"უიმედოდ დარჩენილმა ჩემ გამო თავი მოიკლა" - კვირის პალიტრა

"უიმედოდ დარჩენილმა ჩემ გამო თავი მოიკლა"

ვეხმაურები წერილს - "რატომ იკლავენ თავს ახალგაზრდები". დღემდე ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან, ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რაც ჩემ გამო მოხდა, თავს

ვერ ვაძლევ უფლებას, ბედნიერი ვიყო.

ჩემი ძმის მეგობრებთან ძალიან ახლოს ვიყავი, მათგან ირაკლი გამორჩეული იყო: გარეგნობით, განათლებით, ოჯახიშვილობითა და ხასიათით. ყველას ძალიან უყვარდა. მეც მომწონდა, თუმცა ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენ შორის მეგობრობის გარდა სხვა გრძნობაც შეიძლებოდა გაჩენილიყო.

მე სულ სხვა მიყვარდა, გუგა. დავინიშნე და ქორწილის დღეც დავთქვით. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. ბედნიერება კი იქამდე გაგრძელდა, სანამ ჩემი ძმა თავის მეგობრებს გააგებინებდა დის ნიშნობის ამბავს. როცა ირაკლიმ ეს გაიგო, მეორე დილით ვენებგადაჭრილი ნახეს საწოლში.

თქვენს რუბრიკაში გამოქვეყნებული წერილი რომ წავიკითხე, პირველად მეგონა, ირაკლიზე იყო... თურმე სხვასაც მოსვლია აზრად, რომ ასეთი საშინელება ჩაედინა... ირაკლის თავთან წერილი იდო, რომელიც იმ საბედისწერო გადაწყვეტილებამდე დაუწერია:

მაკოს გარეშე წუთითაც არ მინდა ვიცოცხლო, ამიტომ სიკვდილი ვარჩიეო. ეს რომ მითხრეს, საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი, გუგას ვთხოვე, გადაგვედო ქორწილი და დღემდე ცალ-ცალკე ვართ.

ჩემს თავს არ ვაძლევ ბედნიერების უფლებას, არადა, მე ხომ არც კი ვიცოდი მისი გრძნობის შესახებ. არ ვიცი, როგორ ვიცოცხლო ამ უბედურების შემდეგ. როგორ გავიცინო, გავლაღდე, როცა ჩემ გამო ასეთი სანაქებო ბიჭი აღარ დადის ამქვეყნად. ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ რამე, როგორ დავაღწიო თავი ამ საშინელ მდგომარეობას.

მაკო, თბილისი