"მე მარი მქვია და შენი უცნობი და ვარ" - კვირის პალიტრა

"მე მარი მქვია და შენი უცნობი და ვარ"

"კართან უცნობი გოგონა გაფართოებული თვალებით მიყურებდა, მერე მოულოდნელად გადამეხვია. გახევებული ვიდექი, ვფიქრობდი, ნეტავ ვინმეში ხომ არ ვეშლები-მეთქი"

ცხოვრება ბევრ სიურპრიზს გვთავაზობს. ამას ვერც მე ავცდი და სწორედ ამის შესახებ მინდა მოგითხროთ.

საბავშვო ბაღში დავდიოდი, როცა ჩემი დედ-მამა გაიყარა. ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ჩაალაგა დედამ ბარგი და მამას სახლიდან წამოვედით. ცხოვრება ჩვეულ რიტმში გავაგრძელეთ, უბრალოდ საბავშვო ბაღში ახლა ილო ბაბუას, დედაჩემის მამას დავყავდი. გზადაგზა ზღაპრებს მიყვებოდა და ეს მომენტი ძალიან მიყვარდა. გული მხოლოდ იმაზე მწყდებოდა, რომ დილით ტუმბოზე მამას დანატოვარი შოკოლადის კანფეტები აღარ მხვდებოდა.

სკოლაში ვსწავლობდი, მამაჩემის ნახვა რომ მოვიწადინე. ილო ბაბუამ საგულდაგულოდ გამომპრანჭა, ლამაზი ვარდისფერი კაბა და ახალი ფეხსაცმელი ჩამაცვა და მამაჩემის სანახავად წამიყვანა.

კარი მამაჩემმა გაგვიღო და სიხარულის ნაცვლად მის სახეზე დაბნეულობა ამოვიკითხე. მის უკან ახალგაზრდა ლამაზი ქალი იდგა და მე და ბაბუას ავი მზერით მოგვჩერებოდა. უცებ მამა აყვირდა და კარი ცხვირწინ მოგვიჯახუნა. გულამოსკვნილი ავტირდი, ბაბუამ ხელში ამიყვანა და იქიდან ხმის ამოუღებლად წამოვედით. მას მერე მამასთან აღარ მივსულვარ და ოჯახში მისი სახელიც აღარავის უხსენებია. მამობას ილო ბაბუა მიწევდა, ყველაზე თბილი და ერთგული ადამიანი. ერთ დღესაც გავიგე, რომ პატარა დაიკო მყავდა. ამიტომ, როცა მეკითხებოდნენ, და-ძმა თუ გყავსო, ამაყად ვპასუხობდი, ამქვეყნად ყველაზე ლამაზი პატარა დაიკო მყავს-მეთქი.

სტუდენტობისას ერთი ახალგაზრდა ლექტორი მყავდა, ძალიან მომწონდა, მაგრამ თქმას როგორ შევბედავდი. უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა, შემთხვევით რომ შევხვდი, ერთმანეთს გამოველაპარაკეთ და დამშვიდობებისას, ჩემდა გასაკვირად, ხომ არ შემხვდებიო, მკითხა. პირველ პაემანზე ორივე დაბნეული და დამორცხვებული ვიყავით, ამიტომ სასმელი შევუკვეთეთ. დასალევმა მხნეობა შეგვმატა, ვიცინეთ, ვიხუმრეთ და ღამით სახლამდე რომ მიმაცილა, ვაკოცე. მოულოდნელობისგან გაშრა და მეც სასწრაფოდ სადარბაზოში შევვარდი. მას შემდეგ ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვნახულობდით. ხალისიანი და ჩემი ილო ბაბუასავით ჭკვიანი იყო.

გიგა სამაგალითო მეუღლე გამოდგა, ვაჟი გვეყოლა და მოკლედ რომ ვთქვა, შეხმატკბილებული ოჯახი შევქმენით.

მთავარი იქიდან დაიწყო, როცა ერთხელ კარზე ზარის ხმა გაისმა. კარი გავაღე - უცნობი გოგონა გაფართოებული თვალებით მიყურებდა, მერე მოულოდნელად გადამეხვია. გახევებული ვიდექი, ვფიქრობდი, ნეტავ ვინმეში ხომ არ ვეშლები-მეთქი. როგორც იქნა, მითხრა, მარი მქვია და შენი და ვარო.

სიხარულისგან შევხტი, მარის ხელი დავავლე და სახლში შევიყვანე. როცა ცოტა დავწყნარდით, \მომიყვა, რომ ჩემი არსებობის შესახებ სულ იცოდა, ნახვაც უნდოდა, მაგრამ ჩემი რეაქციის ეშინოდა. დედამისს მოუყოლია, როგორ გამომაგდეს ერთხელ მან და მამამ სახლიდან, ახლა კი სწორედ დედას ურჩევია, და მოძებნეო.

მარი საღამოს სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მეუღლესაც გავაცანი. ერთად ვივახშმეთ და მარის ჩემთან დარჩენა ვთხოვე. როცა ბავშვი დავაძინე და გიგაც დასაძინებლად წავიდა, მე და ჩემი და სამზარეულოში დავსხედით და მარიმ თავისი ისტორია მიამბო.

რამდენიმე წლის წინ დედამისის რჩევით ერთ შეძლებულ კაცს მისთხოვებია. ალექსი მასზე ათი წლით უფროსი, ცოლგანაშორები და ორშვილიანი კაცი ყოფილა. თურმე მარის ყველა სურვილს უსრულებდა, ზამთარ-ზაფხულ საზღვარგარეთ ასვენებდა და ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა. ერთი პრობლემა ჰქონდათ - შვილი არ ეყოლათ. ერთხელაც ალექსიმ შვილების მონახულება გადაწყვიტა. მარის წინააღმდეგობა არ გაუწევია, შვილების ნახვას როგორ დაუშლიდა.

შინ დაბრუნებულმა ქმარმა მარის განქორწინება და საჩუქრების უკან დაბრუნება მოსთხოვა. საქმეში მამაჩემიც ჩაერთო და სიძესთან ხელჩართული ბრძოლის შემდეგ ბინაც და მანქანაც მარის დარჩა, ალექსი კი ოჯახში, ცოლ-შვილთან დაბრუნდა.

როცა მარი ამ ამბავს მიყვებოდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. ბევრი ვეფერე და ვანუგეშე. ყველაზე მაგარი ამბავი კი მაშინ მოხდა, როცა მეორე დღეს სტუმრად ჩემი ქმრის მეგობარი დათო გვესტუმრა. დათოს ჩემი დის დანახვისთანავე შევატყვე, რომ მოეწონა.

იმ დღის შემდეგ მარი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი გახდა. დათომაც ჩვენთან მოსვლას მოუხშირა. წესიერი და მშრომელი ბიჭი იყო, მისი წინააღმდეგი არც მე და არც ჩემს მეუღლეს არაფერი გვქონდა. შეყვარებულები ურთიერთობას დიდხანს მალავდნენ, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვხვდებოდით.

ამ დღეებში მარის და დათოს ჯვრისწერაა. ალბათ, მამასაც ვნახავ. მარი ამბობს, რომ ძალიან მოსიყვარულე და თბილი მამიკო გვყავს. ვერაფერს ვიტყვი - მის ადგილას ჩემს ცხოვრებაში ჯერ ილო ბაბუა იყო, ახლა კი ჩემი მეუღლეა, თუმცა მაინც ვეცდები, რომ კარგად შევხვდე.

ანა ყარალაშვილი