მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, შვილი გასაჩუქებლად როგორ გაიმეტეო - კვირის პალიტრა

მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, შვილი გასაჩუქებლად როგორ გაიმეტეო

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ია ისევ დედამისის დანატოვარ ციცქნა ბინაში ცხოვრობს პატარა ლურჯთვალა გოგონასთან ერთად და ძალიან ბედნიერია

ჩემს მეზობელზე მინდა მოგითხროთ. ბევრისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს ეს ისტორია.

ფერიასავით გოგო იყო, ქერათმიანი და ლურჯთვალა. ია დედამ დაარქვა. გოგონა მას სულ არ ჰგავდა - ნუნუკა შავგვრემანი, წაბლისფერთმიანი ქალი იყო, დანაოჭებული სახითა და კეხიანი ცხვირით. ამის გამო ეზოს ბავშვებს მისი ცოტათი ეშინოდათ. ია უდედოდ ნაბიჯს არ დგამდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა სახლის გვერდით ჰქონდა, მარტო არასდროს წავიდოდა. ამის მომხრე არც თავად ნუნუკა იყო. ქალის გაუმართლებელ შიშს ვერავინ ხვდებოდა. დიდი გოგოა უკვე, გაუშვიო, - ხშირად ეუბნებოდნენ მეზობლები, მაგრამ ქალი მხოლოდ ხელებს გაასავსავებდა ხოლმე. იას მამა არ ახსოვს. როგორც დედა ეუბნებოდა, მის დაბადებამდე გარდაცვლილა. ნუნუკასთვის მისაღები სტუმარი ვიყავი. ხშირად ია ბავშვობის დროინდელ ფოტოებს გადმომილაგებდა და მეკითხებოდა,"ნუნუკას ვგავარო? თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავს ვუქნევდი. მასაც უხაროდა, დედას თვალის ჭრილით ძალიან ვგავარო, ამბობდა.

მერე იას ერთი ბიჭი შეუყვარდა. ყოველ საღამოს მისი დანახვის მოლოდინში აივანზე გადმომდგარი ქუჩას გადასცქეროდა. შეხვედრის ნებას ვინ მისცემდა, თვითონაც თვლიდა, რომ საპირისპირო სქესთან გამოლაპარაკება მაინცდამაინც კარგი ტონი არ უნდა ყოფილიყო. ერთხელ ვცადე, ამეხსნა, რომ ამაში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ ისე შეიცხადა, ხმა გავკმინდე. ერთ დღეს კი თვალი მოვკარი, იმ ბიჭს აივნიდან რომ ესაუბრებოდა.

ერთ დღეს, გათენებისას, ზარის ხმამ გამაღვიძა - სახეშეშლილი ნუნუკა კიოდა,"გავიღვიძე და ბავშვი არ დამხვდაო... მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი. შუადღისას იამ დაურეკა და გავთხოვდიო, ახარა დედას. იმ წუთიდან ნუნუკას სახეზე ღიმილი აღარ გვინახავს. ია რამდენიმე თვეში დედასთან დაბრუნდა. მის ქმარს მოწიფული ქალისა და მეუღლის ნაცვლად, ხელში ჭირვეული ბავშვი შერჩა, რომლისთვისაც ყველაფერი, რაც დედისგან შეჩვეულ და ნასწავლ წესს არ შეესაბამებოდა, მიუღებელი იყო. ნუნუკას შვილის დაბრუნება უხაროდა კიდეც.

ერთ დღესაც ნუნუკა პროდუქტების საყიდლად გასულა და ამ დროს იას მეზობელი ზოია ეწვია და გოგოს სთხოვა, წნევა გამიზომეო. იამ ჩაიზე დაპატიჟა მეზობელი და ლაპარაკში ზოიამ იას საიდუმლო გაუმხილა,"ნუნუკა შენი ნამდვილი დედა არ არისო. გაგიჟებული ია ჩემთან შემოვარდა, ყველაფერი მიამბო."მსგავსი არაფერი გამიგია-მეთქი, მისი დამშვიდება ვცადე. ტიროდა,"ახლა ვხვდები, დედაჩემს რატომ არ ვგავარო. "იქნებ მამას ჰგავხარ", - ვუთხარი და ვიცრუე, ვიცოდი ნუნუკას ქმარი არასდროს ჰყოლია. იამ ცრემლიანი თვალები ბავშვურად მუშტებით მოიწმინდა. ვურჩიე,"ნუნუკას ნურაფერს ეტყვი-მეთქი, მაგრამ ვიცოდი, რომ არ დამიჯერებდა, მართლაც დედამისს დაბრუნებისთანავე ყველაფერი მიახალა. კედლის იქით ნუნუკას წყევლა-კრულვა მესმოდა, ზოიას ამკობდა.

