ვიღაც ბოროტმა ქორწილი ჩამიშალა - კვირის პალიტრა

ვიღაც ბოროტმა ქორწილი ჩამიშალა

თქვენი მკითხველის უამრავი წერილი რომ არა, ალბათ ვერც მე გავბედავდი მოწერას. მინდა ჩემი წუხილი გაგიზიაროთ...

32 წლისამ გარიგებით შევირთე ცოლი. იგი უშვილო გამოდგა. მიუხედავად ამისა, მაინც პატივს ვცემდი და ყურადღებას არ ვაკლებდი. არც მიფიქრია განშორება, მაგრამ უშვილობის გამო თვითონ წავიდა. აღარ შევხვეწნივარ. ცოტა ხანში ერთ ბორჯომელ გოგონასთან ავაწყვე ურთიერთობა და ვფიქრობდი, რომ კარგ ოჯახს შევქმნიდით, მაგრამ არ ვიცი, ვინ მმტრობს, რას მერჩის ან რატომ არ უნდა ჩემი ბედნიერება...

ბოროტი ენები დაატრიალეს და იმდენი ქნეს,  დამაშორეს. გული მეტკინა, მაგრამ რა მექნა? თამუნა აღარ მენახვებოდა... ვიღაცას აშკარად არ უნდოდა ჩემი ბედნიერება და უხეშად ერეოდა ჩემს პირად ცხოვრებაში.  მაქვს პატარა ბიზნესი, დღე-ღამეს ვასწორებ. თუკი ოჯახი არ მექნება, რიღასთვის ვშრომობ და ვწვალობ?

გამოხდა ხანი და თბილისელი გოგო გავიცანი. ამ ურთიერთობას საიდუმლოდ ვინახავდი. საქმე ქორწილამდე რომ მივიდა, ცხადია, გავამჟღავნე და ისევ დაატრიალეს ენები. ნეტავ, ის მაინც ვიცოდე, რას ეუბნებიან ამ გოგოებს, რომ მერე ჩემკენ გამოხედვაც აღარ უნდათ. ხანდახან ვფიქრობ, ჩემი ყოფილი ცოლის ოინები ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ეჭვის გამო ხელს ვერ დავადებ.

წლები კი გარბის...

პატივისცემით - რამაზი ხაშურიდან