"ჩემს წარსულს რომ გავცქერი, ბევრ ჩემს შეცდომას ახლაღა ვაცნობიერებ" - კვირის პალიტრა

"ჩემს წარსულს რომ გავცქერი, ბევრ ჩემს შეცდომას ახლაღა ვაცნობიერებ"

ალბათ იმაზე მწარე არაფერია, როცა საყვარელი ადამიანი მიგატოვებს

ადამიანი მეტ-ნაკლებად ყველაფერს ეჩვევა და ეგუება, გარდა ერთისა - ძალიან უჭირს უსიყვარულოდ ცხოვრება. ზოგი ეძებს, ეძებს წლობით და პოულობს კიდეც. ზოგიც არ ეძებს, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ელოდება და თუკი ესტუმრა, გულის კარს ფართოდ უღებს.

ნინო ჭიათურის ერთ ლამაზ სოფელში დაიბადა და იზრდებოდა. ცრემლითა და ტკივილით იყო მისი ბავშვობა სავსე. 12 წლის იყო, მისი უმცროსი და კი - 10-ის, როცა მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა. ბებია-ბაბუა აღარ ჰყავდათ, ამიტომ სოფლის თავკაცობამ გადაწყვიტა, ინტერნატში გაეგზავნა ობლები. ხალხი წინ აღუდგა ამ გადაწყვეტილებას, - ობლებს არაფერს გავუჭირვებთ, ჩვენ მივხედავთო და მართლაც, იქიდან მოყოლებული, ერთი დღეც არ დარჩენილან მარტო, მორიგეობა შემოიღეს, ხან ერთი მეზობელი რჩებოდა გოგონებთან შინ, ხან მეორე. არც საჭმელ-სასმელი აკლდათ, არც ჩასაცმელი, მაგრამ უდედმამობით გამოწვეულ ტკივილს რა გაანელებს?

ნინომ სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. ისეთი ბეჯითი იყო, იმავე წელს ჩაირიცხა პედაგოგიურ ინსტიტუტში. ნათესავთან ცხოვრობდა, მერე დამაც თბილისში გადმოინაცვლა. მესამე კურსზე გადადიოდა, როცა ერთმა ჭიათურელმა ბიჭმა თვალი დაადგა. ერთი თვე ჩუმად სდია, მერე დასტაცა ხელი და ისე წაიყვანა, სიყვარულიც არ აუხსნია. ნინოს დარდს დარდი დაემატა. გოგო დღიურს ანდობდა თავის გულისტკივილს. როცა ჩემთან მოვიდა და თავის ცხოვრებაზე მიამბო, თან მოაყოლა თავისი ბოლო დღიური, რომელსაც თავფურცელზე ეწერა "მეთხუთმეტე ნაწილი".

ნაწყვეტი დღიურიდან: "სოსო ძალიან უხეშია. ვერ ვუგებ. მატყობს, რომ ვერიდები და გავურბი, მაგრამ ეს სულაც არ აწუხებს. ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით იმიტომ გავაჩინე, რომ მათზე ზრუნვით ვყოფილიყავი დაკავებული. ახლა დიდები არიან, 19 წლისაა გიო, ნატო - 17-ის. თავისთვის ცხოვრობენ. ძალიან გულჩათხრობილები არიან. ამას წინათ ნატოს წამოსცდა: - დედა, ჩვენ რომ ასეთები ვართ, შენი ბრალია, როცა მიხვდი, რომ ვერ ეგუებოდით ერთმანეთს, უნდა გაშორებოდი ქმარსო".

წლები შემოადნა ნინოს. ორმოცს რომ მიუკაკუნა, საოცარი გულისწყვეტა იგრძნო. ისე იცხოვრა, სიყვარული რა იყო, არ იცოდა. არადა, სტუდენტობაში, ერთ მეხუთეკურსელ ბიჭს მოსწონდა. ზურაბი იმ წელს ამთავრებდა ისტორიის ფაკულტეტს. რუსული ენა ისე კარგად იცოდა, ნინოს და მის მეგობარ გოგონას საგამოცდოდ ამეცადინებდა.

მაშინ პირველად იგრძნო რაღაც, მაგრამ ეს გრძნობა აღარ გაღრმავებულა - სოსომ მოიტაცა.

ნაწყვეტი დღიურიდან: "ჩემს წარსულს რომ გავცქერი, ბევრ ჩემს შეცდომას ახლაღა ვაცნობიერებ. თავი ჩავღუნე და შევეგუე ჩემს მდგომარეობას. იმასაც მივხვდი, რომ არსებობს ქალების ორი კატეგორია.

ერთია, როცა უყვართ და პატივს სცემენ, მეორეა - როცა არ უყვართ და არაფრად აგდებენ. სამწუხაროდ, მეორე კატეგორიაში მოვხვდი. ღირსება დავკარგე ამ კაცის გვერდით, უღირსებო ადამიანი კი რა შესაყვარებელია? შთავაგონე ჩემს თავს, რომ ვიმსახურებდი სოსოსნაირს, მეტის ღირსი არ ვიყავი... თვალს მომკრავდა თუ არა, აპილპილდებოდა, ჩხუბს იწყებდა.