იას თავგზა აებნა. ერთ საღამოს ვუთხარი, ასე ბუტიაობით ვერც შენ დამშვიდდები და ვერც ნუნუკა, დაელაპარაკე, დარწმუნებული ვარ, არაფერს დაგიმალავს-მეთქი. დამიჯერა და დედას სთხოვა, დამელაპარაკეო.

ნუნუკამ კი კარადიდან სიძველისგან გაცრეცილი ფურცელი გამოიღო და იას გაუწოდა.

თურმე ნუნუკა დეიდასთან შოვში ისვენებდა, როცა თბილისიდან ჩასული გოგო გაიცნო. შენსავით ფერიასავით გოგო იყო, ლურჯი კაბითა და ლურჯთვალაო, უთხრა იას. როცა დავუახლოვდი, გამიმხილა, ფეხმძიმედ ვარ და ეს რომ მშობლებმა გაიგონ, არ მაცოცხლებენო. ამიტომაც მოხუც მამიდასთან, რომელიც დახმარებას დაჰპირებია, წამოსულა რაჭაში. გოგონამ ერთი რამ ზუსტად იცოდა, იმშობიარებდა თუ არა, ბავშვს გააშვილებდა. სწორედ მაშინ გაუელვა ნუნუკას თავში აზრმა, რატომაც არა, მას შვილი არ უნდა, მე კი შემიძლია გავზარდოო და გოგონას გაენდო, თუ ბავშვს არ იტოვებ, იქნებ მომცე, ყველა ხარჯს მე დავფარავო.

შოვიდან დაბრუნებული ყოველდღე ეხმიანებოდა გოგოს და მშობიარობის დრომ რომ მოაწია, შოვში ჩავიდა.

გოგონა გაჩნდა, ულამაზესი ლურჯი თვალებით. რა წუთს ხელში აგიყვანე, მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემი იყავი, ჩემი ერთადერთი სიცოცხლეო. ასე დაასრულა თხრობა ნუნუკამ და გულამოსკვნილმა ტირილი ვეღარ შეიკავა.

იმ დღის შემდეგ იამ დედის მოძებნა გადაწყვიტა. პირველად სოციალურ ქსელში ეძება, მაგრამ ამაოდ, და ისიც ნელ-ნელა ბედს შეურიგდა. ზუსტად მის დაბადების დღეზე კი ახლობელმა ამბავი მოუტანა, დედაშენის ადგილსამყოფელი გავიგეო და მისამართი მისცა. იას სიხარული და ბრაზი ერთდროულად დაეუფლა. დედამისის ნახვა ძალიან აინტერესებდა, მაგრამ უფრო მეტად უნდოდა ეთქვა, შვილი გასაჩუქებლად როგორ გაიმეტეო.

იმავე დღეს საგულდაგულოდ გამოეწყო და დედის სანახავად წავიდა. როცა კორპუსს მიუახლოვდა, გული ძალიან სწრაფად უცემდა. კიბეს ნელი ნაბიჯებით აუყვა და მესამე სართულზე კართან შეჩერდა. როგორც იქნა, გაბედა და ზარი დარეკა. მერე ფეხის ხმა გაიგონა და დაიძაბა. კარი ჭრიალით გაიღო და ჭაღარათმიანმა ასაკოვანმა ქალმა თავი გამოყო. უცნობს სიტყვაუთქმელად მიაჩერდა.

- ელენე სახლშია?- ჰკითხა იამ. მალე კარს ქალი მოუახლოვდა, მასაც იასავით ლამაზი თმა და საოცრად ლურჯი თვალები ჰქონდა. ერთადერთი, რაც იასაგან განასხვავებდა, წათხუპნილი წითელი პომადა და ხელში სიგარეტი იყო.

- რა გნებავთ? - ჰკითხა თამბაქოსგან ჩახრინწული ხმით. იას ცხვირში ოთახიდან გამოვარდნილი წამლების სუნი ეცა.მოხუცს გადახედა, რომელიც ინტერესით მისჩერებოდა.""ალბათ, ეს ბებიაჩემიაო", - გაიფიქრა და უცებ ისე მოუნდა მათგან რაც შეიძლება შორს ყოფილიყო, თავპირისმტვრევით დაეშვა კიბეზე, ზურგს უკან კი ქალის ჩახრინწული ხმა ესმოდა, რამდენი გიჟი დადის ამ სახლშიო.

რამდენიმე წელიწადში ნუნუკა გარდაიცვალა. მე ბინა გამოვიცვალე და ია დიდხანს არ მენახა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ისევ დედამისის დანატოვარ ციცქნა ბინაში ცხოვრობს პატარა ლურჯთვალა გოგონასთან ერთად და ძალიან ბედნიერია.

ანა ყარალაშვილი