"გათხო­ვი­ლი ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა მქონ­და გან­ზ­რა­ხუ­ლი..." - კვირის პალიტრა

"გათხო­ვი­ლი ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა მქონ­და გან­ზ­რა­ხუ­ლი..."

"არც კი ვიცი, ჩემი უიღბლობის მოყოლა საიდან დავიწყო. ჩემთვის მხოლოდ ბავშვობა იყო ნათელი, თორემ ზრდასრულს ღიმილიც კი დამავიწყა თავს გადახდენილმა ამბებმა. მადლობელი დაგრჩებით, თუ მომისმენთ. ალბათ, აქვს მუღამი საკუთარი ამბის საქვეყნოდ მოყოლას და იქნებ, გულში ჩაბუდებული დარდის ამოთქმით მეც ვიგრძნო შვება..." - ასე იწყებოდა წერილი, რომელიც სიბერეშეპარულმა მამაკაცმა მოგვწერა. არ ისურვა ასაკის გამჟღავნება, არც გვარი მითხრა, მაგრამ დამპირდა, რომ ტელეფონით დაუფარავად მეტყოდა იმას, რაც გადახდა...

- ნათელი ბავშვობა, ლამაზი წლები, მწვანეში ჩაფლული სოფელი, ბევრი მეგობარი, მხიარული თამაშები, ცოტა, მაგრამ გემრიელი საჭმელი და მოპარული ხილის დაუვიწყარი გემო - ეს ჩემი ბავშვობაა. იმ დროს, როცა პატარა ვიყავი, ნაკლები ყურადღება ეთმობოდა სწავლა-განათლებას, მაგრამ მე მაინც, რაღაცნაირად ვესწრაფოდი წიგნებს. თავბრუს მახვევდა ასოთა წყობა, წინადადებებად აკინძული სიტყვებიც მეჯადოსნურებოდა. მინდოდა, ვაჟასნაირად მეწერა და ვბაძავდი კიდეც ბუნების აღწერაში ან უფრო სწორედ, ვეჯიბრებოდი. მასწავლებლები ჩემზე დიდ იმედს ამყარებდნენ და თუ სკოლაში სტუმარს ვეღირსებოდით, მის წინაშე ყოველთვის მე წარმადგენდნენ, როგორც სანიმუშო მოწაფეს. წარმატებულებს შორის ერთადერთი ვაჟი ვიყავი, დანარჩენი სამი - გოგონა გახლდათ. ზოგიერთ ბიჭს "თვალში ვეპატარავებოდი", რადგან გოგონებთან მეგობრობაც გამომდიოდა, კარგადაც ვსწავლობდი, მაგრამ აი, ფეხბურთის თამაში კი ვერაფრით ვისწავლე და მათ მსგავსად, ტალახში ამოსვრილიც იშვიათად დავდიოდი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ძმაკაცების ნაკლებობას განვიცდიდი და მათ შორის ბევრი იყო "ქუჩის ბიჭი". ფეხბურთს ვერ ვთამაშობდი სუსტი აღნაგობისა და ჯანმრთელობის გამო, მაგრამ საუკეთესო გულშემატკივრობა შემეძლო და სხვათა შორის, იმასაც ამბობდნენ, რომ "კარგი ფეხი" მქონდა...

- ფეხბურთის თამაში არა, მაგრამ ალბათ, სხვა "ბიჭური" თამაშები გამოგდიოდათ...

- თქვენ წარმოიდგინეთ, სპორტი არასდროს მიზიდავდა. არც თოჯინებით ვთამაშობდი, მაგრამ სირბილიც არ მიყვარდა. სამაგიეროდ, მომწონდა ისეთი თამაშობები, რომელსაც გონების დატანება სჭირდებოდა და საიდანაც, როგორც წესი, გამარჯვებული გამოვდიოდი... კიდევ, "ფლირტაობანას" ვთამაშობდით ხოლმე.

- ფლირტაობა ახსენეთ და წლების წინ ბიჭებს გოგონებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ? მათ საკუთარ გრძნობებს რა მეთოდებით უმხელდით?

- ამბობენ, ადრე ბიჭებიც და გოგონებიც გაცილებით მორცხვები იყვნენ, ვიდრე დღესო, მაგრამ ასეც არ იყო. არც მე ვყოფილვარ მორცხვი და არც ჩემ გარშემო ვინმე. პირიქით, მეტად ვაჟკაცურები ვიყავით. ერთადერთი, თუ გავიგებდით, რომ კონკრეტული გოგო ვიღაც ჩვენიანს მოსწონდა, როგორც უნდა გავგიჟებულიყავით მასზე, გრძნობებს გულში ვიმარხავდით, სხვანაირად მოქცევა არ შეიძლებოდა, ახლა კი ყველაფერი არეულია და რა გასაკვირია, რომ ახლობლები ერთმანეთს არ ინდობენ და ძმა ძმას ცოლს ართმევს? გაგრძელება