"კა­ცის საქ­მეა ქა­ლის­თ­ვის სიყ­ვა­რულ­ში გა­მოტყ­დო­მა, მე კი ეს ვერ შევ­ძე­ლი და ბევ­რიც წა­ვა­გე" - კვირის პალიტრა

"კა­ცის საქ­მეა ქა­ლის­თ­ვის სიყ­ვა­რულ­ში გა­მოტყ­დო­მა, მე კი ეს ვერ შევ­ძე­ლი და ბევ­რიც წა­ვა­გე"

"ძალიან მინდა, ჩემზე გიამბოთ. მე ვარ მამუკა, 64 წლის. სულ მინდოდა, ჩემს სიყვარულზე ვინმესთან მელაპარაკა, მაგრამ ამის გამჟღავნებას ვერასდროს ვერავისთან ვბედავდი. ამ ხნის კაცი ვარ, შემიძლია ვთქვა, არავისი მეშინია და ტყვიასაც კი მივუშვერ მკერდს, მაგრამ როცა სიყვარულზეა ლაპარაკი, მაშინ ძალიან ვიბნევი, ვწითლდები... მოკლედ, რაღაც უცნაური მემართება. მინდა, ჩემს უიღბლობასა თუ იღბალზე გელაპარაკოთ და იმედია, არ დამცინებთ... თუმცა, გამოგიტყდებით და თქვენთან ლაპარაკის შიშიც მაქვს..."

ბატონ მამუკას ტელეფონით ვესაუბრე, რადგან შეხვედრაზე არაფრით დამთანხმდა - პირისპირ ლაპარაკი რომ შემეძლოს, მეგობრებიც კი მყავს და მათ გადავუშლიდი გულს. როგორმე, სხვა დროს შევხვდებით, ახლა კი ტელეფონით ვისაუბროთო.

- დავიბადე თბილისში. დაახლოებით მესამე კლასში ვიყავი, როცა ჩემს ოჯახს საცხოვრებლად რაიონში მოუხდა გადასვლა, მამის სამსახურის გამო. მას მერე მივეჯაჭვე აჭარის სუფთა ჰაერს და აქაურობას დღემდე ვერ ველევი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თბილისისკენ გარბის და იქ მეც მაქვს სახლი, აჭარიდან და ჩემი სოფლიდან ფეხის გადგმა არასდროს მომნდომებია. რაც შეეხება სიყვარულს, სულ ორჯერ მიყვარდა: ერთხელ, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი და მეორედ - როცა უკვე ქალი შემრთეს. მართლაც, სულ სხვაა პირველი სიყვარული! ჩემს ნასტიაზე ვგიჟდებოდი. მისი დანახვისას ელეთმელეთი მემართებოდა. სულ მინდოდა, სიყვარულში გამოვტყდომოდი, მაგრამ ვერ ვბედავდი. მეშინოდა, ჩემი გულახდილობით სულ არ გამწყვეტოდა მასთან ურთიერთობა.

- ვიდრე შეგიყვარდებოდათ, მასთან მეგობრობდით?

- ჩვენ კლასელები ვიყავით, მეგობრებიც. ჰოდა, ამ ურთიერთობას ვუფრთხილდებოდი. თუმცა, მერე უგონოდ შემიყვარდა. მის გვერდით მყოფი, გამოშტერებული ვიყავი და ეს შეუმჩნეველი არავის დარჩენია. კლასელი ბიჭები მაქეზებდნენ ხოლმე, ნასტია კი ასეთ დროს თავჩაქინდრული იჯდა. ხვდებოდა, რაც მედო გულში, მაგრამ ბიძგს რანაირად მომცემდა? - ის ხომ გოგონა იყო! კაცის საქმეა ქალისთვის სიყვარულში გამოტყდომა, მე კი ეს ვერ შევძელი და ბევრიც წავაგე, ასე მგონია.

- ანუ მასთან ურთიერთობა თქვენი გაუბედაობის გამო არ შედგა?

