უცნაური აღსარება - ამბავი უმიზეზოდ შეძულებულ ქმარსა და დანგრეულ ოჯახზე - კვირის პალიტრა

უცნაური აღსარება - ამბავი უმიზეზოდ შეძულებულ ქმარსა და დანგრეულ ოჯახზე

შემზიზღდა უნებლიეთ და უსაფუძვლოდ ოჯახის კაცი, კარგი მამა და შემრცხვა უსაშველოდ...

ირინა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ტოლებისგან მუდამ გამორჩეული იყო თავისი რევოლუციური ხასიათით, სიმაღლითა და სიგამხდრით. მოულოდნელად შევხვდით ქალაქში და ორივეს ისეთივე ბავშვური სიხარულით გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა, როგორც პატარაობისას მოწინააღმდეგე გუნდის დამარცხება საბავშვო თამაშებში შეჯიბრებისას. ორი პატარა შვილი ჰყავს, ეს ვიცი, თუმცა, მისი ცხოვრების ბევრი დეტალი უცნობია ჩემთვის. ორიოდე სიტყვით ვუთხარი ჩემზე, თან, პაწაწინა კაფეში ხაჭაპური და ჩაი შევუკვეთეთ.

შეკვეთის მიღებამდე, შუქი ჩაქრა და სიბნელის გასაფანტავად სიფრიფანა მიმტანმა გოგონამ სანთელი აანთო ჩვენს მაგიდაზე. გამეღიმა, რომატიკული საღამოს იმიტაციაც გამოგვივიდა უნებურად-მეთქი. - მე სულ რომატიკაში ვარ, კარგა ხანიაო, - თქვა ირინამ.

"გათხოვების მერე ცაზე სულ ჟღალი ბინდია, მზეც უფრო მუქი გახდა, ოღონდ, არა თბილი... უნივერსიტეტიც დავასრულე, მერე გერმანიაში გაცვლითი პროგრამით ვისწავლე და სამშობლოში დაბრუნებულს, მშობლებმა დაოჯახება გადამიწყვიტეს. არავინ მიყვარს, როგორ გავთხოვდე-მეთქი? დედამ მითხრა, - გგონია, მამაშენი მიყვარდა, როცა გავყევი? ეს მერე მოდის, თავისით, შვილები შეგაყვარებთ ერთმანეთსო.

თურმე, "მეორე მხარეც" თავის პერსპექტიულ და განათლებულ შვილს იმავეს ეუბნებოდა. მალხაზი ასაკთან შედარებით შევერცხლილთმიანი ახალგაზრდა გახლდათ და კერძო სექტორში მუშაობდა, კარგი ანაზღაურებით. ორივე განათლებული, მოხდენილი და სერიოზული ადამიანი ხართ, უნდა დაქორწინდეთო, - გვირჩიეს. ვერ ვიტყვი, რომ ან მალხაზს ჰქონოდა დიდი ემოცია; თითქოს ვალდებულებას იხდიდა ქვეყნისა და მშობლების წინაშე. იყო ვიწრო წრეში ნიშნობა, მერე აყალმაყალიანი და დამღლელი ქორწილიც. რაღაც გაურკვეველი ღიმილით ვიღებდი მილოცვებსა და საჩუქრებს, მერე შვილებიც გაჩნდნენ... ვერ ვიტყვი, რომ სიყვარული გაჩნდა. ოჯახი, სამსახური, შვილები და საზოგადოებაში ღირსეული თავდაჭერა იყო ჩემი ცხოვრება. წელს კი, თებერვლიდან ქმარს ვუთხარი, რომ მის სუნსაც ვერ ვიტანდი. არ გაოცებულა, არც გაბრაზებულა. როგორც გინდაო, - მითხრა. ოღონდაც, შვილები უნდა ვნახო ხოლმე ჩემი სურვილით, სახლსა და სკოლაში, შენც დაფიქრდი, დრომ ეგებ ისევ მოგაბრუნოს ჩემკენო... სახტად დავრჩი, ჩანს, რომ არც მას ჰქონდა მძაფრი სურვილი ერთად ყოფნის... ქვეცნობიერში ალბათ ამას ვგრძნობდი და ჩემი შვილების მამა შემზიზღდა! მინდოდა, წინააღმდეგობა გაეწია, ისტერიკა მოეწყო და გაერტყა კიდეც. მინდოდა, ეეჭვიანა და ვიღაც კაცი ამოეჩხრიკა ოჯახის დანგრევის მიზეზად, რათა უფრო მძაფრი პროტესტის გრძნობით დავცილებოდი! - ასე არ მოხდა. ვიცი, რომ საყვარელი არ ჰყავს, ძაღლივით ერთგულია. არც ჩემთვის არ არსებობს კაცი, რომელსაც "ბრალი" ექნებოდა ჩემს უცნაურ გათავისუფლებაში. ქმარი სახლიდან წავიდა და კვირაში ერთხელ მაინც ბავშვებს ასეირნებს, მერე სახლის ჭიშკართან დატვირთული პარკებით დატოვებს ბავშვებს და მიდის უსიტყვოდ. გაგრძელება