"ცოლმა მიღალატა, მე კი შურისძიება ვერ გავბედე"
02-05-2018
"ცოლმა მიღალატა, მე კი შურისძიება ვერ გავბედე"
ახლა მარტო ვარ და მართალია, წარსულს აღარ მივტირი (ვითომ?!), რადგან ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს ქალი, რომელსაც ერთგულების უნარი აქვს, მაგრამ როცა ის მახსენდება (მის თავს კი ბევრი რამ მახსენებს), გული მტკივა. მე არ ვიმსახურებდი ღალატს, მოტყუებას იმ ადამიანისგან, რომელიც გულით მიყვარდა თავის დროზე..." - ეს წერილი 37 წლის გოჩამ მომწერა. ამბობს, რომ ღალატის "გემოს მცოდნეა" და ამის დაგემოვნებას არავის უსურვებს, გარდა მოღალატე მეუღლისა, რომელმაც თავის დროზე ცხოვრება დაუნგრია, ახალგაზრდა კაცს
სიცოცხლესთან გამომშვიდობება ანატრებინა.

- მზია ნათესავის ქორწილში გავიცანი და ძალიან მომეწონა. ვგრძნობდი, მასაც ჩემზე ეჭირა თვალი და საცეკვაოდაც არაერთხელ გამიწვია. დიდი მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ამ გოგოს უარი ვერ ვუთხარი. მორცხვობა დავძლიე და სხვა დროს თუ დაბადების დღეზე, ვიწრო წრეშიც ვერ ვბედავდი ცეკვა-თამაშს, ახლა ქორწილში
გამოვიდე თავი, შეუჩერებლად ვბუქნაობდი, რის გამოც ჩემი ნათესავები მაგრად ხალისობდნენ. მიხვდნენ, რომ გოგო მომეწონა. მაშინ 18 წლის ვიყავი... მზიას გაცნობამდეც მყავდა შეყვარებულები, მაგრამ ისეთი სერიოზული უთრიერთობა, როგორიც მასთან გავაბი, სხვასთან არასდროს მქონია. იმ ქორწილიდან წამოსულმა, ბალიშზე თავი ვერ დავდე, სულ მასზე ვფიქრობდი, ისევ ცეკვა მინდოდა (იცინის). მოკლედ, გამაგიჟა და თავგზა ამირია ამ გოგომ. სიყვარული მაგარი რამე ყოფილა - ამასაც მიმახვედრა. ის რომ მახსენდებოდა, სახეზე სულ ღიმილი მეხატებოდა... იმ წელს, მშობლების დაჟინებული თხოვნით, უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე. არ უნდოდათ, ჯარში გაეშვათ ერთადერთი შვილი. ცხადია, არ ჩავჭრილვარ - მართალია, სწავლით ტვინი არ მისკდებოდა, მაგრამ ფასიან სასწავლებელში განათლებას რომ დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, ესეც ხომ ფაქტია და ოღონდ თანხა პატიოსნად გადამეხადა, ვინ გამცემდა უბატონოდ ხმას ან ვინ დამამადლიდა წიგნაკში "ჩაეთვალას", ან დამაკმაყოფილებელი "სამიანის" დაწერას? სტუდენტს იშვიათად მეძლეოდა საყვარელი გოგოს ნახვის საშუალება, მაგრამ ჩემთვის ისიც ბევრს ნიშნავდა, რომ მისგან სიყვარულს ვგრძნობდი. ვიცოდი, ადრე თუ გვიან, ერთად ვიქნებოდით.

- დაოჯახება როდის გადაწყვიტეთ?

- ის ჩემზე 2 წლით უმცროსია და სკოლა რომ დაამთავრა, გადავწყვიტე, ცოლად შემერთო, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი ვიყავი, უსაქმური და თავადაც მშობლები მარჩენდნენ. არავის რჩევა არ გავითვალისწინეთ და გავიპარეთ. ნათესავებს მივადექი სახლში, - ცოლი მოვიყვანე-მეთქი. მიგვიღეს, დაგვლოცეს. მეგონა, წივილ-კივილის ატანა მომიწევდა, მზიას მშობლები გამომლანძღავდნენ, მაგრამ შევცდი - ღიმილით შემოვიდნენ ოჯახში, შვილის სანახავად და ღიმილითვე ჩამიკრეს გულში. აი, ჩემები კი გამწარებულები იყვნენ: ქალაქში შენ ძლივს გინახავთ და სად გეჩქარებოდა? ცოტა ხანს მოგეცადა, ამ გოგოს ვინ წაგართმევდაო? ბევრი მლანძღეს, მაგრამ რაღას იზამდნენ, ხომ არ დამაშორებდნენ სახლში მიყვანილ ქალს?.. იმ წელს ინსტიტუტში აკადემიური ავიღე, მეორე წელს კი ერთად ჩამოვედით თბილისში. მე ვსწავლობდი, ის მივლიდა და პარალელურად, მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, დეიდაშვილმა დაასაქმა: სიგარეტს ყიდდა ერთ ლამაზად მოწყობილ მაღაზიაში და ამის საწინააღმდეგო არც მე მქონია არაფერი. მერე თავადაც დავიწყე მუშაობა - დაცვის თანამშრომელი ვიყავი ერთ-ერთ მარკეტში. შემდეგ ბანკში გადამიყვანეს და იქაც უსაფრთხოებაზე ზრუნვა მევალებოდა. ტანად დიდი ვიყავი, კუნთებიც "ბლომად მეყარა" ნავარჯიშებ სხეულზე... მოკლედ, ორივეს გვქონდა შემოსავალი და ვცხოვრობდით გემრიელად, მშობლებიც გვეხმარებოდნენ. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით