"როცა მეგონა, უბედნიერესი ქალი ვიყავი, სწორედ მაშინ მიმატოვა"
26-03-2018
"როცა მეგონა, უბედნიერესი ქალი ვიყავი, სწორედ მაშინ მიმატოვა"
ახლა დეპრესია გულს მიჭამს, როცა მეგონა, უბედნიერესი ქალი ვიყავი, სწორედ მაშინ მიმატოვა. მესმის, რომ მსგავსი რამ ბევრ ქალს გადაუტანია, ამიტომაც გწერთ, მეც იმ მრავალ ქალში ერთი ვარ, ვინც დაივიწყეს. იმან, ვინც მეგონა, რომ თავდავიწყებით იყო
ჩემზე შეყვარებული, უბრალოდ მიმატოვა.


დათო არ მომწონდა. უფრო სერიოზული მამაკაცები მიზიდავდა, ის კი ტანმორჩილი, მუდამ სახემოცინარი, ჩვეულებრივი ბიჭი იყო. ერთ სამსახურში, მაგრამ სხვადასხვა დეპარტამენტში ვმუშაობდით. ერთმანეთს ხშირად აივანზე ვხვდებოდით, როცა ორივე სიგარეტის მოსაწევად გავდიოდით, სიხარულით
გაიბადრებოდა, მე კი ნაძალადევად გავუღიმებდი ხოლმე. იმ პერიოდში საყვარელ ადამიანს დავშორდი და ჯერ კიდევ ვერ მოვსულიყავი გონს. ნიკა გონების დაკარგვამდე მიყვარდა, ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა და მასთან დაშორება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.

ერთ საღამოს სამსახურიდან წასვლისას სოციალურ ქსელში დათომ მომწერა და სახლამდე თავისი ავტომანქანით
მიყვანა შემომთავაზა. უარი ვუთხარი. მეორე და მესამე დღესაც იგივე განმეორდა. მერე სულ უფრო ხშირად მწერდა. თავდაპირველად ვღიზიანდებოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მასთან ურთიერთობა სახალისო იყო. ყველაფერს იუმორით უყურებდა.

იმ საღამოს კოკისპირულად წვიმდა.შვიდი საათი რომ შესრულდა, ჩვენს დეპარტამენტში დათომ შემოაბიჯა. თანამშრომელი გოგოები შემოეხვივნენ,"დათუჩ, როგორ ხარ? დათუჩ, რა სიმპათიური ხარო... ისიც იცინოდა და ყველაფერზე ხუმრობით პასუხობდა. მერე ჩემს მაგიდას მოუახლოვდა. "არ წავიდეთ?" - მკითხა. გაოცებულმა შევხედე."მაგარი წვიმაა, ფეხით ხომ არ გატარებო, მერე პასუხს არ დალოდებია, ისე მომაძახა, ქვევით გელოდებიო და წავიდა. გავიფიქრე, წვიმს, სახლამდე თუ მიმაცილებს, რა დაშავდება-მეთქი და ამ დროს ჩემი თანამშრომელი თაკო მომიახლოვდა."მაგათ დეპარტამენტში ამბობენ, ძალიან მაგარი ვინმეაო, მითხრა და ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
მეც მოვწესრიგდი და კიბეზე დავეშვი. დათო უკვე მანქანაში იჯდა და მელოდა. გზად სურსათის მაღაზიასთან გააჩერა, სიგარეტს ვიყიდიო. როცა დაბრუნდა, ხელში ტკბილეულით სავსე პარკი ეკავა."

მომდევნო შეხვედრა შაბათ დღეს დავგეგმეთ. რესტორანში შევხვდით. მობილურ ტელეფონზე ვიღაცა ჩაბჟირებით ურეკავდა. ცოტა არ იყოს, წავიეჭვიანე. ვიფიქრე, იქნებ ცოლი ჰყავს და მიმალავს-მეთქი. როგორც იქნა, უპასუხა.
თურმე მისი მეგობარი გოგონა სამსახურიდან დაუთხოვიათ და აღელვებულს გულის მოოხება დათოსთან უნდოდა. დათომ, რესტორანში ვარ და მოგვიანებით დაგირეკავო, რომ უთხრა, გავიგონე, როგორ სთხოვდა, ცოტა ხნით მოვალ, ძალიან მინდა ყველაფერი გიამბოო. ვხედავდი, დათოს დიდად არ სიამოვნებდა მისი დაწყნარება, მაგრამ გოგო რომ არ გაჩერდა, კარგი, მოდიო, დათანხმდა.

მალე ჩვენს მაგიდას ჟღალთმიანი გოგო მოუახლოვდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დანახვისთანავე არ მომეწონა. ქედმაღლურად გადმომხედა. დათომ ერთმანეთს წარგვადგინა. ისე გამოვიდა, რომ რომანტიკული ვახშმის ნაცვლად, მთელი საღამო ნინოს გასაჭირის მოსმენას მოვანდომეთ. ჩემი თაყვანისმცემელი მის გამხნევებას ხუმრობით ცდილობდა. ნინო სასმელს ეტანებოდა და მალევე შეთვრა. მოკლედ, რომანტიკული ვახშამი არ გამოგვივიდა.

მომდევნო დღეებში კიდევ შევხვდით ერთმანეთს, ოღონდ უკვე ნინოს გარეშე. რაც დრო გადიოდა, დათო მით მეტად მომწონდა.
ერთხელ სამსახურის მერე ნინოს სახლისკენ გადაუხვია. რომ გავიკვირვე, ნინოს დაბადების დღე აქვს და ავუაროთო, მითხრა. იქ მისვლა არ მინდოდა, მაგრამ არ მომეშვა, თან მიამბო, რომ ნინოს წლების წინ დაუმეგობრდა, რომ ოდესღაც ერთად მუშაობდნენ და შვილიც კი მოუნათლა, რომელიც ახლა რაიონში ბებიასთან იზრდება.

როცა დათომ კარის ღრიჭოს გასაღები მოარგო, გაოცებულმა შევხედე. თვალი ჩამიკრა და ბინაში შემიძღვა. კოხტა, მოწესრიგებული ბინა იყო. ის, რომ იქაურობა მისი მეგობრის იყო, ეჭვს არ ბადებდა, ყველგან ქალის ნივთები ელაგა, მაგიდაზე კი ლამაზად დაჭრილი ნამცხვარი და კონიაკის ბოთლი იდო. სავარძელში მოვკალათდი და დათოს ახსნა-განმარტებას დაველოდე. როგორც აღმოჩნდა, ნინო იუბილეს რესტორანში აღნიშნავდა, ბინის გასაღები კი დათოს ათხოვა, ეკა აიყვანე და როგორც გესიამოვნება, ისე იყავიო.

სიმართლე გითხრათ, ამ სიურპრიზმა დიდად არ მომხიბლა, მაგრამ ვიფიქრე, წასვლას წინ რა უდგას, მოდი, ცოტა ხანს დავრჩები-მეთქი. კონიაკი მოვწრუპე და ოდნავ მოვდუნდი, რომ ნინომ დარეკა და მოგვიკითხა. მისმა ზარმა გამაღიზიანა და დათოს მივახალე,"შენი მეგობარი ძალიან არ მომწონს-მეთქი. სახე მოეღუშა და"ცდები, კარგი გოგოაო. მალე შევთვერი. ვგრძნობდი, სხეული როგორ მიბუჟდებოდა. დათო რომ მომეხვია, წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია. ჩემი საქციელი არც მეორე დღეს მინანია. საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ დათო მიყვარდა. ის კი ყვავილებითა და საჩუქრებით მანებივრებდა. თითქოს თვალები ამეხილა, ახლა ვხედავდი, რომ უამრავი გოგო შემომნატროდა.
მალე ჩვენი სიყვარულის ამბავი მთელმა სამსახურმა შეიტყო. გაზაფხული რომ მოვიდა, სამუშაო მაგიდაზე ყოველ დილას იები და შოკოლადის ფილა მხვდებოდა.

ჩემმა დუმილმა, ეტყობა, ყოფილი შეყვარებულიც გააკვირვა, რადგან ჩვენი კონფლიქტი ხშირად ჩემი ცრემლებითა და შერიგების თხოვნით მთავრდებოდა. ნიკამ რამდენჯერმე დამირეკა, მომიკითხა და შეხვედრა მთხოვა, რაზეც ცივი უარი მიიღო.

ყველაფერი კარგად იყო, სანამ დათო სხვა სამსახურში არ გადავიდა და ზარებს და შეხვედრებს არ მოუკლო. ერთ დღესაც გაქრა. არც ტელეფონზე მპასუხობდა და არც სოციალურ ქსელში ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი, ნინოს დავურეკე.
გაიცინა,"რამხელა მოთხოვნაა დათოზეო, ამით მანიშნა, რომ მის ცხოვრებაში დიდ როლს სულაც არ ვთამაშობდი და მისთვის მორიგი გასართობი ვიყავი."კარგადაა, მუშაობს და როგორც ვიცი, დაქორწინებას აპირებსო. გავოგნდი და ტელეფონი სიტყვის უთქმელად გავთიშე.

ერთი თვის შემდეგ კი სოციალური ქსელიდან დათოს დაქორწინების ამბავი შევიტყვე. მოგვიანებით, საერთო ნაცნობების მეშვეობით შევიტყვე, რომ ჩვენს დაშორებაში ნინოს უთამაშია დიდი როლი. დათოს საცოლეც სწორედ მან გააცნო.

ახლა მხოლოდ ის მაიმედებს, რომ ოდესმე დათოს სინანული შეიპყრობს. ძალიან მინდა სადმე შევხვდე და ისეთი ლამაზი და ბედნიერი მნახოს, რომ საკუთარი არჩევანი ინანოს. იქამდე კი იმედს არ ვკარგავ, რომ ვიღაც გამოჩნდება, ის, ვისაც ნამდვილად შევუყვარდები და არასოდეს მიმატოვებს.

ანა ყარალაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით