მოჯადოებული კაცის ამბავი - კვირის პალიტრა

მოჯადოებული კაცის ამბავი

38 წლის ვარ, მაგრამ რომ მნახოთ, იტყვით, რომ ღრმად მოხუცი ვარ. სულ მთლად გავჭაღარავდი, წელში მოვიხარე და ჯანმრთელობაც შემერყა. ეს ყველაფერი კი ქალის დამსახურებაა.

როდესაც ცოლი გარდამეცვალა, 27 წლის ვიყავი და 3 წლის ვაჟი დამრჩა. უპატრონო ბავშვთა სახლში გავიზარდე, რის გამოც ცოლის ნათესავებთან ძალიან ცუდი ურთიერთობა მქონდა. მათ, ფაქტობრივად, ნინოს ნათესაობაზეც ხელი აიღეს, მშობლები კი ოჯახშიც არ უშვებდნენ: ჩემი სიმამრი საკმაოდ მდიდარი კაცი იყო და იუკადრისა ჩემნაირი კაცის დანათესავება. ნინოს უზომოდ ვუყვარდი, ამიტომ არჩევანი არასოდეს უნანია და 5 წელი ბედნიერად ვცხოვრობდით. ის მეორე შვილზე მშობიარობისას გარდაიცვალა. მასთან ერთად დაიღუპა ბავშვიც.

დაკრძალვამდე 2 დღით ადრე მამამისი მოვიდა, არც დამლაპარაკებია, არც რამე უკითხავს, თანმხლებ მამაკაცებს მითითება მისცა, რომ მიცვალებული ოთახიდან გაესვენებინათ. ხმა არ ამომიღია. ნინო მამის სახლში გადაასვენეს, მე და ბავშვი კი შინ დავრჩით. ჩვენს მწუხარებას მხოლოდ მეზობლები და ჩემი და ნინოს მეგობრები იზიარებდნენ. იმ დროს, როცა ნინოს მამა მოვიდა, შინ მე, ლადუკა და მეზობლის 2 ქალი ვიყავით. რა თქმა უნდა, უფლება არ მომცეს, მიცვალებულს გავყოლოდი და სასტიკად გამაფრთხილეს, რომ მათ სახლში არ გამოვჩენილიყავი. საკუთარი ცოლის დაკრძალვას ვერ დავესწარი. ბავშვი ხელში ავიყვანე და პროცესიას შორიახლო გავყევი. როდესაც ყველა გაიკრიფა, სასაფლაოზე მე და ლადო დავრჩით. გვიანობამდე ვიყავით და შინ დავბრუნდით. ბავშვი ჩემი ცხოვრების იმედად იქცა. მის გარდა არავინ მყავდა. ნინოს მშობლებს მისთვის არ მოუკითხავთ, მაგრამ მაინც სულ მეშინოდა, რომ ლადო ჩემთვის არ წაერთმიათ.

გადიოდა წლები, მე ვმუშაობდი, ლადო იზრდებოდა... შემდეგ გავიცანი ერთი ქალი, რომელმაც თავგზა ამიბნია და უზომოდ შემიყვარდა. ამ დროს ლადო უკვე სკოლაში დადიოდა. ნუნუ და ჩემი შვილი თავიდანვე ვერ იტანდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად საყვარლები ვიყავით. ის ჩემთან მოდიოდა ხოლმე და ხანდახან რამდენიმე დღითაც რჩებოდა. ვატყობდი, რომ ბავშვი მის მიმართ აგრესიული იყო. ვცდილობდი, ისინი ერთმანეთისთვის არ შემეხვედრებინა, ამიტომ ნუნუ შინ აღარ მომყავდა ხოლმე. ამის გამო სულ უკმაყოფილება გვქონდა ერთმანეთში. შემდეგ დავიწყე ბავშვის დატუქსვა, ხანდახან მიცემია კიდეც იმის გამო, რომ ნუნუს არ უჯერებდა და ცუდად ექცეოდა. ამ ქალმა შვილის მიმართ სიყვარული რაღაცნაირად, გამინელა. მზად ვიყავი, მისი ნებისმიერი სურვილი შემესრულებინა, ოღონდაც ჩემ გვერდით ყოფილიყო. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ვთხოვე, ცოლად გამომყოლოდა. მან კი პირობა წამომიყენა: - თუ ლადო ჩვენთან არ იცხოვრებს, იმ შემთხვევაში დავქორწინდებითო. გამოსავალიც თვითონ მოძებნა - შენც ხომ უპატრონო ბავშვთა სახლში ხარ გაზრდილი, რა უჭირს, ლადოსაც თუ იქ მივიყვანთ, სანახავად კი ხშირად მიხვალო?! გაგრძელება