"ჩემი შვილებისა და ქმრისთვის არასდროს მიღალატია" - სეირის მაყურებლები და ქოთნის ყვავილში დამალული "მთელი ცხოვრება" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილებისა და ქმრისთვის არასდროს მიღალატია" - სეირის მაყურებლები და ქოთნის ყვავილში დამალული "მთელი ცხოვრება"

ამბავი სიკეთესა და ბოროტებაზე "თუ გცალია, ერთ გრძელ ამბავს უნდა მოგიყვე. ვიცი, საინტერესო იქნება "გზის" მკითხველისთვის", - მეუბნება ახალგაზრდა ქალი. მოსმენას წინ რა უდგას და ვემზადები მონათხრობის დეტალების ჩასანიშნავად. ამბავი მართლაც, რომ გულისამაჩუყებელი და საინტერესოა. მენდეთ, ღირს წაკითხვად:

"ორი წლის წინ დედას მივაკითხე. სამსახურისა და ჩემი ოჯახის გამო, მშობლებს იშვიათად ვნახულობდი. სოფლად მოზრდილა, კოხტა სახლი გვაქვს. დედას ოთახის ყვავილები უყვარდა და ლამაზი საყვავილე ქოთანიც ბევრი ჰქონდა ფანჯრის რაფებზე. სახლში შესულს თვალში მომხვდა საღებავის სამლიტრიანი კოლოფი, რომელიც მიწით იყო ამოვსებული და ციცქნა ნერგი მის შუაგულში საბრალოდ გამოიყურებოდა. როდის აქეთ დაიწყე, დედა, კოლოფებით ყვავილების გახარება? - ვკითხე გაოცებულმა. შენ არ იცი, რამდენად ძვირფასია ეგ ჩემთვისო, მითხრა ჭაღარაშერეულმა და ოდნავ შესამჩნევი ღიმილით სახე გაულამაზდა.

დედამ იმ საღამოს ბუხრის წინ პატარა მაგიდა დადგა და ჩაი შემომთავაზა. ალუბლის მურაბა, რომლის მოდუღებაში ბადალი არ ჰყავდა, პიკანტურ გემოს აძლევდა სასმელს. მამა მალე გაგვშორდა, ქალებს სალაპარაკო გექნებათო და რაღაც წიგნი საძინებელში გაიტანა, სათვალე ცხვირზე დაისკუპა სასაცილოდ, როგორც სჩვეოდა!

გახსოვს თუ არა ჩვენი შეთე ხიჩილოო? მკითხა დედამ. მახსოვდა, როგორ არა. ვიცოდი, რომ ხვიჩა ერქვა, გონებასუსტობის გამო შეთე ხიჩილო შეარქვა ვიღაცამ და ნამდვილი სახელი აღარც კი ახსოვდა სოფლად ბევრს. უცნაურია, მაგრამ ბევრი ჭკუათამყოფელი არ იყო ისე საიმედო, როგორც ხიჩილო. დაკარგულ პირუტყვსაც ადვილად პოულობდა, შეშასაც აპობდა, ბარავდა, ვაზსაც აწამვლინებდა ოჯახს და ბევრ ისეთ საქმეს ინელებდა მისი მარჯვენა, რაც სოფელში მცხოვრებს მუდამ გააჩნია. ცოლის მოყვანა მინდაო, ყველას ეუბნებოდა. ერთხელაც, რომელიღაც ოხუნჯს უკითხავს, რად გინდა, შეთე, ცოლიო? დედაჩემი და მამაჩემი მეუბნება, გინდაო და მეც ვუჯერებო... გავიდა დრო და ხიჩილომ მართლა მოიყვანა ცოლი. მერე ზედიზედ სამი შვილიც გასჩენიათ, ლამაზები და ჯანმრთელები. აქოთქოთებულან სოფლის ყბედი დედაკაცები, არ წამოაყენა ხიჩილომ ეს დაქცეული ოჯახი ფეხზეო? ხიჩილოს დედა, ციცინო ერთი როყიო და ძლიერი ქალი იყო. წელში გაწყვეტილი და მხრებში გაგანიერებული უფრო კაცს ჰგავდა, ვიდრე ქალს. ზოგჯერ კაცივით სვამდა, ხარივით მუშაობდა და თვალში ვინც არ მოუვიდოდა, კაციან-ქალიანად, განურჩევლად გვერდებსაც მიუჟეჟავდა ხოლმე. ეს ერთგვარი გასართობიც იყო: ციცინოს გალახული სოფლად ბევრი დადიოდა და უმეტესად ისინი, ვინც მის შვილს დასცინოდა!..

