"როგორ გავათხოვეთ დედას დაქალი მანჩო" - კვირის პალიტრა

"როგორ გავათხოვეთ დედას დაქალი მანჩო"

"დედამ მეორე დღესვე დაიბარა დაქალი და თავისი განზრახვა გაუმხილა, რომ მის გათხოვებას თავის თავზე იღებდა"

დედაჩემს ერთი ძალიან ახლო მეგობარი ჰყავს, მანჩო, 40 წლის, კეთილი და მხიარული ქალი. სწორედ მის ამბავს მინდა მოგიყვეთ.

მანჩოს ახალგაზრდობაში ცოლიანი კაცი ჰყვარებია, რომელიც წლების განმავლობაში არწმუნებდა, რომ ოჯახიდან წამოსვლას და მასზე დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვები იყო, რეალურად კი ახალგაზრდა ქალს საუკეთესო წლები ლოდინში დააკარგვინა.

ერთ დღესაც დედამ გადაწყვიტა ეს მნიშვნელოვანი საქმე საკუთარ თავზე აეღო და მეგობარი გაეთხოვებინა. ჩვენს სახლთან ახლოს მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც დედაჩემი ძალიან უყვარდა. ქალს 45 წლის დასაქორწინებელი შვილი ჰყავდა. ილიას და მანჩოს დაქორწინების იდეა დედაჩემს უცაბედად დაებადა. მეორე დღესვე დაიბარა მეგობარი და თავისი განზრახვა გაუმხილა. მანჩოს სასიამოვნოდ გაეღიმა, მაგრამ რაღა დროს ჩემი გათხოვებააო, მაინც დაირცხვინა. დედაჩემი საოცრად მიზანდასახული ადამიანია და გაუკეთებელი საქმე მისთვის არ არსებობს. მოკლედ, მოხუცი მეზობელი მოინახულა და უქო და უდიდა მეგობარი. სადედამთილოს ბედნიერებისგან თვალები აენთო. მეორე დღეს ილია და მანჩო ჩვენს სახლში ერთმანეთს პირველად უნდა შეხვედროდნენ.

მანჩო ამ დღისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდა. ადრიანად დაგვირეკა, კაბის საყიდლად მივდივარ და მერე სალონში უნდა წავიდეო. სახლი დავალაგეთ, გავაწკრიალეთ. მამაჩემმა ვახშმისთვის პროდუქტით მოგვამარაგა. ილიას დედამაც რამდენჯერმე ამოგვიარა, დახმარება შემოგვთავაზა, თან ნერვიულობდა, ძალიან წუნიაა ჩემი შვილიო.

საღამოს ყველაფერი არია. ტელეფონზე მანჩომ დარეკა. წინა კბილი საშინლად ამტკივდაო, მოთქვამდა. ვახშმამდე ერთი საათი რჩებოდა. ისევ დედაჩემმა იყოჩაღა - მამაჩემს დაავალა, მანჩო სასწრაფოდ კბილის ექიმთან წაიყვანეო. მამაჩემს არ გაუპროტესტებია.

ზუსტად რვა საათზე კარზე ზარის ხმა გაისმა და ილიკო და დედამისი მოვიდნენ. სადედამთილომ სარძლო მოწიწებით იკითხა, დედამ წუთი-წუთზე მოვაო, დაამშვიდა ქალი. ის იყო, სტუმრები სუფრას მიუსხდნენ, რომ დედაჩემის ტელეფონი აწკრიალდა. მამაჩემი რეკავდა, ექიმს უთქვამს, კბილის შენარჩუნება შეუძლებელია და უნდა ამოიღოთო. დედამ ბრძანება გასცა, რომ უკბილო მანჩო მამაჩემს ჩვენთან წამოეყვანა, რათა გარიგება არ ჩაშლილიყო, რაზეც მანჩომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ვერ წამოვალ,"არ ყოფილა ეგ კაცი ჩემი ბედი, მორჩა და გათავდაო!"

უხერხულობაში ჩავარდნილმა დედაჩემმა სტუმრებს მოუბოდიშა, ახლა დამირეკა მანჩომ, ისეთი ვირუსი შემხვდა, ვერაფრით ვერ შევძელი წამოდგომა, რომ მოვსულიყავიო. ილიკო მაშინვე წამოხტა და კარისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა, მომეჩვენა, რომ გაუხარდა კიდეც, მანჩო რომ არ მოვიდა, მოხუცი კი გაბრაზებული ჩანდა, მასხრად ხომ არ გვიგდებსო?

მეორე დღეს მანჩო რომ არ გამოჩნდა, დედამ მოიკითხა. კბილების სამკურნალოდ დავდივარ და რომ მოვიცლი, გამოგივლითო. ერთ კვირაში მართლაც გვესტუმრა. ძალიან ბედნიერი ჩანდა. ღიმილს წინა კბილიც უმშვენებდა. დედაჩემმა საქმრო გაახსენა, რაზეც ქალმა გულიანად გადაიკისკისა."ამხელა კაცს რომ დედა ურიგებს ცოლს, უკვე სასაცილოაო... ამაზე კი გაბრაზდა დედაჩემი,"მარტო ცხოვრება თუ გინდა, რაღას დამარაზმვინე ეს ხალხიო!"

დედა საგონებელში ჩავარდა, ამ უხერხული მდგომარეობიდან თავის დაძვრენაზე ფიქრობდა, მაგრამ ყველაფერი თავისით მოგვარდა. რამდენიმე დღეში თავად მოხუცი მეზობელი გვესტუმრა და გვახარა, ილიკოს ცოლი მოჰყავსო. თურმე მის ვაჟს დიდი ხანია ვიღაც უყვარდა, რომელიც ილიას ცოლობაზე უარს ეუბნებოდა, ახლა კი თანხმობა უთქვამს. ორი კვირის შემდეგ ეზოში ბედნიერ ახალდაქორწინებულ ილიასა და მის მეუღლეს შევხვდი.

მანჩოს რაც შეეხება, მისი სიყვარულის ამბავი უკვე მამაჩემისგან შევიტყვეთ. მოკლედ, იმ დღეს მამას ნაცნობ სტომატოლოგთან წაუყვანია. ბატონი დიმიტრი ცოლგანაშორები, მარტოხელა კაცი იყო, დიდი შვილები ჰყავდა. ცოლის შერთვაზე აღარც უფიქრია, მაგრამ როდესაც მანჩო გაიცნო, აზრი შეიცვალა. მამაჩემისთვის უთქვამს,"შენი წყალობით საოცარი ქალი გავიცანი და ქორწილში თამადად უნდა დაგსვაო.

რამდენიმე თვეში მანჩო და ბატონი დიტო დაქორწინდნენ და მალე პატარა ეკატერინეც შეეძინათ."

მას შემდეგ მამაჩემი მომენტს ხელიდან არ უშვებს, რომ დედას არ წაჰკბინოს, ბევრი იწვალე, მაგრამ მაჭანკლობა არ გამოგივიდა, მე გაჯობე და მანჩო გავათხოვეო."

ანა ყარალაშვილი