"თურმე, მამა გარდაცვლილი რომ მეგონა, თავის მეორე ოჯახთან ბედნიერად ცხოვრობს" - კვირის პალიტრა

"თურმე, მამა გარდაცვლილი რომ მეგონა, თავის მეორე ოჯახთან ბედნიერად ცხოვრობს"

რამდენიმე თვის წინ, როცა დედამ და ბებიამ დიდი ხნის საიდუმლო გამიმხილეს, ჯერ სახტად დავრჩი, მერე კი საშინლად დამწყდა გული. თურმე, მამა გარდაცვლილი რომ მეგონა, თავის მეორე ოჯახთან ბედნიერად ცხოვრობს.დედას და ბებოს ვუსაყვედურე - აქამდე რატომ არ მეუბნებოდით სიმართლეს-მეთქი? - წადი, ნახე, გაიცანი და მიხვდებიო. სამი დღე ვემზადებოდი მამასთან შესახვედრად.

ბოლოს, დავძლიე შიში და სამსახურში მივაკითხე. ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორი ყოფილა. მდივანს ვუთხარი, - პირად საქმესთან დაკავშირებით მინდა ველაპარაკო-მეთქი. არ უნდოდა შეშვება, მაგრამ შემატყო, რა დღეშიც ვიყავი და - მოვახსენებო. ეტყობა, დაინტერესდა, ვინ ელოდებოდა კარს მიღმა და მიმიღო. ერთიანად ვკანკალებდი. ცნობისმოყვარეობით ამათვალიერ-ჩამათვალიერა. გარეგნობით ისე ვგავდით ერთმანეთს, რომ ტირილი მომინდა. პაუზა რომ გაგრძელდა, მკითხა, - რა გნებავთო? ძლივს ამოვღერღე, - მე თქვენი შვილი ვარ-მეთქი. სახე გაუქვავდა, ახლა ის დადუმდა. მე კი აწურული ვიდექი და განაჩენივით ველოდი მის სიტყვას.

ცოტა ხანში თითქოს გონს მოვიდაო, ადგა, სეიფის კარი გააღო და ფულის შეკვრა გამომიწოდა, - აჰა, გამომართვი, შენ ალბათ ბევრი რამ გაკლია და გამოიყენეო. ყველაფერს ველოდი და ამას - არა. იმ დალოცვილმა თუ იცოდა, რომ შეიძლებოდა ბევრი რამ მკლებოდა, რატომ აქამდე არ მინახულა? სად იყო 21 წელი? მას დედაჩემი დაბადებისთანავე მიუტოვებია და მერე აღარც კი გამოუხედავს ჩვენკენ, მე კი მამის სულს ვიფიცებდი ხოლმე... მერჩივნა, ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყო. სიმართლემ ყველაზე სანუკვარი და სათუთი მოკლა და გამინადგურა.

რა თქმა უნდა, ფულისთვის ხელი არ მიხლია, - მადლობა-მეთქი, წავილუღლუღე და წამოვედი. უკვე რამდენიმე თვე გავიდა. წესით, ხომ უნდა ვენახე, მაგრამ არც კი გამოჩენილა. ერთხელ მაინც რომ დაერეკა, დიდსულოვნად ვაპატიებდი ყველაფერს, მაგრამ... აღარც მინდა მამის ნახვა. ახლა მივხვდი, რას ნიშნავდა დედის და ბებიის ნათქვამი, - როცა ნახავ, მერეღა მიხვდები, რატომაც არ გეუბნებოდით სიმართლესო.

ანამარია.

ჟურნალი "გზა"