ჩაის ფინჯნების დაცლამდე დედამ მითხრა, ეს პატარა ყვავილი, ვიდრე იყვავილებს, მე ცოცხალი არ ვიქნები, მაგრამ აუცილებლად მოუფრთხილდით, ამაზე უკეთესი არაფერი მრჩება ამ სახლშიო. გაბრაზებულმა გავუქნიე თავი და თურმე, მართალი იყო დედაჩემი...

ხიჩილოს სამი ბავშვი სკოლაში დადიოდა უკვე, - მითხრა დედამ, - როცა ციცინოსთვის ჩაუწვეთებია მეზობელ ქალს, შენი რძალი კარგ საქმეს არ შვრება, დედამისის შვილია, ყურადღება მიაქციეო. ხიჩილოს ცოლი ტანწვრილი ქალია, მსუბუქად გადადიოდა ყანიდან ვენახში, ტყიდან ველზე, ყველგან საქმე და შვილები დასდევდნენ, ხიჩილოც ადევნებდა თვალს (მგონი სიყვარულით!) და უცებ, ეჭვის ჭია გაჩნდა, რომელმაც დედამთილის გულს დაუწყო ხვრა. ათასჯერ ვუთხარ, ნუ ლაპარაკობ, ქალო, ცოდვას, განა სოფელს ნამუსი დაელია, თუ შენს რძალს ჭკუა დაეწრიტა-მეთქი? არაო, არაო, საეჭვო კი აღარაფერია, აი, მეზობლის ქორწილშიც კი დავინახე, როგორ უყურებდა კაცებს, მერე უფროსკლასელ ბიჭებსაც ეცეკვა და ბოლოს დავინახე, ლადიასთან ერთად სიბნელეს რომ შეერწყა და გვიანობამდე არ გამოჩენილაო.

მერე იყო თურმე ჩხუბი, წივილი, კივილი, ლანძღვა. აი, სოფელიც მორალის სადარაჯოზე გამოსულა: ციცინო ტყუილად არ მოარტყამდა თავის რძალს, დედამისიც ამეებით ყოფილა ცნობილი და კვიცი გვარზე იწყებს ხტუნვასო.

მეზობლები ხშირად სეირს უყურებდნენ, როგორ ურტყამდა ციცინო რძალს. გააფთრებული დედამთილი დაჰკიოდა, - ოჯახს ჩირქს სცხებ, მოსცილდი აქაურობას, მე მივხედავ ბავშვებსო. ქალი იხვეწებოდა, დამანებეთ, საქმემ მომქანცა და ძაღლს აცდიან ჭამას, მე რა დავაშავე, პირთან მიტანილ ლუკმას რომ მაცლი ხელიდანო?.. დედაჩემი ჩაუდგებოდა რძალ-დედამთილს შუაში და ციცინოს ამუნათებდა თურმე, რა გინდა, ქალო, რად სცემ, პირუტყვსაც არ სცემს შეგნებული პატრონი და შენ ვინ ხარ ასეთიო?! გაივლიდა ერთი-ორი დღე და ისევ აამუშავებდა ეჭვის ჭია საცეცებს, ისევ იწყებოდა წივილ-კივილი და ხიჩილოს ქალის მუდარიანი ხმა, სამართალი სად დაიკარგაო?..

