"იმან გააცეცხლა, ბავშვის არსებობას რომ ვუმალავდი" - კვირის პალიტრა

"იმან გააცეცხლა, ბავშვის არსებობას რომ ვუმალავდი"

"არაჩვეულებრივი პატარა შეგვეძინა, ჩემი ძმის ნაკვთებით და ჯესიკასავით შავტუხა"

ძვირფასო რედაქცია, ჩემი ძმის შესახებ გწერთ. მას მართლაც რომ ძალიან ლამაზი ისტორია გადახდა თავს.

მე და ჩემი ძმა ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდით. ვანიკო ბავშვობიდან ფეხბურთით, მე კი მუსიკით ვიყავი გატაცებული. ვანიკომ ერთ-ერთი თამაშის დროს ფეხი დაიზიანა და იძულებული გახდა სპორტისთვის თავი დაენებებინა, რასაც ძალიან განიცდიდა. გამოხდა ხანი და ბავშვებIის მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. დედ-მამა ყველანაირად გვიწყობდა ხელს. საზღვარგარეთ წასვლის სურვილი რომ გამოვთქვი, უარი არ უთქვამთ. ნიუ-ჯერზის შტატში მეგობარი მყავდა, პიანისტი იყო. ერთმანეთს ხშირად ვეხმიანებოდით. ჩემი იქ ჩასვლაც გიგას ინიციატივა იყო. მოკლედ, მე და ჩემმა ოჯახმა ყველაფერი ვიღონეთ, რომ იქამდე ჩამეღწია.

გრანდიოზული გაცილება მომიწყვეს, აეროპორტში მთელი სანათესავო და სამეგობრო წამოვიდა. გიგას ჩემი ნახვა ისე გაუხარდა, ხტუნვა დაიწყო. მერე ხელი ჩამკიდა და თავის სახლში წამიყვანა. ასე დაიწყო ჩემი ამერიკული ცხოვრება. მუსიკამ ისე შთანგვთქა, აღარაფერი გვახსოვდა. დღე-ღამე როგორ გადიოდა, ვერ ვიგებდით. ბევრი კარგი დუეტი ჩავწერეთ და კონცერტებზე გასვლაც დავიწყეთ. მსმენელთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ვერც კი მივხვდით, ჩვენი მეგობრობა სიყვარულში როგორ გადაიზარDდა და გადავწყვიტეთ ოჯახი შეგვექმნა. წლების მანძილზე ბევრი მეგობარი გავიჩინეთ, მაგრამ ხუჭუჭთმიანი, ფერადკანიანი ჯესიკა მათ შორის ყველაზე მეტად გვიყვარდა. ოჯახის წევრივით იყო. ტკბილეულზე გიჟდებოდა. იატაკზე ფეხმორთხმული შოკოლადის კანფეტებს მოიმარაგებდა და ჩემი და გიგას შემოქმედებით ტკბებოდა.

მე და გიგას პატარა რომ შეგვეძინა, დედაჩემმა დაგვირეკა. გახარებულმა მოგვილოცა და მერე ვანიკოს ამბავი მოაყოლა. ძალიან მოწყენილია, დაოჯახებაც არ უნდა და ეგებ რამე უშველოთო.

იმ საღამოს ოჯახში ვანიკოს საკითხი განიხილებოდა. ყველაზე მეტად ჯესიკამ იაქტიურა, ჩამოვიყვანოთ, თქვენ თუ არ გეცლებათ, მე მივხედავო.

ვანიკოს სამივე დავხვდით აეროპორტში, მოწყენილი მომეჩვენა, მაგრამ არაფერი მითქვამს, გული რომ არ სტკენოდა. ჯესის ჩემი ძმა რომ მოეწონა, მაშინვე შევატყვე. ჯესიკა საავადმყოფოში მუშაობდა, ექთანი გახლდათ, მთელ თავისუფალ დროს ვანიკოსთან ატარებდა. გოგოს მხიარული ხასიათი ჩემს ძმასაც გადაედო, უფრო გახალისდა, ერთხანს ეჭვიც გამიჩნდა, რომ საქართველოში დაბრუნების სურვილი გაუქრა, მაგრამ არაფერს ამბობდა და მეც კითხვებისგან თავს ვიკავებდი.

ერთ დღეს კი გამოგვიცხადა, ვბრუნდებიო. მისმა გადაწყვეტილებამ გამაოცა, მაგრამ არ შევიმჩნიე, მერე გავიგე, თურმე მამაჩემი კატეგორიულად სთხოვდა, შინ დაბრუნდიო. მშობლებმა იცოდნენ ჯესიკას შესახებ და როგორც ჩანს, შეშფოთდნენ, თანაც რძლად მეზობლის გოგო შეურჩევიათ. მარიკა ოცდაათ წლამდე თუ იქნებოდა და სკოლაში უცხო ენას ასწავლიდა.

