"ახლა გათენების არ მეშინია, ვიცი, რომ აღარ დამტოვებს"
23-04-2018
"ახლა გათენების არ მეშინია, ვიცი, რომ აღარ დამტოვებს"
ბევრი ისტორია წამიკითხავს და მომისმენია მიტოვებული ქალების შესახებ, ჩემი ცხოვრებაც ძალიან ჰგავდა მათსას, მეც გარიყული და მიტოვებული აღმოვჩნდი იმ კაცისაგან, რომელიც ქვეყანას მერჩივნა, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა.

დილის ოთხი საათი იქნებოდა, მუცლის არეში ტკივილი რომ ვიგრძენი. გვერდი ვიცვალე და ძილის გაგრძელება ვცადე, მაგრამ ტკივილი სულ უფრო მიტევდა და მივხვდი, რომ ჩემი შვილი ქვეყანაზე მოვლინებას ჩქარობდა. სიბნელეში ღამის ლამპის ღილაკი ხელის ფათურით მოვძებნე. ჩემ გვერდით მძინარე მეგობარი შეიშმუშნა. როგორც იქნა,
შევაფხიზლე და სამშობიაროში წავიდეთ-მეთქი, ვუთხარი. თმაგაბურძგნილი თამთა ტანსაცმლის კარადას ეცა და ჩაცმა დაიწყო.

"- გინდა ვატოს დავურეკო?"- მკითხა უცბად. უარი ვუთხარი, არადა, ყველაზე მეტად ახლა მისი აქ ყოფნა მინდოდა, მაგრამ მან ჩემზე და ბავშვზეც უარი თქვა...
ვატო ბევრს მოსწონდა, მაგრამ მექალთანეობა მისთვის უცხო იყო. ვგრძნობდი,
ვნება როგორ ერეოდა, როცა მეხებოდა, მაგრამ სიყვარული არასდროს აუხსნია. უფრო მეტიც, დაოჯახებული იყო. როგორც ამბობდა, მეუღლე ამბიციური და ჯიუტი ქალი ჰყოლია, რის გამოც ურთიერთობა ვერა და ვერ მოაწესრიგეს. მათი თანაცხოვრება გაუთავებელი ჩხუბისა და კონფლიქტებისგან შედგებოდა, რის შემდეგაც ვატო სიმშვიდეს ჩემთან პოულობდა. რამდენი ხანიც უნდა გაუჩინარებულიყო, ვიცოდი, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. გვიან ღამით მოსვლა სჩვეოდა, ისეთ დროს, როცა არ ველოდი. ნამძინარევი საწოლიდან ავდგებოდი, დავაპურებდი, მივეფერებოდი. თავის ამბებს მიყვებოდა და სიამოვნებდა, რომ გასუსული ვუსმენდი. დილა არ მიყვარდა... დილით მიდიოდა, რამდენი ხნით არასდროს ვიცოდი და მოლოდინით ვცხოვრობდი.

პატარა ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები გაიყარნენ. მე დედასთან ვიზრდებოდი, მამამ სხვა ოჯახი შექმნა. სტუდენტი ვიყავი, სწავლის საფასურის გადახდა გვიჭირდა, ამიტომ დედა სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა და დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე. ვატოც სწორედ ამ დროს გამოჩნდა. მასში მუდმივად თავშესაფარს ვეძებდი და ყოველ ჯერზე იმედი მიცრუვდებოდა.
ფეხმძიმედ რომ დავრჩი, დავურეკე და ვუთხარი, ბავშვს ველოდები-მეთქი. გაბრაზდა, უხეშად მელაპარაკა და ტელეფონი გამითიშა. მეორე დღეს მაინც შევხვდით. სახლთან მანქანით მომაკითხა. სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ ვხედავდი, როგორ ღელავდა. გაუთავებლად სიგარეტს ეწეოდა და მიხსნიდა, ბავშვი რატომ არ უნდა გამეჩინა. მისი ყველა არგუმენტი ჩემთვის აბსურდული იყო, რა მიხვედრა უნდოდა, რომ ცოლისთვის ამ ამბის გამხელა არ უნდოდა, მისი დაკარგვის შეეშინდა.

იმავე დღეს ნაცნობ ექიმთან წამიყვანა. საავადმყოფოს დერეფანში სკამზე ვისხედით და ველოდებოდით, როდის დაგვიძახებდნენ. ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა, გული საშინლად მტკიოდა, ის კი ჯიუტად დუმდა...