დედამთილს ახალი სტრატეგია შეუმუშავებია ბოლოს. შვილიშვილებს მოისვამდა გვერდით და დაეკითხებოდა: აბა, ნახეთ, თქვენს ტოლებს ყველას ჰყავს ორ-ორი ბებია და ბაბუა, თქვენ კი რატომ არ გყავთ მეორეებიო? სხვებს დეიდები და ბიძები რომ ჩუქნიან რაღაცებს, თქვენ სად გყავთ დეიდებიო? ბავშვებიც ნელ-ნელა დაიბოღმნენ დედაზე და გაუუცხოვდნენ. დედის საეჭვო სახელი ნელ-ნელა შეზიზღდათ, თან, ბაბუაც "ბოზ" დედას ხშირად აგინებდა ცელქ პატარებს...

"ერთი კვირის წინ შემოვიდა ხიჩილოს ცოლი და ეს კოლოფი მომიტანა. ჩემო ერთადერთო შემცოდე ადამიანო, ეს უნდა გაჩუქოო. გავუღიმე და მადლობა ვუთხარი. კოლოფს მოძველებული გაზეთი ჰქონდა წითელი საქსოვი ძაფით შემოჭერილი. ციცქნა ყვავილი უღონოდ და საცოდავად გამოიყურებოდა. მითხრა, ჩემსავით გამძლე და სიცოცხლისუნარიანი ყვავილია, სკოლიდან წამოვიღე მაგისი ნერგი ადრე, მეორე წლიდან იწყებს ყვავილობასო. ყვავილი საპატიო ადგილას დავდე და ვუთხარი, ვიდრე ცოცხალი ვარ, ეს ყველა ყვავილზე მეტად მეყვარება-მეთქი. გაუხარდა და გულში ჩამეკრა, წვრილი ხელები მაგრად შემომხვია და უკან-უკან დახევით გავიდა გარეთ..."

მეორე დილას ციცინოს ხმამაღალმა შეკივლებამ ცა გახია თურმე, ის უნამუსოს უნამუსო შვილი სად წაეთრა ნეტავო? ეს შეკივლება იყო და გაივსო ეზო უსაქმური დედაკაცებით. ლანძღავდნენ რძალს, სად წაეთრა, ბავშვები როგორ მიატოვაო? დედაჩემს უყურებდნენ და ეუბნებოდნენ, აი, ხედავ, ვის იცავდიო?! დედას უხმოდ დაუტოვებია ეზო და სახლში მისულს საღებავის კოლოფში ჩარგული ყვავილი გახსენებია. უხეიროდ შემოჭერილ ძაფს და ქაღალდს მაინც შევცვლიო, უფიქრია. ძაფის შეწყვეტა კოლოფზე და რამდენჯერმე დაკეცილი, ტყუპი ფურცელი გადმოვარდნილა გაზეთის შიგნითა მხრიდან! საგულდაგულოდ შენახული, ოდნავ გაცრეცილი ფურცლები მომაწოდა დედამ და წავიკითხე:

"ერთადერთი, ვინც ადამიანად მთვლიდა ამ სოფელში, შენ იყავი, სხვები კი ჩემს ტანჯვას უყურებდნენ და თავს იქცევდნენ. დედამთილი რასაც მეძახდა, არ იყო ყველაფერი ტყუილი. ჩემი შვილებისა და ქმრისთვის არასდროს მიღალატია, მაგრამ ის მართალია, რომ ძალიან ცუდი მშობლები მყავდნენ! მამა რამდენადაც კარგ გვარს, ბაქრაძეს ატარებდა, ათჯერ მეტად ცუდი კაცი იყო! ოჯახს სასმელი ერჩივნა! ყოველდღე მოჰყავდა კაცები სახლში, ისინი კი მუდამ სასმლის ბოთლებით მოდიოდნენ. გაგრძელება