"ვისგანაც არ მოველოდი, სწორედ ის მანგრევინებდა ოჯახს!" - კვირის პალიტრა

"ვისგანაც არ მოველოდი, სწორედ ის მანგრევინებდა ოჯახს!"

წინამდებარე ამბის გმირები ქართველი ემიგრანტები არიან. სამშობლოდან შორს, კანადაში ცხოვრობენ. მათი სიყვარული აქ, სამშობლოში დაიწყო და...როგორი გაგრძელება ჰქონდა შორეული ამერიკის კონტინენტზე, ამის შესახებ "მთავარი გმირისგან", გუჯასგან შეიტყობთ, რომელიც უკვე საკმაოდ სოლიდურ ასაკში გახლავთ... ინტერვიუ სწორედ მისი ინიციატივით შედგა და ბატონი გუჯა არც იმის წინააღმდეგი იყო, რეალური სახელები და გვარები გამოგვემზეურებინა, მაგრამ ჩვენ მაინც თავი შევიკავეთ და ამბის მონაწილეების ინკოგნიტოდ დატოვება გადავწყვიტეთ. თუ რატომ, ამას ალბათ თავად მიხვდებით, როცა რესპონდენტის ნაამბობს გაეცნობით:

- დიდხანს ვფიქრობდი, მომეყოლა თუ არა ის ამბავი, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ტრიალებდა ჩემს თავს და უდიდესი ტკივილი მომაყენა. კარგა ხანს ვიკავებდი თავს: ძნელია, პირადი ცხოვრების დეტალებზე ღიად საუბარი, საკუთარი შეცდომების გამომზეურება და საზოგადოებისთვის გულის გადაშლა. ბოლოს კი მაინც მივიღე გადაწყვეტილება, ყველაფერს მოგიყვეთ, რადგან დიდი ტრავმა მომაყენა ადამიანმა, ვინც მიყვარდა. მისი საქციელით გამოწვეული გულისტკივილის ატანა თითქმის შეუძლებელია. იქნებ სხვას მაგალითად გამოადგეს და ჩემი შეცდომები აღარ გაიმეოროს. თუ 1-2 ადამიანს მაინც წაადგება, ისიც კარგი იქნებაო,- ამბობს რესპონდენტი.

- მე მწამს სიყვარულის, მაგრამ როცა ამ გრძნობას არ უფრთხილდებიან და ფეხქვეშ ითელება, გაჩუმებაც არ ვარგა. ბიბლიაზე დავიფიცებ, რომ მხოლოდ სიმართლეს ვიტყვი და რასაც ახლა გიამბობთ, ერთი სიტყვა არ არის მოგონილი.

- ყურადღებით გისმენთ.

- მოკლედ, ყველაფერი ასე დაიწყო: მოხდა ისე, რომ პირველ მეუღლეს გავეყარე და მეორე შევირთე, რომელთანაც ცხრა წელი ვიცხოვრე, მაგრამ სამწუხაროდ, შვილი არ გვეყოლა. ერთხელ მთხოვა, გარკვეული დროით ოჯახში შეგვეფარებინა მისი მამიდაშვილი, მარინე. საყვარელი მეუღლისთვის უარი არ მითქვამს და მარინეც ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. მაშინ 41 წლის იქნებოდა- გაუთხოვარი გახლდათ, პროფესიით ექიმი, წარმოსადეგი ქალბატონი, ბორჯომელი, კარგი ოჯახიდან გამოსული და ბრწყინვალე მშობლების შვილი. როგორც საკუთარ დას, ისე ვუყურებდი. მის მიმართ არასოდეს გამჩენია სხვა გრძნობა. ერთხელ მაჭანკლობაც კი ვითავე და ჩემი მეგობრის ნათესავი გავაცანი. კარგი პურმარილი გავუშალე და გასეირნების საშუალებაც მივეცით, რომ ერთი-ერთზე დალაპარაკებოდნენ ერთმანეთს და იქნებ სიყვარულიც გაღვიძებულიყო. თუმცა, სასეირნოდ წასული მარიკა (ასე ვეძახდით მოფერებით) მალევე დაბრუნდა და გამოგვიცხადა- იმ ბიჭს აღარ შევხვდებიო.