მთვრალი ხომ შეურაცხადი ხდებოდა... შევეჩვიე ჩემს მდგომარეობას. სხვა რა გზა მაქვს? ან სად წავსულიყავი? მარტო შევძლებდი შვილების შენახვას? თავზე საყრელად არასოდეს გვქონია რამე, მაგრამ სოსოს კვირაში ერთხელ პროდუქტი მოჰქონდა ხოლმე. მე ამდენს ვერ შევძლებდი. შვილებიც დავთრგუნე, აღარაფერი ახალისებთ. ჩემმა კარის მეზობელმა, ლიზამ, რომელთანაც ვმეგობრობ, მითხრა: - კვირაში ერთხელ მოტანილ სურსათ-სანოვაგეს როგორ ანაცვალე ღირსება, შენი და შვილების ბედნიერებაო. მართალი მითხრა. მე უღირსებო ქალი ვარ და ამის სასჯელი ჩემი ქმარია".

სამი წლის წინ, ნინო მეგობარს ელიავას ბაზრობაზე გაჰყვა. ის უქმრო ქალია, შინ რემონტი წამოიწყო. ნინოს უხაროდა, რომ საქმე გამოუჩნდებოდა და მეტ დროს ლიზასთან გაატარებდა. სრულიად შემთხვევით შეხვდა ზურაბი... ძალიან გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა.

მერე ზურაბმა თავისი ამბავი უამბო ნინოს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთხანს მშობლიურ სოფელს დაბრუნებია, ისტორიას ასწავლიდა. მერე, ცხოვრება რომ გაჭირდა, თბილისს მოაშურა. ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა, სამშენებლო-სარემონტო საქმე კარგად იცოდა. ზაფხულის პერიოდში იმდენს შოულობდა, ოჯახსაც უგზავნიდა სოფელში და თვითონაც კარგა ხანს ჰყოფნიდა აქ. იმასაც ორი შვილი ჰყავდა, სკოლის მოსწავლეები...

ელიავას ბაზრობაზე შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ თითქოს წლები არც გასულიყო, ისე უცებ გაშინაურდნენ. ერთ თვეში ნინოც მიხვდა და ზურაბიც, რომ ორივეს "სიბერის სიყვარულმა" მიუკაკუნა. ნინო ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა.

ნაწყვეტი დღიურიდან: "ძნელია მოპარული სიყვარული, მით უფრო მაშინ, როცა იცი, რომ "ის" სხვას ეკუთვნის, შენ კი სხვისას, თუნდაც დროებით ეპატრონები, მაგრამ არასოდეს თავს იმის უფლებას არ მივცემ, რაიმე პრეტენზია გამოვხატო ზურაბთან. ერთადერთი, რისი სურვილიც მაქვს, ისევ ზურაბის ნახვაა, თუნდაც  თვეში ერთხელ.

მე მისგან სხვას არაფერს ვითხოვ. ლიზამ იცის ჩვენი სიყვარულის შესახებ, მეუბნება: შენი დამთხვეული ქმრის პატრონი როგორ ბედავ სხვა კაცთან შეხვედრასო. გამახსენდა სოსოს "ფრთიანი ფრაზა": ოღონდ შენი სახე არ დამანახო და სადაც გინდა, ვისთანაც გინდა, წადიო... კისერიც მოგიტეხია და კინჩხიც მიგიყოლებიაო. აბა, ასეთ კაცთან სინდისმა როგორ უნდა შეგაწუხოს? მით უფრო, რომ სოსოს კარგა ხანია საყვარელიც ჰყავს და 8 წლის ბიჭიც".

გავიდა დრო, ზურაბის შვილები წამოიზარდნენ. უფროსმა გოგონამ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა და მამასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება. ზურაბს თბილისში ბინა ჰქონდა დაქირავებული. მალე ცოლმაც ჩამოაკითხა სოფლიდან და...

ნაწყვეტი დღიურიდან: "ამას წინათ ზურაბმა გამომიცხადა, რაც იყო-იყო, ორივემ შევცოდეთ, ახლა კი დროა ერთმანეთს დავშორდეთო. ურო რომ დაეკრა თავში, ის აჯობებდა. გაოცებული ვუცქერდი და ხმას ვერ ვიღებდი. ცრემლები მომდიოდა.

ალბათ იმაზე მწარე არაფერია, როცა საყვარელი ადამიანი მიგატოვებს. ნათქვამია, - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, მაგრამ ის "გონს" რაღა მაინცდამიანც მაშინ მოვიდა, როცა ცოლი ჩამოუვიდა სოფლიდან? სხვა რა გზა მაქვს, ტკივილიც უნდა დავძლიო და გულშიც უნდა ჩავიკლა ის სიყვარული, რამაც მცირე ხნით ჩემი რუხი ცხოვრება გააფერადა და გაალამაზა.

ღმერთმა იცის, მე სიყვარულს დიდი ხნის წინ გამოვეთხოვე, გადაწურული მქონდა იმედი და... აღარც ველოდი, მაგრამ რადგან მოვიდა, ხელი ვერ ვკარი. მაინც მადლობელი ვარ ზურაბის. ის მაინც მექნება სათქმელი, სიყვარულისა მეც გამეგება რაღაც-მეთქი. ალბათ, ბევრის თვალში უწესო ქალი ვარ, მაგრამ ეს ნაკლებად მაღელვებს. სოსო რომ ასეთი არ შემხვედროდა, ფიქრადაც არ მომივიდოდა სხვისი ქმრის სიყვარულით გამელამაზებინა ჩემი უფერული და უიმედო ცხოვრება.

რაღა ბევრი გავაგრძელო, - ახლა ჩემი ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგრძელდება და მას ვეღარაფრით შევცვლი".

www.kvirispalitra.ge

მოგვწერეთ თქვენი თავგადასავალი - მხიარული, მწუხარე, ტრაგიკული თუ ბედნიერი. გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება.