"შვილი ისე დავასაფლავე, ცრემლი არ გადმომვარდნია" - კვირის პალიტრა

"შვილი ისე დავასაფლავე, ცრემლი არ გადმომვარდნია"

ეს ამბავიც ძალადობაზეა და იმ საშინელ რეალობაზე, რომელშიც უამრავ ქალს უწევს ცხოვრება.

ორიოდე თვის წინ ქალბატონმა, რომელმაც ჩვენთან გადაწყვიტა თავის სატკივარსა და უდიდეს ტრაგედიაზე საუბარი, ერთადერთი ოცდაათი წლის ვაჟი დაკარგა და ისე დაასაფლავა, ვერც იტირა და ვერც იდარდა:

- უბედური ცოლი ვიყავი და კიდევ უფრო უბედური დედა გამოვდექი. მომავალმა ქმარმა ისე მომიტაცა ჩვიდმეტი წლის ასაკში, არც ვიცნობდი. მეზობლის ქორწილში მოვწონებივარ და ორიოდე კვირაში ყაჩაღებივით დამხვდნენ გზაში ის და მისი მეგობრები... ბევრი ვეხვეწე მშობლებს: ნუ დამტოვებთ ამ უცხო კაცთან-მეთქი, მაგრამ არ გამიგონეს: განატაცებსა და მობრუნებულს ვინღა შეგირთავს? შენი ბედი ეგ ყოფილა და უნდა შეეგუო მომხდარსო. ორი თვის შემდეგ გავიგე, რომ სანდროს მესამე ცოლი ვიყავი. მაშინ გამიკვირდა მე უბედურს, თორემ მოგვიანებით, როცა თავისი ხასიათი გამოამჟღავნა და მთვრალმა ლამის სასიკვდილოდ მცემა, კი მივხვდი, რატომაც არ გაუჩერდნენ ცოლები. იმათ ალბათ, პატრონიც უვარგოდათ, ჩემებმა კი რამდენჯერ მნახეს ნაცემ-დალურჯებული და თანაგრძნობის ნაცვლად, დამემუქრნენ: ქმრის ოჯახიდან წამოსვლა არც იფიქროო... ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გამიმეტეს და ამიტომაც, ყველანაირი კავშირი გავწყვიტე დედ-მამასთან და ძმებთან...

ერთადერთი შვილი ქორწინებიდან მეშვიდე წელიწადს გამიჩნდა. მანამდე სამჯერ მომწყდა მუცელი, რადგან ქმარი მცემდა და ექიმამდე არ მიშვებდა.

- სახლში დედამთილ-მამათილიც გეყოლებოდათ. ისინი არაფერს ეუბნებოდნენ შვილს?!

- სანდროს სატანა ჰყავდა სულში ჩასახლებული და არც დედ-მამას დაინდობდა. ეშინოდათ მისი და ჩუმად იყვნენ... შვილიც მამას დაემსგავსა და რამდენჯერ მათქმევინა, რომ იცოდეთ: ნეტავ, შენც მუცელში გამწყალებოდი და დედობა არ მღირსებოდა-მეთქი... გაგრძელება