- არ უთქვამს, რატომ აღარ შეხვდებოდა?

- არ უთქვამს და იმწუთას ვერც მე მივხვდი მიზეზს. არადა, არ იყო დასაწუნი ბიჭი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ამბის შემდეგ მარიკა ძალიან შეიცვალა, ხასიათი გაუფუჭდა. ხშირად სახლშიც არ მოდიოდა. ამ დროს სად იყო და რას აკეთებდა, არ ვიცოდით. ზოგჯერ ნასვამი ბრუნდებოდა, ერთხელ კი ნაცემიც მოვიდა. მოკლედ, შეიცვალა ძალიან. ერთი კია, თავს მევლებოდა, როცა შინ იყო. ხშირად წამეთამაშებოდა ხოლმე, ზოგჯერ კალთაშიც ჩამიხტებოდა. თავიდან ეს უბრალოდ, მეგობრულ ჟესტად მიმაჩნდა და ყურადღებას არ ვაქცევდი. ზოგჯერ მეუღლესთან ჩხუბი რომ მომივიდოდა, განაწყენებული, სახლიდან მიდიოდა და მარიკაც მიჰყვებოდა ხოლმე. შემდეგ მალევე ბრუნდებოდა და მთხოვდა, ცოლს შევრიგებოდი. მეც ვთანხმდებოდი, რადგან უკვე ასაკში ვიყავი და აღარ მინდოდა, მეორედ დამენგრია ოჯახი. არადა, თურმე სადა ხარ?!. ვისგანაც არ მოველოდი, სწორედ ის მანგრევინებდა ოჯახს!

- რა მოხდა შემდეგ?

- ერთ დღეს მეუღლემ მითხრა:- მარიკასგან ვიცი, რომ მის მიმართ გულგრილი არ ხარ და "სხვანაირი" თვალით უყურებო. გამიკვირდა, რადგან ამის საბაბი არასდროს მიმიცია. მეუღლესთან საუბრის შემდეგ კი მივხვდი მის ოინებს და შეძლებისდაგვარად ვარიდებდი თავს მასთან ურთიერთობას. მარიკა დერეფანში გაშლილ საწოლზე იძინებდა. ღამით საპირფარეშოში რომ გავდიოდი, მისთვის უნდა ჩამევლო. მაქსიმალურად ვარიდებდი თვალს, რადგან ხშირად საბანგადახდილს ეძინა, მაგრამ ერთხელაც ვეღარ გავუძელი მის მათრობელა სიშიშვლეს, მუხლებზე დავეცი და მკერდზე დავეკონე... ჩემს თავს ვადანაშაულებ ახლა. მერე მივხვდი, რომ მარიკას სულაც არ ეძინა, განგებ გადაიხდიდა საბანს, რომ ვეცდუნებინე და მიზანს მიაღწია კიდეც. მოკლედ, მარიკასთან რა მინდა, რაც მაშინ მოხდა, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. კაცი თუ ხარ, ბევრი რამისგან უნდა შეიკავო თავი, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს, მაგრამ მარიკას ნდომამ ყველაფერი გადამავიწყა. აბა, თუ კაცი ხარ, ნუ შეცდები, როცა შენ თვალწინ ასეთი სილამაზეა... ამის შემდეგ დაიწყო სიგიჟე. ისე, კი გამიკვირდა, რომ გაუთხოვარი მარიკა ქალწული არ აღმოჩნდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? დიდ დიღომში ვიქირავე ბინა და იქ დავიწყეთ შეხვედრები ფარულად.

