ღამით მივდიოდი მასთან, ასე ვთქვათ, დასაძინებლად (თუ იმას ძილი ერქვა!). ჩემი ძირითადი მოვალეობა ის იყო, რომ სახლი გადამერჩინა ხანძრისაგან, რომელსაც ბებო ანთებული "ბიჩოკებით" აჩენდა!.. ერთი ღერის მოწევას რომ დაასრულებდა, მეორეს აანთებდა, პირში გვერდულად გაიჩრიდა, მოჭუტავდა მარჯვენა თვალს და წკიპურტით "ბიჩოკს" ოთახში ისროდა. ეს აალებული "ბიჩოკი" კი ხან დივანზე "წამოწვებოდა", ხან კარადის თავზე "შემოსკუპდებოდა", ხან კიდევ, პირდაპირ იატაკზე ღაფავდა სულს და იფერფლებოდა!.. მოკლედ, მთელ სახლს ნაცეცხლარისა და ნახანძრალის კვალი ეტყობოდა!..

თავიდან ხანძრის ჩასაქრობი "ბალონით" დავდევდი "ბიჩოკებს" და ამდენ კვამლსა და ცეცხლში ისე გამოვიწვრთენი, მოწინავე მეხანძრესაც კი შეშურდებოდა ჩემი სიმარდე!..

ჩვენებურად რომ ვთქვათ, კარგი ვაჟკაცი-მჭამელი-მსმელი-მწეველი და ყარაჩოხელი ქალი იყო ჩემი ანჯელა(ახალ­გაზრდობაში თევზაობდა და ნადირობდა კიდეც!)! კი, ბატონო, ანჯელა ერქვა! ანჯელა ანუ ანგელოზი! აი, რატომ არ უნდა დაარქვა შვილს სახელი მანამ, ვიდრე არ წამოიზრდება!..

ანჯელას მხრებზე ორი თეთრი, ფუმ­ფულა და მოშრიალე ფრთა კი არა, ორი გაპუტული "ბუნდღაც" კი არ ჰქონდა ამ სახელის გასამართლებლად! ხოლო თავს ზემოთ მოლივლივე, მრგვალ და მბრწყინავ დიადემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ანჯელას "სრაზუ" გადავუნათლე სახელი და დემონა დავარქვი (დემონი ანუ დაცემული ანგელოზი! შინაურობაში ეშმაკი, რა!), ამით მე გულს ვიქარვებდი და იმისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, რას ვიტყოდი, ყურში მაინც არ ესმოდა!..
საერთოდ, ახალ სამსახურში რომ მივდივარ, სიტუაციას "ვამუღამებ" და ვეძებ გზებს, თუ როგორ გავაძლებინო თავს, თორემ ამათ თავიანთი საუკეთესო ცხოვრება უკვე "მოჭმული" აქვთ და მე თუ თავს არ გავუფრთხილდი, ამათსავით, მეც მალე "დავერეკები"!

თავიდან ოჯახის წევრებს რომ ვეცნობი, ქართულ ფილმში - "ქეთო და კოტე" მაჭანკალი მზითევის დავთარს რომ კითხულობს, დოლის თანხლებით (რიტმში რომ ჩაჯდეს!), ისე დავაძრობ ხოლმე ჩემს დახასიათებებს და ისე ვიქებ თავს, რომ ფეხს ძირს არ ვადგმევინებ! დავთარის წაკითხვის ბოლოს გულში ვფიქრობ:
- ხართ ახლა თქვენ ჩემი ღირსი?! გაგრძელება

რედაქტორის რჩევით