"ადამიანები არ იცვლებიან, თუმცა გიორგი გამონაკლისი აღმოჩნდა"
30-04-2018
"ადამიანები არ იცვლებიან, თუმცა გიორგი გამონაკლისი აღმოჩნდა"
"თათიამ თავისი საქციელი მეორე დილითვე ინანა - გიორგიმ აუხსნა, რომ მასზე სერიოზულს არაფერს ფიქრობდა, რომ ყველაფერი სპონტანურად და გაუაზრებლად მოხდა, რაზეც მოუბოდიშა და ატირებული ქალი სახლიდან გამოაცილა"

სანამ წერილის დაწერას დავიწყებდი, ჩემი მეგობრის, თათიას შესახებ მინდოდა დამეწერა, მაგრამ წერილის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ გიორგის ცხოვრების ისტორია მოგიყევით.

თბილი და სასიამოვნო გაზაფხულის საღამო იყო, სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი. უეცრად ახალგაზრდა კაცი შევნიშნე, საბავშვო ეტლით გოგონას ასეირნებდა. ახლოს რომ მივედი, ვიცანი. გიორგი წლები იქნებოდა,
არ მენახა, მაგრამ ისეთივე სიმპათიური იყო. ჩემი ნახვა გაუხარდა, გადამეხვია და მომიკითხა. არც ერთს არ გვეჩქარებოდა, ამიტომ ერთმანეთის ამბების უკეთ გასაგებად იქვე სკამზე ჩამოვსხედით და მუსაიფი გავაბით.

ერთ დროს გიორგი გამოუსწორებელი მექალთ
ანე და სასმლის მოყვარული გახლდათ. იმდენი ცოლი ჰყავდა, მგონი, სათვალავი თვითონაც არეული ჰქონდა.ამის გამო ან ცოლები გაურბოდნენ, ან თავად ტოვებდა.

თბილისის გარეუბანში სამოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა, სადაც თითქმის ყოველ საღამოს მისი მეგობრები იკრიბებოდნენ. მასთან ყოფნა და დროს ტარება ყველას უყვარდა. დედამისი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და შვილს არაფერს აკლებდა. ყოველ მორიგ რძალს გიორგი დედას დიდი ენთუზიაზმით აცნობდა, თუმცაღა ეგრეთ წოდებული დედამთილი მათ სერიოზულად ვეღარ აღიქვამდა, ახალდაქორწინებულებს კი ღრმად სჯეროდათ, რომ ამჯერად ეს ქორწინება კუბოს კარამდე გასტანდა.

გიორგი ჩემმა დაქალმა თათიამ გამაცნო. გოგო გიორგიზე რომ იტყვიან, ჭკუას კარგავდა, არანორმალურად უყვარდა, მაგრამ ცნობილმა მექალთანემ ცოლის ტიტული მაინცდამაინც მისთვის დაინანა. თათია არ მოსწონდა, როგორც ქალი არ მაღელვებო, ეუბნებოდა, მაგრამ ჩემი მეგობარი ბედს ვერაფრით ეგუებოდა.
საღამოობით გიორგისთან ვიკრიბებოდით, ლუდს ვსვამდით, ჯოკერს ვთამაშობდით და ვმხიარულობდით.

ერთ საღამოს თათია ტაქსიში ჩაჯდა და გეზი გიორგის სახლისკენ აიღო. მძღოლმა მანქანა სახლიდან მოშორებით გაუჩერა. ის იყო, გოგო მანქანიდან გადმოვიდა, რომ კოკისპირულად დასცხო და სანამ სადარბაზომდე მიაღწევდა, თათია გვარიანად დასველდა. გიორგი სტუმრის მისვლამ გაახალისა. თავიდან ფეხებამდე დასველებულ გოგოს ტანსაცმლის გახდა და გაშრობა შესთავაზა, სანაცვლოდ თავისი ხალათი მისცა და კონიაკითაც გაუმასპინძლდა. საღამო მყუდროდ და სასიამოვნოდ გაატარეს, ღამით კი ბიჭმა აღარ გამოუშვა... ალბათ, სასმელმაც იმოქმედა... მაგრამ თათიამ თავისი საქციელი მეორე დილითვე ინანა - გიორგიმ აუხსნა, რომ მასზე სერიოზულს არაფერს ფიქრობდა, რომ ყველაფერი სპონტანურად და გაუაზრებლად მოხდა, რაზეც მოუბოდიშა და ატირებული ქალი სახლიდან გამოაცილა.