ერთ დღეს მითხრა: - ასე ფარულად როდემდე უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი? მეუღლე გაუშვი და მე შემირთეო. მეუღლესთან მორიგი ჩხუბის შემდეგ, მართლაც გავაგდე შინიდან და ცოტა ხანში მარიკა მოვიყვანე ცოლად. იქვე, გვერდით ცხოვრობდნენ ჩემი პირველი მეუღლე და შვილები- სახლი ორად არის გაყოფილი და ცალ-ცალკე შესასვლელი აქვს. შვილები ხშირად გვსტუმრობდნენ. ცხადია, მათ ყველაფერი იცოდნენ ჩემი და მარიკას ურთიერთობის შესახებ. ერთხელ, სადილობისას შევამჩნიე, რომ მარიკა ჩემს შვილს, რომელიც მაშინ 28-29 წლის იქნებოდა, გამომწვევად უყურებდა. ამას ისე დაუფარავად სჩადიოდა, ყველამ შეამჩნია. ამის გამო მე და ჩემს ბიჭს კამათი მოგვივიდა. შვილმა მითხრა,- ჩემთან რა გინდა, ის ქალი გააჩერე, მოსვენებას რომ არ მაძლევსო. ამის მერე საერთოდ არ მოსულა ჩვენთან. აი, მაშინ მივხვდი, რომ მარიკა სულაც არ იყო მამა აბრამის ბატკანი, როგორც თავს მაჩვენებდა. იდიოტი უნდა იყო კაცი, რომ ქალს ასეთი რამ აპატიო, მაგრამ სიყვარულმა მძლია და ვაპატიე.

- დაგიფასდათ?

- მარიკას ჰყავდა ძალიან თავისუფალი ყოფაქცევის დაქალი, ისიც- ექიმი. ერთად მუშაობდნენ. ის ქმარს გაცილებული იყო. მარიკა ხშირად იყო მასთან, რაც არ მომწონდა, მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი. ერთხელ მითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო და აბორტის გაკეთებას აპირებდა. გამიკვირდა, რადგან მეორე ცოლთან ცხრა წლის განმავლობაში შვილი იმიტომ არ მყავდა, რომ მე მქონდა პრობლემა- არ შემეძლო ქალის დაფეხმძიმება. ამასაც ჩემგან მანამდე სამი წლის განმავლობაში არ ჰყოლია შვილი და მერე კიდევ 12 წელი არ დაფეხმძიმებულა. მოკლედ, გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ გამონაკლისი მოხდა. მივეცი ფული და წავიყვანე აბორტის გასაკეთებლად ე.წ "მიხაილის" საავადმყოფოში. თან გვახლდა მისი დაქალი, რომელიც წეღან ვახსენე. იქ ერთი უცნაური ამბავი მოხდა.

- რა ამბავი?

- მოსაცდელში ერთი კაცი მოვიდა, რომელიც ადრე მარიკამ დაქალის საყვარლად გამაცნო. ერთხელ მყავდა სულ ნანახი. გამიკვირდა: რატომ უნდა მოსულიყო ეს კაცი მარიკასთან ასეთ სიტუაციაში?.. მარიკა ექიმის კაბინეტიდან რომ გამოვიდა, ყველანი ერთად დაქალის სახლში წავედით. სამივენი იქ დარჩნენ, მე კი შინ გავბრუნდი. ერთი სიტყვით, მაშინ ბევრი კითხვა გამიჩნდა: რატომ იყო მარიკა ორსულად? იმ მამაკაცს რა უნდოდა საავადმყოფოში, მარიკას აბორტის დროს? ან მათთან ერთად რატომ ავიდა სახლში? ეს ის კითხვები იყო, რასაც წესითა და რიგით, თვალი უნდა აეხილა ჩემთვის. ფაქტობრივად, მივხვდი, რომ მარიკა მისგან იყო ორსულად, მაგრამ ისევ სიყვარულმა მძლია თუ ჩემმა გამოთაყვანებამ და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა.

- მართლა ძალიან გყვარებიათ...

