"ასე ძალიან თუ გიყვარდა, გაჰყოლოდი, რატომ დამიჯერეო?" - კვირის პალიტრა

"ასე ძალიან თუ გიყვარდა, გაჰყოლოდი, რატომ დამიჯერეო?"

ჩემი მესიჯი ცოტა ბანალურად უნდა დავიწყო... დიდი ხანია, თქვენი მკითხველი ვარ. მალე 60 წლის გავხდები, მარტოხელა ქალი გახლავართ. რაც წლები მომემატა, შემშურდა იმ ქალების, რომლებსაც შვილები და შვილიშვილები გარს ახვევია.

მერე თავს ვაჯობე და ბედს შევეგუე. ჩემს მეგობარს ჰყავს ობოლი შვილიშვილი (დედამისი მშობიარობას გადაჰყვა) და მასზე გადავიტანე დედობრივი გრძნობა. რაც კარგი ჩამივარდება ხელში, ნინიკოსთან მივარბენინებ. სიყვარულზე ფიქრს რატომღაც ყოველთვის გავურბოდი (ეტყობა, ესეც კომპლექსის და შინაბერობის ბრალია). ამ წერილის შემდეგ კი, იმ დაძლეულმა შურმა ხელახლა გაიღვიძა. პირველად ჩემს ცხოვრებაში ვინატრე, - იმ ქალის ადგილზე ნეტავ მე ვყოფილიყავი-მეთქი.

ახალგაზრდობაში მეც მყავდა შეყვარებული. 15 წლისამ ბებოსთან სოფელში გავიცანი ჩემზე ერთი წლით უფროსი ბიჭი. მახსოვს, ერთხელ, ფილმის ნახვის მერე სოფლის კლუბიდან რომ გამოვედით, ცალკე გამიყვანა და სიყვარულში გამომიტყდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, მთელი ქვეყანა ჩემი მეგონა. მერე დედამ გაიგო და გამიჯავრდა, - რა დროს სიყვარულობანაა, სწავლაზე უნდა იფიქროო. უფროსმა ძმამ ის ბიჭი გააფრთხილა, - არ გაეკარო ჩემს დას, თორემ ცხვირ-პირს დაგინაყავო. მეც რომ თავი ავარიდე, იფიქრა, არ მიყვარდა და თავი დამანება. გაგრძელება