ვანიკო საქართველოში დაბრუნდა, მწვრთნელად მუშაობა განაგრძო და იქაური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა\. მუდამ მხიარულმა ჯესიკამ კი მოიწყინა. ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ჩემმა ძმამ მარიკაზე იქორწინა. ჯესიკას თვალებში ვერ ვუყურებდი, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე. რამდენიმე დღე რომ არ გამოჩნდა, დავურეკე, ამ საღამოს შემოგივლიო, მითხრა. მისი საყვარელი ტკბილეული გამოვიტანე და აივანზე განვმარტოვდით. არაფრის თქმა არ გინდა-მეთქი? ვკითხე. თვალზე ცრემლი მოადგა, მერე ღრმად ამოისუნთქა და გაუბედავად მითხრა, ფეხმძიმედ ვარო. წამიერად დავიბენი, მერე გონს მოვეგე და მოვეხვიე. თითქოს დამშვიდდა, ბავშვის მოცილებას არ ვაპირებ, იმის მიუხედავად, რომ ვიცი, ვანიკოს არ ესიამოვნება ამის გაგებაო. ჯესიკა ჩემს ძმას არ ადანაშაულებდა, ერთმანეთს არაფერს დავპირებივართ, რაც მოხდა, მოხდა, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ჯანმრთელი პატარა გავაჩინოო.

ამ ამბავს ვანიკოს მე ვეტყვი, შენ ნუ ჩაერევიო, - წასვლისას მთხოვა ჯესიკამ. მეორე დღეს ვანიკომ დამირეკა, ჯესიკა ყველაფერს მომიყვა, ალბათ, აჯობებს მარიკას ყველაფერი ვუამბო, მაგრამ ვშიშობ, არასწორად გაიგებსო. მოკლედ, ბავშვის ამბავი ჩემმა ძმამ დამალა. ვიცოდი, რომ თითქმის ყოველდღე სწერდა ჯესიკას და ეკითხებოდა, ექიმთან როდის მიდიოდა, ექიმმა რა უთხრა, თავს ხომ კარგად გრძნობს... და აი, მოაღწია ჯესიკას მშობიარობის დღემ. არაჩვეულებრივი პატარა შეეძინა, ვანიკოს ნაკვთებით და ჯესიკასავით შავტუხა. დრო გადიოდა. მარიკასა და ვანიკოს შვილი არ უჩნდებოდათ.

ჯუნიორს და ჯესიკას ხშირად ვსტუმრობდი, პატარა საოცრად თვინიერი გახლდათ. ერთხელაც ჯესიკამ გამოგვიცხადა, საცხოვრებლად სხვაგან გადავდივარ, იქ საავადმყოფოში უკეთესი პირობები და ანაზღაურება შემომთავაზესო. დავემშვიდობე და თითქოს ჩემი გული თან წაიყოლა.

ჯუნიორი ათი წლის იყო, როცა მოულოდნელად ჯესიკამ მომწერა, ვთხოვდები, ფეხმძიმედ ვარ და ტყუპ ბიჭს ველოდებიო. მთელი საღამო მიწერ-მოწერაში ვიყავით, ჯესიკას ვთხოვე, ჯუნიორისთვის მოეთხრო მამის შესახებ. უკვე ვესაუბრე და ძალიან უნდა მამის გაცნობაო. ჩემს ძმას დავურეკე და ახალი ამბავი ვამცნე. ჯერ გაჩუმდა, მერე კი აღელვებულმა მითხრა, მარიკას ყველაფერს ვუამბობ და შეგეხმიანებიო. რამდენიმე დღეში კი გახარებულმა მომწერა, მარიკა ამ ამბავს მშვიდად შეხვდა, ის კი არა, იმან გააცეცხლა, ამდენ ხანს რატომ მიმალავდი ბავშვის არსებობასო.

ზაფხულში მე, გიგა, ჩემი შვილი ალექსანდრა და ჯუნიორი საქართველოში ჩამოვფრინდით. ჯუნიორი ძალიან ბედნიერი იყო. თავდაპირველად ვანიკოც, მარიკაც და მთელი სანათესავო ბიჭს, ცოტა არ იყოს, გაოცებული უყურებდნენ. მერე შეეჩვივნენ. ბავშვმა ქართული არ იცოდა და უნდა გენახათ, ჩემი მშობლები ლექსიკონით ხელში რომ დაჰყვებოდნენ და დამტვრეული ინგლისურით ცდილობდნენ დალაპარაკებას, რაც ჯუნიორს ძალიან ახალისებდა. ყველაზე მეტად კი მარიკამ გამაოცა, როდესაც მითხრა, შვილი იქნებ იმიტომ არ მყავს, რომ ჯუნიორი უნდა გამოჩენილიყო ჩვენს ცხოვრებაშიო.

ამერიკაში რომ დავბრუნდით, ჯესიკასთან ჩავედით, რომ ჯუნიორის შესახებ დავლაპარაკებოდით, თუ ნებას დაგვრთავდა, ბიჭს საქართველოში ვანიკო და მარიკა იშვილებდნენ. არ გამკვირვებია, რომ მითხრა, თუ ჯუნიორს სურს, თავის ქვეყანაში, მამასთან დაბრუნდეს, მე არ შევეწინააღმდეგებიო.

ახლა საბუთებს ვაგროვებთ, თან ჯუნიორს ქართულში ვამეცადინებ. ცოტაც და, როგორც ჩემი ძმისშვილი ამბობს, სამშობლოში დაბრუნდება.

ანა ყარალაშვილი