- კი, ასე მგონია, თორემ უარს არ მეტყოდა. რამდენჯერაც დავაპირე მასთან სიყვარულზე ლაპარაკი, იმდენჯერვე ავილეწე; გული მიჩქარდებოდა, ცუდად ვხდებოდი... სკოლა რომ დავამთავრეთ, ბანკეტზე დავთვერი და გადავწყვიტე, მისთვის სიმართლე მეთქვა, მაგრამ პირველი სიმთვრალე ცუდად დამამახსოვრდა: გონება ამერია და ქალისთვის სიტყვის თქმა კი არა, სახლში ძლივს მიმიტანეს. მერე ნასტია თბილისში გაუშვეს მშობლებმა და რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე, რომ გათხოვდა კიდეც... ეს იყო დიდი დარტყმა, რომელიც ცხოვრებისგან პირველად მივიღე. მანამდე მეგონა, რომ გარშემო ყველაფერი კარგად იყო, ნასტიას "ღალატმა" კი გული მატკინა. ღალატს ვაბრალებდი, არადა, ჩემი ბრალია, რომ დავკარგე. როდემდე უნდა ყოფილიყო იმ იმედით, რომ რაიმეს ამოვღერღავდი? როდემდე უნდა დამლოდებოდა? ახლა მასზე აღარ ვბრაზობ, მაგრამ ადრე ვიმუქრებოდი კიდეც, - ქმარს მოვუკლავ-მეთქი. უკვირდათ ბიჭებს: მუშტი-კრივში მაგარი ხარ. როცა ჩვენ გვერდით ხარ, მტრის არმიასაც კი შევასკდებით, ქალებთან ურთიერთობისას კი რა ჯანდაბა გაბნევსო? აბა, რა ვიცი, რა მაბნევდა? ეს იყო ალბათ, ჩემი ბედ-იღბალი.

- თქვენს მეორე სიყვარულზე მიამბეთ...

- ეს ამბავი არც ისე საინტერესოდ დაიწყო. როცა უკვე 30-ს მივუკაკუნე, ჩემებმა თავში ხელები წაიშინეს, - ეს ბიჭი ბერბიჭობას აპირებს. თუ რამე არ ვუშველეთ, დარჩება უშვილძიროდ და შვილიშვილს არ გვაღირსებსო. ჰოდა, დატრიალდნენ მაჭანკლები, ხან ვინ "მოარგეს" ჩემს ბედს, ხან - ვინ. ზოგს დედა იწუნებდა, ზოგს - მამა, ზოგის შერთვას მეგობრები არ მირჩევდნენ, ზოგს კი თავად ვარიდებდი თავსაც და თვალსაც. თან მიკვირდა, - უსიყვარულოდ ოჯახს როგორ უნდა მოვეკიდო-მეთქი? ასე იყო თუ ისე, ერთ დღეს ძმაკაცმა მითხრა: ნათესავის დაბადების დღეზე უნდა გამომყვე, შენი იმედი მაქვს, მანქანის საჭე უნდა ჩაგაბარო და ერთი დღე მომემსახურე, არაფერი გიჭირსო. ძმაკაცს უარს როგორ ვეტყოდი, არადა, ღვინის სმის "დილიხორზეც" ვიყავი... მოკლედ, იმ დაბადების დღეზე ჩემი მისვლა სინამდვილეში იმიტომ სურდათ, რომ ჩემთვის ვენერა გაეცნოთ. გვერდზე მომისკუპეს მშვენიერი, კოხტა გოგო, რომელიც მართალია, ქორწინებამდე ვერაფრით შევიყვარე, მაგრამ ძალიან კი მომეწონა. გვერდით მეჯდა და ლამის, ერთადაც დაგვლოცეს. როგორც ყველი და პური, ისე უხდებით ერთმანეთსო, - გვეხუმრებოდნენ. მერე მარტოებიც დაგვტოვეს, დაილაპარაკეთო, მაგრამ ცხადია, მე ისევ დავიბენი და არც ერთს არ გაგვიღია ხმა. როცა ოთახში შემობრუნდნენ, ჩვენ გაბუტულებივით ვისხედით. ჰოდა, ჩემმა ძმაკაცმა იაქტიურა - ყველაფერი გამოჰკითხა, რაც სავარაუდოდ, მე დამაინტერესებდა და ჩემი ამბებიც თავად უამბო ვენერას. შინ რომ ვბრუნდებოდით, მეგობარს ვუსაყვედურე: რა გჭირდა, ენა რომ არ გაგიჩერებია? ჩემზე უკეთესი სალაპარაკო თემა ნუთუ, არ გქონდა-მეთქი? გაეცინა, - შენს სახლამდე მიმიყვანე, რა. ოღონდ არ დამამტვრიო და წელს ქალი თუ არ შეგრთე, კაცი არ ვიყოო. მართლაც, ახდა მისი სიტყვები და იმ წელს, როგორც იყო, ვენერა შევირთე. გაგრძელება