- დიახ, ვაღიარებ და ამისთვის მწარედ დავისაჯე. 2000 წლის ნოემბერში მარიკა სამსახურიდან კონფერენციაზე მიავლინეს კანადაში, ქალაქ ტორონტოში და იქვე დარჩა საცხოვრებლად. ექვსი თვის შემდეგ მეც ჩავედი და ასე დაიწყო ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპი. 12 წელი ვიცხოვრეთ ერთად ტკბილად და სიყვარულით, არასოდეს მოგვსვლია კონფლიქტი, ერთი შემთხვევის გარდა: ახლობლებმა მთხოვეს ორი ქართველი კაცის სამსახურში მოწყობა. ჩემთან წავიყვანე სამუშაოდ. დავუახლოვდით ერთმანეთს და რამდენჯერმე სახლშიც დავპატიჟე საქეიფოდ. ერთხელაც მარიკამ პურმარილი მოამზადა, სუფრა გაშალა და თვითონ მეორე ოთახში გავიდა. ცოტა რომ შევთვერით, ერთ-ერთმა სტუმარმა მითხრა,- ცოლს რატომ გვიმალავო? გამეცინა და მარიკას დავუძახე. ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ ეს კაცი და მარიკა ეფლირტავებიან ერთმანეთს. ორივე სტუმარი იმწუთასვე გავყარე სახლიდან. მეორე დღეს მარიკაც გავაგდე. რვა-ათი დღის შემდეგ, როდესაც გაბრაზებამ გამიარა, დავურეკე და ისიც სიხარულით დაბრუნდა, პატიება მთხოვა. ვაპატიე და მეგონა, ამით ამოიწურა კონფლიქტი, მაგრამ თურმე სად ხარ?! ორი თვის შემდეგ ავარიაში მოვყევი. საავადმყოფოში ჩემს სანახავად ის ორი კაციც მოვიდა ანუ- კონტაქტი ჰქონიათ ერთმანეთთან და ასე გაიგეს ჩემი ავარიის ამბავი. 2012 წლის ოქტომბერში წამოვედი თბილისში ექვსი თვით. ეს მარიკასთან მქონდა შეთანხმებული. თბილისში ორი მშენებარე ბინა მაქვს. მოვილაპარაკეთ, რომ ერთი უნდა გამეყიდა, მეორე კი გამერემონტებინა, ჩვენთვის რომ ცალკე საცხოვრებელი გვქონოდა. აქ ჩამოსულმა გავიგე, რომ ბინები საერთოდ არ იყიდება და მშენებლობებიც გაჩერებულია. თბილისში რაღა უნდა მეკეთებინა? უკან, კანადაში დაბრუნება გადავწყვიტე. მარიკას დავურეკე და ეს ამბავი ვუთხარი, მაგრამ ისეთი რეაქცია ჰქონდა, გამიკვირდა.

- რა რეაქცია ჰქონდა?

- ყვირილი დამიწყო და მაგინა კიდეც. საქმე ის გახლავთ, რომ პენსია რომ არ დამეკარგა, საჭირო იყო ექვს თვეში ერთხელ საქართველოში ჩასვლა. მარიკამ კი ეს ინფორმაცია ისე გაიგო, თითქოს საერთოდ ვტოვებდი და ამის გამო ამიტეხა ამბავი. არადა, როგორ დავტოვებდი? ეს ხომ უაზრობაა. ჩემი წლოვანების ნორმალური კაცი არაფრით გააკეთებს ამას. მით უმეტეს, როცა მართლა გიყვარს შენი მეუღლე. მარიკამ კარგად იცოდა, რომ არც თბილისში და არც ტორონტოში სხვა ქალი არ მყავდა. თანაც, ვიდრე წამოვიდოდი, ორი თვით ადრე ფირმა, სადაც ვმუშაობდი, გარკვეული მოსაზრებების გამო და ჩემი შეფის თხოვნით, მარიკას სახელზე გადავაფორმეთ. აქედან, კომპენსაციის სახით, პენსიაზე დანამატი ყოველთვიურად 200-300 დოლარი ექნებოდა... ამას რატომ გავაკეთებდი, თუ საქართველოში დაბრუნებასა და მის მიტოვებას ვაპირებდი? ეს ხომ აბსურდია. მაგრამ მარიკა ეჭვიანობის სცენებს მაინც მიწყობდა. სინამდვილეში კი ეჭვიანობა არაფერ შუაში იყო და ძაღლის თავი სხვაგან იყო დამარხული.

