"რა უნდა მეთქვა, როცა გამიმხილა, რომ საქმრო ჰყავდა" - კვირის პალიტრა

"რა უნდა მეთქვა, როცა გამიმხილა, რომ საქმრო ჰყავდა"

მე და ნიკუშა ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ნინი მის დაბადების დღეზე გავიცანი.

ნიკა მანდილოსნების დიდი მოტრფიალეა და უყურადღებობას არც მათგან უჩივის. ერთხელაც დაბადების დღის აღნიშვნა ზღვის პირას გადაწყვიტა. მეგობრები მამამისის ნაჩუქარ მანქანაში ჩავსხედით და გეზი დასავლეთისკენ ავიღეთ. ექვსნი ვიყავით: მე, ნიკუშა და სამი გოგო. მათგან მხოლოდ ერთს არ ვიცნობდი - ნიკას შეყვარებულის მეგობარი იყო, რომელიც ჩვენთან მარის თხოვნით აღმოჩნდა.

ნიკას ბავშვობიდან ერთი გოგო უყვარდა, რომელმაც გული ბევრჯერ ატკინა, მერე კი ცოლად სხვას გაჰყვა. გულგატეხილი ნიკუშა მას შემდეგ მხოლოდ დროებით ურთიერთობებს სჯერდებოდა.

ჩასულებმა ბინა ვიქირავეთ, მოვწესრიგდით და საღამოს ზღვის პირას ქეიფი გადავწყვიტეთ. მარიმ გიტარაც წამოიღო. ცეცხლი დავანთეთ, მწვადი ავაშიშAხინეთ, ვიმღერეთ, ვიმხიარულეთ...

მარის მეგობარი ნინი ძალიან ლამაზი იყო, ეგ იყო, საოცრად სევდიანი თვალები ჰქონდა. მთელი საღამო ვგრძნობდი, რომ დაჟინებით მაკვირდებოდა. უკვე კარგად ბნელოდა. გოგოები ნამუსრევს პარკში აწყობდნენ, თან წუწუნებდნენ, ბიჭები რატომ არ გვეხმარებითო. ნინიმ რატომღაც გასეირნება გადაწყვიტა. არ გინდა, გამოგყვე-მეთქი? რატომაც არაო, თავი დამიქნია.

ჯერ უხმოდ მივდიოდით, მერე ზღვის პირას ქვაზე ჩამოვსხედით და ტალღების ხმას ყური მივუგდეთ. არ ვიცოდი, რაზე დავლაპარაკებოდი. მერე გავბედე, ახლოს მივუჩოჩდი და საკოცნელად გავიწიე. ჩემდა გასაოცრად, წინააღმდეგობა არ გაუწევია და მეც გავთამამდი. შუაღამე იქნებოდა, დაბრუნება რომ გადავწყვიტეთ.

გოგოები და ბიჭები ცალ-ცალკე ოთახებში ვიყავით. ოთახში რომ შევედი, ნიკა საწოლიდან წამოხტა - შენ რა, გაგიჟდი, ამდენი ხანი იმ გოგოსთან სად დაბოდიალებდიო. არაფერი მითქვამს. ნინიზე ფიქრში ჩამეძინა. რომ გავიღვიძე, მაშინვე მისი ნახვა მომინდა.

სასიამოვნო დილა იყო. სამზარეულოში გავედი, ყავა მოვადუღე და გოგონებს ლანგრით საძინებელში მივართვი. აღტაცება და გაკვირვება ვერ დამალეს. ნინიც კმაყოფილი ჩანდა. თვალით ვანიშნე, გარეთ გამოდი-მეთქი და სანამ გოგონები ადგებოდნენ, ზღვაზე საბანაოდ გავიპარეთ.

ვერ ვიტყვი, რომ ნინი მაშინვე შემიყვარდა, მაგრამ იყო რაღაც ამ ურთიერთობაში, რაც ორივეს ძალიან მოგვწონდა.

ამასობაში მეგობრებიც შემოვგიერთდნენ. ჩვენს დანახვაზე მარის ეშმაკურად გაეღიმა.

ის ღამეც მე და ნინიმ ზღვის პირას, ერთმანეთის ალერსში გავატარეთ. თბილისში დაბრუნების დრო რომ მოვიდა, ცოტა მოვიწყინეთ, მაგრამ იმედი მქონდა, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდებოდა, ბოლო წუთებამდე ველოდი, რომ თავის ტელეფონის ნომერს მეტყოდა, მაგრამ თბილისში ისე ჩამოვედით და დავშორდით, არაფერი უთქვამს.

