"ქმარს დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა, თავშესაფარში უშოვე ადგილიო" - კვირის პალიტრა

"ქმარს დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა, თავშესაფარში უშოვე ადგილიო"

გივის ისეთი სიმწარე ანახა პირველმა ცოლმა, რომ ქალის სახლიდან გაშვების შემდეგ, ყველას აუკრძალა მის დაქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე საუბარი. თავიდან არც დედა აძალებდა: მან კიდევ უფრო მეტი სიმწარე იგემა რძლისგან, რომელიც ლუკმას აყვედრიდა და საერთო სუფრასთან დაჯდომასაც უკრძალავდა, - გაუნათლებელი ხარ და შენი ცქერა ჭამის მადას მიკარგავსო.

რვა კლასის მეტი მართლა არ ჰქონდა დამთავრებული შუშანას (ვერაფრით გაიგო, რა კავშირი ჰქონდა მის განათლებას რძლის მადასთან), მაგრამ ამას მისთვის სულაც არ შეუშლია ხელი იმაში, რომ კარგი დიასახლისი ყოფილიყო და ადრე დაქვრივებულს, ერთადერთი შვილიც სასახელო გაეზარდა: გივიმ ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დაამთავრა და ისეთი მარიფათი გამოიჩინა, ყველამ რომ დაკარგა სამსახური, მაშინაც კი არ დარჩენილა უმუშევარი: საკუთარი საადვოკატო ფირმა გახსნა და კლიენტიც არასოდეს მოჰკლებია. სახლიც ახალი ააშენა და მანქანაც პირველმა შემოიყვანა რაიონში ისეთი, რომ მის სანახავად შორიდანაც მოდიოდა ხალხი...

ოცდაათი წლის იყო, თვრამეტი წლის გოგო რომ გაურიგეს. კი იეჭვა: ეგ ფულისა და სიმდიდრის გამო უფრო მომყვება, ალბათო, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას, რადგან შორენა მართლა უნაკლო გოგო იყო. დიდი ქორწილიც გადაიხადა და პარიზშიც ამოგზაურა ახალგაზრდა ცოლი, მაგრამ მაინც ვერ მოიგო მისი გული. შინ დაბრუნდნენ თუ არა, დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა: პარიზის შემდეგ განსაკუთრებით აუტანელია ბებერი დედაშენის გვერდით ცხოვრება. ნაცნობები ბლომად გყავს და მოხუცთა თავშესაფარში უშოვე ადგილიო. არადა, მაშინ შუშანა სამოცი წლის იყო, ასაკი კი მძიმე ახალგაზრდობის გამო ეტყობოდა და ეს გივიზე უკეთ არავინ იცოდა. ცოლს მკაცრად უთხრა: დედას ნამდვილად ვერ შეველევი და ვერ ვაკადრებ სახლიდან გაშვებას! თუ გინდა, შენ დაგაბრუნებ იქ, საიდანაც წამოგიყვანეო... გაგრძელება