- მაინც, რა ხდებოდა?

- თვითონ უნდოდა, რომ ერთმანეთს დავშორებოდით, ოღონდ ეს ისე უნდა გამოეყვანა, თითქოს დაშორების მიზეზი მე ვიყავი. საქმე ის გახლავთ, რომ 2011 წელს შაქრიანი დიაბეტი აღმომაჩნდა, რამაც გავლენა იქონია ჩემს პოტენციაზე და მარიკასთან აღარ მქონდა ძველებურად ხშირი სექსუალური კონტაქტი, ეს კი მისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო, რადგან მამაკაცთან ურთიერთობაა მისთვის მთავარი. ამის დამადასტურებელია ის მრავალი მაგალითი, რომლის შესახებაც მხოლოდ ნაწილობრივ გიამბეთ. ის ყველაფერს იკადრებს ვნებების დასაკმაყოფილებლად. სხვათა შორის, ჯერ კიდევ ახალი ჩასული იყო კანადაში, როცა სექსუალური კავშირი დაამყარა დაქალის ქმართან. ამის შესახებ ახლახან გავიგე... მოკლედ, გამოგონილი ბრალდებებით მომიშორა თავიდან და შარი მომდო, თითქოს ვღალატობდი და თბილისშიც ამიტომ წამოვედი. ისე მოახერხა, რომ მე გამოვედი დაშორების ინიციატორი. თვითონ დაჰკრა ფეხი და ჯერ ამერიკაში წავიდა, მერე ისევ კანადაში დაბრუნდა. მართლა მზაკვარი ქალია. სხვათა შორის, ერთი დაქალი ჰყავს, ქიზიყელი. მთხოვა,- რომ არ "გაადეპორტონ" კანადიდან, იქნებ ხელი მოუწერო ფიქციურ ქორწინებაზეო. მოვუწერე და სტატუსი მიიღო. როგორც შემდეგ შევიტყვე, ეს იმიტომ გააკეთა, რომ მასთან ოფიციალურად აღარ მქონოდა კავშირი. ერთი სიტყვით, ყველაფერზე წამსვლელია, მის ახლობლებს კი ჰგონიათ, რომ ანგელოზია და ბუზიც არავისთვის აუფრენია... უფალი არ აპატიებს ამ ყველაფერს. ის ხომ ცოდვილია, მაგრამ მე ათჯერ მეტად ცოდვილი ვარ, მას რომ ავყევი. კიდევ ბევრი რამის მოყოლა შეიძლებოდა, მაგრამ ნერვები აღარ მყოფნის, როცა ვიხსენებ წარსულ წლებს და იმას, თუ რამდენად შტერი ვიყავი. ის ახლა ამერიკაში ცხოვრობს, კანადაში იშვიათად ჩამოდის მხოლოდ რამდენიმე დღით და ისიც- პარიკით, რომ არ იცნონ. ასე გრძელდება მესამე წელია... მოკლედ, ასეთია ამბავი, რომელიც ამ მზაკვარი ქალის წყალობით გადამხდა თავს. ალბათ დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც სიყვარულის გამო ამდენი რამე აიტანა და სამაგიეროდ, მწარედ მიეზღო...

პ.ს. ვცადეთ ქალბატონი მარიკას კოორდინატების დადგენა, რადგან გვსურდა, მისთვისაც მოგვესმინა, მაგრამ ვერაფრით მივაკვლიეთ. ვიცით, რომ უცხოეთში ცხოვრობს. თუ სურვილი ექნება და ამ ინტერვიუს გამოეხმაურება, მასაც მოვუსმენთ და მკითხველს მის პოზიციასაც გაგაცნობთ.

ბექა ხოტივარი

ჟურნალი "გზა"