განა შრომა სირცხვილია! - კვირის პალიტრა

განა შრომა სირცხვილია!

42 წლის გახლავართ, ვცხოვრობ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, მყავს 3 შვილი. ათი წლის წინ დავქვრივდი, მაშინ ჩემი უფროსი ვაჟი 12 წლის გახლდათ.

ჩემი მეუღლე სამ ადგილას მუშაობდა, რომ ჩვენთვის არაფერი მოეკლო... ბევრჯერ გამჭირვებია ქმრის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ასე არ ჩამწყვეტია გული, როგორც ახლა. ჩემი ჯაბა 15 წლიდან მუშაობს, ყველანაირად ცდილობს, მხარში ამომიდგეს. მე უმაღლესის დამთავრება ვეღარ მოვახერხე, რადგან ძალიან ადრე გავთხოვდი.

სამაგიეროდ, კარგად ვკერავ, მანქანაზე ქსოვაც მეხერხება და ჯაბასთან ერთად ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექით. ჯაბა ახლა 21 წლის გახლავთ, ჩემი გოგონები 14 და 11 წლისანი არიან. ჯაბა ორი წელია ქალაქის დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ჰყავდა შეყვარებული თაკო. ვიცნობ, კარგი გოგოა... ამ ბოლო ხანს ჯაბას დარდიანობა შევატყვე, გამოვკითხე და გული დამეწვა -  თაკოსთან მოსვლია შელაპარაკება.

თურმე, როცა გოგონას გაუგია ჯაბას სამსახურის შესახებ, კატეგორიულად მოუთხოვია: ან თავი დაანებე მენაგვეობას, ან მე დამემშვიდობეო. ჯაბას უთქვამს: - ახლა სხვა, უფრო შემოსავლიანი სამსახურის იმედი არ მაქვს, დაბალი ხელფასით კი ოჯახს ვერ ვარჩენ. თუ გიყვარვარ, ისეთი მიმიღე, როგორიც დღეს ვარო. თაკომ ვერ მიიღო და დაშორდნენ. იმ დღიდან სამ თვეზე მეტი გავიდა. ჯაბა ძალიან დარდობს. ენა მოუტანეს, თაკო და მისიანები მენაგვეს გეძახიანო.

ვატყობ, ჩემს შვილს ის გოგო, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან უყვარს. ვთხოვე, ჩვენზე ნუ იდარდებ, მოძებნე სხვა სამუშაო-მეთქი, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - მე ეს სამუშაო სულაც არ მეთაკილება, სულ აქ კი არ ვიქნები, უკეთესსაც მოვძებნიო. ჩემი შვილი მუშაობს, ოჯახს არჩენს. იგი არავისზე ნაკლები არ არის. ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმეს მუშაობა მიაჩნია სამარცხვინოდ და არა ქუჩაში უსაქმოდ დგომა.

მაგდა ტაბიძე, თბილისი