მას შემდეგ ნინი აღარ გამოჩენილა. მისი ტელეფონის ნომერი არ მქონდა, სოციალურ ქსელშიც ვერ ვიპოვე და დასახმარებლად ნიკას მივადექი."

მოკლედ, დავურეკე. დაბნეული დამელაპარაკა. შეხვედრაზე გაჭირვებით დავითანხმე. ვერაფერს მივხვდი, მაგრამ არ მოვეშვი.

მის სამსახურთან შევხვდი. უფრო მომხიბვლელი მომეჩვენა. ბარში წავედით. ცოტ-ცოტას ვსვამდით და ვსაუბრობდით."შენ ჩემზე არაფერი იციო, მითხრა. თუ არ მეტყვი, არასდროს არაფერი მეცოდინება-მეთქი. უარის ნიშნად თავი გააქნია და ლამაზი სევდიანი თვალები აუწყლიანდა.

ის ღამე ერთად გავატარეთ. საოცარი გოგო იყო, ერთდროულად სევდიანიც და მხიარულიც.

დილით თვალი რომ გავახილე, სააბაზანოდან ახალი გამოსული დამხვდა. უნდა წავიდეო."კიდევ როდის გნახავ-მეთქი, ვკითხე. ალბათ, აღარასდროსო, რომ მითხრა, გავცეცხლდი. როდემდე უნდა მეთამაშო, თუ არ გინდა ჩემთან ყოფნა, მიზეზიც ხომ უნდა მითხრა-მეთქი. ძლივს გამოცრა, საქმრო მყავსო.

აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წლის წინ ლევანი და ნინი მანქანით ქალს დაეჯახნენ. საჭესთან ნინი იჯდა, მაგრამ დანაშაული ლევანმა დაიბრალა. ოთხი წელიწადია, ციხეში ზის, სადაცაა, გამოუშვებენ, ვალდებული ვიყავი, დავლოდებოდიო. რა უნდა მეთქვა - ჩავიცვი და კარი უხმოდ გამოვიხურე.

მაგრამ მივხვდი, რომ ნინი მიყვარდა...

მას შემდეგ მასთან შეხვედრა აღარ მიფიქრია, არადა, მენატრებოდა. ნიკასა და მარის ურთიერთობამაც არ გასტანა დიდხანს, რომ მარისგან მაინც შემეტყო რამე.

ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ერთი წელი იყო გასული, ნინიმ რომ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა.

უწინდებურად ლამაზი იყო. მიამბო, რომ საქმრო ციხიდან გამოვიდა თუ არა, პატარა ქორწილი გადაიხადეს, მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. ლევანი სვამდა, ხშირად ღამეს სახლში არ ათევდა, სამორინეში დადიოდა... ვალები რომ დაედო, მეუღლის სამკაულს მიადგა და გაყიდა...

მოკლედ, ნინი ოჯახიდან წამოვიდა...

ვერ ვიტყვი, რომ ეს ამბავი მეწყინა, მაგრამ არც ის ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. იმ დღეს მისთვის არაფერი მითქვამს. არც მომდევნო დღეებში შევეხმიანე, თუმცა მისმა გამოჩენამ მოსვენება დამიკარგა.

შუაღამე იყო. ტელევიზორში ფეხბურთის ყურებას შევყევი, რომ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. ნინი მწერდა, შენს სახლთან ვდგავარ და იქნებ ჩამოხვიდეო.

კიბე სწრაფად ჩავირბინე. სადარბაზოსთან იდგა და კანკალებდა. სახლში ამოვიყვანე, ცხელი ჩაი დავალევინე და საწოლში ჩავაწვინე. მალევე ჩაეძინა. მივხვდი, რომ თუ ახლა გავუშვებდი, სამუდამოდ დავკარგავდი, არადა, ეს უცნაური, სიტყვაძუნწი, სევდიანთვალება გოგო ძალიან მიყვარდა.

ნიკუშას დავურეკე - ნინი ჩემთან არის და მისი დაკარგვა არ მინდა-მეთქი. ნიკუშამ - ასეც უნდა მოიქცე, რაც ძვირფასია, უნდა ჩაეჭიდო, ჩემს შეცდომას ნუ გაიმეორებო.

დილით ნინის სავარძელში მძინარე დავხვდი. მისმა დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა. თვალებში რომ ჩავხედე, სევდიანი აღარ ჰქონდა, პირიქით - ვარსკვლავებივით უციმციმებდა.

ანა ყარალაშვილი