"საზღვარგარეთ შვილების სიყვარულმა და ქმრის უნიათობამ წამომიყვანა" - კვირის პალიტრა

"საზღვარგარეთ შვილების სიყვარულმა და ქმრის უნიათობამ წამომიყვანა"

ქალბატონმა, რომელიც ახლა საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს, ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მითხრა: ჩემი ამბავი რაიონში ისედაც ყველამ იცის და აუცილებლად მიცნობენ, მაგრამ შვილები უკვე სტუდენტები არიან და არ მინდა, მათ სირცხვილი კიდევ ერთხელ ვაჭამოო...

- დაბნეული ვარ. არ ვიცი, რაზე გელაპარაკოთ, მოყოლა საიდან დავიწყო, არადა, მეგონა, თუ დამიკავშირდებოდით, მთებს შევძრავდი (იცინის)... ერთ ღარიბ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. სიღარიბეში ვცხოვრობდით, მაგრამ ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები. დედ-მამა საოცრად პატიოსანი ადამიანები იყვნენ. მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რომ მე და ჩემს და-ძმებს საჭმელი არ მოგვკლებოდა. როცა წამოვიზარდეთ, ჩემი უფროსი და გთხოვდა. შეძლებული ოჯახის შვილს გაჰყვა. ის ხშირად გვეხმარებოდა მატერიალურად და მშობლებმა ცოტა ამოისუნთქეს. მერე ჩემმა ძმამ დაიწყო მუშაობა, მომდევნო ძმამაც იშოვა საქმე. მე დიასახლისობა მევალებოდა. 16 წლის გახლდით, ჩვენს სახლში მაჭანკალი რომ მოვიდა: კარგი ბიჭი მეგულება, თქვენს შვილს უნდა გავურიგოო. მამა გადაირია, - რა დროს ამის გათხოვებაა? ეს საქმე არ მეჩქარებაო, - და წამოდგა, ის ქალი შუა ლაპარაკში მიატოვა: - სამუშაო მაქვს, თქვენთვის არ მცალიო. ამით დედასაც ანიშნა, რაც უნდა გაეკეთებინა. საბოლოოდ, დედამ მაჭანკალს არც ჰკითხა, ვისზე იყო ლაპარაკი, ის ქალი უარით გაისტუმრა. ეს ამბავი გამიხარდა, რადგან შეყვარებული ვიყავი და ვიღაც უცხოზე გათხოვება ნამდვილად არ მინდოდა.

- თანასოფლელზე იყავით შეყვარებული?

- არა. ის რაიონში ცხოვრობდა, მაგრამ ჩვენს სოფელში მამიდა ჰყავდა და ზაფხულობით ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, მას შემდეგ კი, რაც ერთმანეთს კურკური დავუწყეთ, უფრო ხშირად გვსტუმრობდა. მამუკა ძალიან კარგი ადამიანი იყო, ჩემზე 4 წლით უფროსი. ჩემს ბავშვურ ანცობებს უხმოდ იტანდა. ალბათ იცოდა, რომ ყველაფერი ზედმეტი სიყვარულისგან მომდიოდა... ვოცნებობდით, მომავალს ვგეგმავდით. მე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მინდოდა, მას კი უკვე სამსახური ჰქონდა და საკუთარი კუთხის მოწყობას აპირებდა. ჩამოყალიბებული კაცი იყო. იმ ქართველ ბიჭს კი არ ჰგავდა, რომლებიც სიბერემდე მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობენ და მოხუცებიც არ იუკადრისებდნენ ასეთ საქციელს, დედ-მამა ცოცხლები რომ ეგულებოდეთ. გაგრძელება