მკაფიოდ მახსოვს მომენტი, როცა თეთრხალათიანი მოღიმარი ქალი გამოჩნდა. სანდომიანი ქალი მაკვირდებოდა და ხვდე­ბოდა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. სანამ რამეს მეტყოდა და კაბინეტში შეგვიძღვებოდა, ნერვებმა მიმტყუნა. ავდექი და წამოვედი. ვატო ამას არ ელოდა, რადგან არასოდეს შევწინააღმდეგებივარ, მაგრამ ამჯერად დედობრივმა ინსტინქტმა მძლია.
გაბრაზებული უკან ამედევნა. ქუჩაში დამეწია. მასთან დალაპარაკება არ მინდოდა და ხელი ავუქნიე. გაჩერდა და მომაძახა, თუ ასეა, ბავშვის გაზრდა მარტოს მოგიწევს, მე არასდროს შემაწუხოო...
ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. მას შემდეგ ერთმანეთი არ გვინახავს. მთელი ფეხმძიმობა არ მოვუკითხავვარ. გვერდით მუდმივად თამთა მყავდა, რომელიც ბოლო თვეში ღამითაც არ მტოვებდა, ვინ იცის, მშობიარობა როდის დაგეწყებაო... ტელეფონით დედაჩემიც მამხნევებდა.

ერთ დღეს ამბავი მომიტანეს, ვატო ცოლს გაშორდაო. არ ვიცოდი, ეს ჭორი იყო თუ სიმართლე. ამაზე დიდხანს არც მიფიქრია, რადგან ცოლიანი თუ უცოლო ვატო ჩემ გვერდით მაინც არ იყო.
იმ ღამეს ტკივილი რომ დამეწყო, თამთამ ჩვენს მეგობარს, დათოს დაურეკა.ისიც მაშინვე ჩვენთან გაჩნდა და სამშობიაროში გაგვაქანა.
რამდენიმესაათიანი აუტანელი ტკივილის შემდეგ ქვეყანას ჩემი პირველი შვილი - ალექსანდრე მოევლინა. ამასობაში სამშობიაროს ეზოში ჩემი მეგობრები მოგროვდნენ. პალატაში რომ გადამიყვანეს და ფანჯრიდან გადავიხედე, მათი გახარებული სახეები დავინახე, ხელში ფერადი ბუშტები და შამპანურები ეკავათ. იმ ღამეს დაღლილს ღრმად ჩამეძინა, გამთენიისას კი პალატაში გორგოლაჭებიანი საწოლით ახალი ნამშობიარევი გოგო შემოაგორეს. რამდენიმე საათში ერთმანეთი გავიცანით. დედამთილი და დედამისი ტელეფონზე წარამარა ურეკავდნენ, რჩევებს აძლევდნენ, ბავშვს კითხულობდნენ. საღამოს თეოს ქმარიც მოვიდა. თბილი და ყურადღებიანი ბიჭი ჩანდა. ცოლ-ქმარი ხმადაბლა საუბრობდა და იღიმებოდა. გული მეტკინა. როგორ მინდოდა, რომ კარი გაღებულიყო და ვატო შემოსულიყო.

შინ დაბრუნების დრომ რომ მოაწია, თამთამ მომაკითხა. სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. დათო მოვიკითხე, რატომ არ მოვიდა-მეთქი. თამთამ,"მანქანა გაუფუჭდა და ტაქსით მოგვიწევს წასვლაო...

სამშობიაროდან რომ გამოვედი, გავხევდი - ჩემ წინ უზარმაზარი თაიგულით ვატო იდგა. მის გვერდით, ვატოს მსგავსი თვალებით, ასაკოვანი ქალი, რომელმაც ჩვილი ფრთხილად გამომართვა და მკერდზე მიიკრა. ეს ქალი ჩემი შვილის ბებია აღმოჩნდა. ვატოს ყოფილ მეუღლესთან შვილი არ ჰყავდა, ამიტომ როცა თამთამ ჩემგან მალულად ვატოს ვაჟის დაბადების ამბავი ამცნო, ოჯახი სიხარულისგან გადაირია.

იმ დღიდან ერთად ვართ. გათენების აღარ მეშინია, ვიცი, რომ აღარ დამტოვებს. ახლა ხშირად მიმეორებს, რომ ვუყვარვარ და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არAAა აქვს. ალბათ, როდესაც ძალიან გინდა, ოცნება აუცილებლად აგიხდება.

ანა ყარალაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით