"საყვარელი ქალი ლამის სამჯერ შევირთე და სამივეჯერ დავკარგე"
28-04-2018
"საყვარელი ქალი ლამის სამჯერ შევირთე და სამივეჯერ დავკარგე"
მინდა გიამბოთ უცნაური ამბავი სიყვარულისა, რომელიც შეიძლება, ზოგს დაუჯერებლადაც მოეჩვენოს. საყვარელი ქალი ლამის სამჯერ შევირთე და სამივეჯერ დავკარგე. ახლა კი ვაპირებ, მეოთხედაც ვცადო ბედი და სავარაუდოდ, ეს ჩვენი საბოლოო შეყრა იქნება, რადგან იმ ასაკში ვარ, როცა დაუფიქრებლად ნაბიჯის გადადგმა აღარ შემეფერება"... ბატონი ამირანის წერილიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ მაინც დავურეკე. ის ცდილობს, ცოლყოფილს დაუმტკიცოს, რომ მისი სიყვარულით იკვებება. თითქოს, ერთგულიც არის, მაგრამ - ერთდროულად ორი ქალის ერთგული!


"ბედნიერი ვიყავი, აბღავლებულს
რომ ვუყურებდი"

- უკვე 66 წლისა ვარ. დიდი ცხოვრებისეული გზა გამოვიარე და ისევ იქ მივედი, საიდანაც დავიწყე. შეუძლებელი ყოფილა პირველი ნამდვილი სიყვარულის დავიწყება და ასაკი რომ მემატება, ამაში მით უფრო მეტად ვრწმუნდები. მე და ხათუნამ ერთმანეთი ლამის დაბადებისთანავე გავიცანით - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყოველთვის
ვიცნობდი. ერთსა და იმავე სკოლაში ვსწავლობდით. კლასელები გახლდით და ბედის წყალობით, პირველსავე კლასში, ერთსა და იმავე მერხთან დაგვსვა ჩვენმა პირველმა მასწავლებელმა - ქალბატონმა მაგდამ (აცხონოს უფალმა!). მას მერე, სკოლის დამთავრებამდე ჩვენი გზები არ გაყრილა. ეს კიკინებიანი გოგო გულში ჩამივარდა. თავიდან უშნოდ გამოვხატავდი მოწონებას: თმაში ვწვდებოდი ხოლმე და მოვქაჩავდი ან ჩანთას ვართმევდი. ის ტიროდა, მე კი ბედნიერი ვიყავი, აბღავლებულს რომ ვუყურებდი. მასწავლებელი ცდილობდა, დაემშვიდებინა პატარა ჩაპუტკუნებული გოგო და თან, მე მმოძღვრავდა: გოგოს ასე უნდა მოექცე? არ გრცხვენიაო?! რამდენჯერმე დააპირა კიდეც სხვა მერხთან დაჯდომა, მაგრამ ასეთ დროს თავს მოვიგიჟიანებდი ხოლმე და მანამდე ვერ მაწყნარებდნენ, ვიდრე ისევ ჩემ გვერდით არ დავიგულებდი... დრო რომ გავიდა, მერე უკვე მისი პირადი მცველი გავხდი. აბა, ვინმეს გაებედა და მისთვის გული ეტკინა, მაშინვე საყვარელი გოგოს გვერდით ავიტუზებოდი და ვაი, იმას, ვინც აწყენინებდა!..

შეიარაღებული მამა და ჩაშლილი სერენადა

- დაახლოებით მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ჩემმა ძმაკაცმა ხათუნას უთხრა: ვერ ხედავ, ეს ბიჭი შენზე შეყვარებული რომ არის? ისე ნუ იქცევი, თითქოს ჩირგვებში ზიხარო. ხათუნა წამოწითლდა: ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ, რაებს იგონებო?! - და გაიქცა. მაშინ მეგონა, ჩემი გოგო მართლა ვერაფერს ხვდებოდა და გადავწყვიტე, ძმაკაცის სიტყვები გამემყარებინა; მომინდა, ხათუნასთვის მიმეხვედრებინა, რომ უსაზღვროდ მიყვარდა. ჰოდა, იმავე საღამოს დავრაზმე ბიჭები და ეზოს წინ ჩასაფრებულებმა, სიმღერა შემოვძახეთ. მამამისი გამოგვივარდა: ვინ ხართო? თოფიანი კაცი რომ დავინახეთ, სულ ტყაპატყუპი ავუტეხეთ სოფლის ტალახს და სახლამდე როგორ მივაღწიე, არც მახსოვს. თუმცა, ამ ამბავს კარგი შედეგი მოჰყვა: ხათუნა, ცხადია, მიხვდა, ვინც უმღერა და მეორე დღეს, სკოლაში მოსულმა, ჯერ უცნაურად გამიღიმა, მერე თავშიც წამომარტყა: სხვანაირად არ შეგეძლო ამ ყველაფრის თქმა, მთელი სოფელი ჩემი სახლის წინ რომ არ შეგეკრიბაო?.. კარგა ხანს მაინც ვერ ვბედავდი მისთვის სიყვარულის გამხელას... ის ყველანაირად მიწვევდა და ცდილობდა, ჩემთვის სიმართლე დაეცდენინებინა, მე კი რამდენჯერაც სიმართლის თქმა დავაპირე, იმდენჯერ ყელში ბურთი გამეჩხირა. გაგრძელება
ლილუ
30 აპრილი 2018 10:52
სიბერეში რომ მარტო დარჩებოდა ადრე უნდა ეფიქრა.მართალია ის ქალბატონი რომ არ ურიგდება, ახალგაზრდობაში როცა სჭირდებოდა არ იყო მის გვერდით.

რედაქტორის რჩევით