ეს ამბავი თათიას, ჩემ გარდა, არავისთვის მოუყოლია. მას შემდეგ მათ შორის არაფერი მომხდარა, თუმცა ძველებურად მეგობრობდნენ. თათიას უმისოდ არ შეეძლო, გიორგის კი მეგობრობის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.

ყველაფერი მაშინ აირია, როცა თათიამ გიორგის თავისი დეიდაშვილი, ჟღალთმიანი ნუცა გააცნო. ბიჭმა მას თვალი სწრაფად დაადგა და გოგოც არ ყოფილა გულგრილი. შეხვედრები თათიასგან მალულად დაიწყეს. როგორც ჩანს, თათიას განაწყენება არც ერთს არ უნდოდა, მაგრამ არც ერთმანეთი ეთმობოდათ.

ერთ დღესაც სამსახურში თვალებდასივებული თათია გამომეცხადა. დამშვიდებას შევეცადე. როგორც იქნა, ამოღერღა, გიორგიმ ნუცა ცოლად მოიყვანაო.
როგორც ვიწინასწარმეტყველე, გიორგისა და ნუცას ცოლქმრობამ დიდხანს არ გასტანა. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ერთ დღეს ნუცამ თავისი ნივთები ჩაალაგა და დედ-მამის სახლში დაბრუნდა. ქმარყოფილს კი მისი დაბრუნება არც უცდია. სწორედ ამ დროს საზღვარგარეთიდან დედამისი ჩამოვიდა და ერთადერთი ვაჟის შველა გადაწყვიტა. დიდხანს ებრძოდა შვილის გადამეტებულ სმას, ბინა გაყიდა, რომ როგორმე იქაური გარემოცვა თავიდან მოეცილებინა. ბოლოს, როგორც იქნა, დაითანხმა და სამკურნალოდ საავადმყოფოშიც კი დააწვინა. სწორედ იქ გაიცნო გიორგიმ თავისი ერთადერთი და, ალბათ, უკანასკნელი სიყვარული. თეო ექიმი გახლდათ. თავდაპირველად, გიორგი ფიქრობდა, რომ თეო მხოლოდ მას ამხნევებდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ქალი ყველა პაციენტზე ერთნაირად ზრუნავდა. როგორც კი მომჯობინდა, დედამისს გამოუცხადა, თეოს ცოლად შერთვა მინდაო. ქალს ეს სასაცილოდ არ ეყო და სულ ტყუილად - გიორგის ერთი თვეც არ დასჭირვებია თეო ექიმის გულის მოსაგებად. დაქორწინდნენ და პატარა ნიტა ეყოლათ.

გიორგიმ მითხრა, ახლა ოჯახის კაცი ვარ და მეუღლეს ხელისგულზე ვატარებო. სხვათა შორის, თათია მოიკითხა. ვუთხარი, რომ იტალიაში წავიდა, ცოლად იქაურს გაჰყვა და ახლა ორი შვილის დედაა. გულწრფელად გაუხარდა და მოკითხვაც დამაბარა.

მერე პატარა ნიტას მოშივდა, აწკმუტუნდა და გიორგიც დამემშვიდობა. ხშირად მითქვამს, ადამიანები არ იცვლებიან-მეთქი, მაგრამ გიორგისთან შეხვედრამ დამარწმუნა, რომ გამონაკლისები არსებობენ.

ანა ყარალაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით