"ჯვარი დავიწერეთ და სახლში მივედით, შუა ქეიფის დროს პატარძალი სადღაც დაიკარგა. დიდხანს ვეძებდით, მაგრამ უშედეგოდ" - კვირის პალიტრა

"ჯვარი დავიწერეთ და სახლში მივედით, შუა ქეიფის დროს პატარძალი სადღაც დაიკარგა. დიდხანს ვეძებდით, მაგრამ უშედეგოდ"

მოკლედ, ცოლი გარიგებით მოვიყვანე, 28 წლის ასაკში. მე მომეწონა ის გოგო, როცა გამაცნეს და შემიყვარდა კიდეც. მას კი ალბათ კარგი ცხოვრების გამო ვუნდოდი, ან მშობლებმა ძალით დაიყოლიეს, რომ ჩემზე გათხოვილიყო.

ქორწილი გადავიხადეთ, ჯვარი დავიწერეთ და სახლში მივედით, სადაც 200 კაცი მაინც გველოდებოდა. შუა ქეიფის დროს პატარძალი სადღაც დაიკარგა. დიდხანს ვეძებდით, მაგრამ უშედეგოდ.

რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახის წევრებს დაუკავშირდა და უთხრა: დათო არ მიყვარდა, უსიყვარულოდ გავყევი.

ახლა ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელი ადამიანის გვერდით ვცხოვრობ და იმედია, ჩემს სიყვარულს თქვენც მიიღებთო. თავიდან მამამისი იმუქრებოდა, - ჩემი ხელით მოვკლავო, მისი ძმებიც ძალიან ბრაზობდნენ და დედამისიც მპირდებოდა, - შენ გარდა ოჯახში სიძედ არავის მივიღებო, მაგრამ...

წლები გავიდა და მის ოჯახს წყენა დაავიწყდა. ახლა ის ბიჭი მათი საამაყო სიძე გახდა, მე კი ისე მიყურებენ, როგორც მტერს... ჩემს ყოფილ ცოლს (ალბათ ასე უნდა ვთქვა) ერთხელ ქუჩაში გადავეყარე... რომ დამინახა, დაიბნა და ლამის სირბილით გამეცალა.

მან გული საშინლად მატკინა, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ყველა ქალი მოღალატე მგონია, ვერც ერთს ვერ ვენდობი.

ჟურნალი "გზა"