როცა გერს ახალგაზრდა დედინაცვალი ჰყავს... - კვირის პალიტრა

როცა გერს ახალგაზრდა დედინაცვალი ჰყავს...

სერიალებით ვერთობით, ხან ვგმობთ სიუჟეტს, ვაცხადებთ, რომ მსგავსი უზნეობა ჩვენთვის მიუღებელია, ხან მოგვწონს, როცა სიყვარულისთვის იბრძვიან და არ ეგუებიან სირთულეებს, თუმცა ბევრს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ლათინურამერიკულ ქვეყნებში შეიძლება მოხდეს, ჩვენთან კი - არა... ძალიან ცდებით, მინდა მოგითხროთ ამ ორი წლის წინ ჩემს სამეზობლოში დატრიალებული ამბავი და დასკვნა თქვენთვის მომინდვია, - გვწერს თბილისელი მკითხველი ლ.კ.

ლევანი 37 წლისა დაქვრივდა. თეკლას იმ წელს 15 წელი შეუსრულდა, კახა კი 13-ის გახლდათ. ძალიან განიცდიდა ცოლის დაკრგვას, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მასაც ყველაფერი უნდა ეღონა, რომ შვილებისთვის არაფერი მოეკლო. გავიდა დრო... თეკლას სტუდენტობაში სიყვარული ეწვია და მალე გათხოვდა.

ლევანი სიძით კმაყოფილი იყო, ახლა მისი მთავარი საზრუნავი კახა გახლდათ. იგი საბანკო-საფინანსო ფაკულტეტზე სწავლობდა და მამას ძალიან უნდოდა, საზღვარგარეთ გაეშვა სწავლის გასაგრძელებლად. მართლაც, იმდენ თანხას მოუყარა თავი, რომ კახა ბუდაპეშტში გაამგზავრა. დარჩა მარტო, თავის საქმეებთან და სევდასთან ერთად.

ახლობლები ეჩიჩინებოდნენ, - ახალგაზრდა კაცი ხარ, ზოგიერთი 48 წლის ასაკში პირველად ქმნის ოჯახს და შენ რა დაგემართა, რა ხელი ჩაგიქნევია მომავალზე, შვილები უკვე ფეხზე გყავს დაყენებული, ხელახლა დაიწყე ცხოვრება, რატომ უნდა იყო სიბერის დროს მარტოო... არაფერს ამბობდა, მაგრამ გულში ეთანხმებოდა მათ. დამ და მამიდაშვილმა იაქტიურეს და ერთი ნათესავის ოჯახში, წვეულებაზე გააცნეს 29 წლის თეონა.

მშვენიერი ქალი იყო, უმალ იქცევდა ყველას ყურადღებას. უკვირდა ლევანს, ამდენი ხანი როგორ დარჩა ასეთი ქალი გაუთხოვარიო, ახლობლებმა კი უცებ ჩაურაკრაკეს თეონას ამბავი: ადრე მოიტაცეს, ბიჭი ნარკომანი გამოდგა, შვილიც არ გაუჩნდათ და რამდენიმე  წლის შემდეგ გაშორდა ქმარს.

მერე აღარც უფიქრია გათხოვებაზე, მაგრამ შენი არ იყოს, ისიც შეჭამეს ნათესავებმა და ძლივს დაითანხმეს გათხოვებაზეო... რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ლევანმა და თეონამ მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს. მალე ლევანმა თეკლასაც გააგებინა, რომ ცოლის შერთვას აპირებდა და კახასაც დაურეკა ბუდაპეშტში.

რა თქმა უნდა, ორივეს გაუხარდა და მამას გულწრფელად მიულოცეს გაბედნიერება. პატარა ქორწილი გადაიხადა ლევანმა, კახამ ვერ მოახერხა ჩამოსვლა, სამაგიეროდ, მამას დაჰპირდა, არდადეგებზე ჩამოვალო. კახა ორ თვეში თბილისში ჩამოვიდა... კარი ლამაზმა ქალმა გაუღო, მაშინვე მიხვდა, რომ ეს მამამისის მეორე ცოლი იყო. ერთი თვის განმავლობაში ძალიან დაუახლოვდნენ დედინაცვალი და გერი ერთმანეთს.

ლევანს უხაროდა მათი დამეგობრება და სიცილით ამბობდა, - ისე არიან ერთმანეთთან, როგორც კლასელებიო. არც იყო გასაკვირი, თეონა გერზე 8 წლით უფროსი იყო. თეკლას მაიცდამაინც არ მოსწონდა ძმისა და ახალგაზრდა დედინაცვლის ღრმადმეგობრული ურთიერთობა, მაგრამ მამისა ერიდებოდა და ვერაფერს ამბობდა, - ვაითუ, ჩემი ეჭვი უსაფუძვლოა და ტყუილად ვაწყენინოო. ერთხელ კი მისი ეჭვი გამყარდა.

თეკლას იმ დილით არ ელოდებოდნენ, მან კი ბავშვს მოჰკიდა ხელი და მოულოდნელად თავს დაადგა ძმასა და დედინაცვალს. ისტერიკაში ჩავარდა, ტირილს ვერ იკავებდა, ხმამაღლა უყვიროდა ძმას:

ამ ქალს რა პასუხი უნდა მოვთხოვო, როცა შენ თავად ხარ უღირსი ადამიანი, ეს როგორ აკადრე მამასო... ახსნა-განმარტებას აზრი არ ჰქონდა. თეონამ უხმოდ ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა. კახამ კი, სანამ ლევანი სამსახურიდან დაბრუნდებოდა, წერილი დატოვა - მამას პატიებას სთხოვდა, მერე კი თეონას მიაკითხა და მასთან ერთად გაუჩინარდა.

ლევანისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. ცოლის ღალატმა გაანადგურა. აღარც უძებნია შვილი და ცოლყოფილი. თეონა ერთხანს კახასთან ერთად ბუდაპეშტში ცხოვრობდა, მერე იქაც გაუმართავს ვიღაც უნგრელთან ფლირტი და კახა მიუტოვებია.

ახლა კახა თბილისში ჩამოსვლას აპირებს, მამას შორიდან უთვლის პატიებას (ვინ იცის, მერამდენედ), მაგრამ ლევანისგან ჯერ შენდობა არ მიუღია...