"ახლა ქმრის სიმთვრალეც მაშინებს..." - კვირის პალიტრა

"ახლა ქმრის სიმთვრალეც მაშინებს..."

"ვიცი, ბევრ ადამიანს ეხმარებით და მინდა, მეც მომცეთ რჩევა. მამამ ცხოვრება მომიწამლა და მისი უხეში ხასიათის გამო, ახლა ქმრის გვერდით ყოფნაც კი მაშინებს"...

ეს 19 წლის გოგონას მესიჯია. მისი წერილის წაკითხვის შემდეგ ცხადია, ბევრი კითხვა გამიჩნდა, თან - ცნობისმოყვარეობა მკლავდა; მაინტერესებდა, მამამ ისეთი რა გააკეთა, შვილს ცხოვრება ისე როგორ გაუმწარა, რომ გოგონას შიში დასჩემდა... მოზარდთან დაკავშირებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდი. ბოლოს, როცა მის ტელეფონზე ზარი გავიდა, ვიღაცამ გაუბედავად მიპასუხა. თავიდან, ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემაც არ უნდოდა, თითქოს - ჩემიც შეეშინდა, მაგრამ ბოლოს ინტერვიუზე მაინც დავიყოლიე...

- ჩემი ცხოვრება მართლაც რომ ჯოჯოხეთია. ჯერ იყო და, ჯერ კიდევ პატარას, მამა სიცოცხლეს მიმწარებდა. ის დედასაც სცემდა, ბებოსაც და ზოგჯერ, მე და ჩემს დასაც არ გვინდობდა. მიუხედავად ყველაფრისა, ოჯახში მაინც მამა იყო მთავარი. ყველა მას ეფოფინებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა. ფეხსაცმელსაც კი ხდიდნენ და ფეხებს ჰბანდნენ. ოჯახში ერთადერთი ჯიუტი არსება მე ვიყავი და ალბათ, ამიტომაც წავიმტვრიე კისერი.

- რას გულისხმობ?

- ვგულისხმობ იმას, რომ 15 წლისა მამამ სახლიდან გამომაგდო. ოჯახში მეამბოხეს ვერ შემეგუა. არ მოსწონდა, ჩემს დას მონას რომ ვეძახდი და ვეჩხუბებოდი: არ გრცხვენია, ამ კაცს ასე რომ ემსახურები? ბებია მისი დედაა და ამიტომაც ევლება თავს, შენ კი შვილი ხარ და უფლება გაქვს, საკუთარი თავი მშობლისგანაც დაიცვა. ის თავად უნდა გემსახურებოდეს-მეთქი. დედას საქციელიც მაღიზიანებდა. არ მესმოდა, რატომ ითმენდა ქმრისგან ამდენს, მაგრამ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ამის მიზეზი ჰქონდა.

- მიზეზი სიყვარული იყო?

- არა. დედას უბრალოდ, წასასვლელი არსად ჰქონდა. ობლობაში გაზრდილს თავშესაფარი არსად ეგულებოდა. ჰოდა, მისი ქმარი ამით სარგებლობდა და მასზე ძალადობას ამიტომაც ბედავდა. ვერ ვიტყვი, მამას დედა არ უყვარდა-მეთქი, მაგრამ საკმარისი იყო, ჭიქა ღვინო დაელია, რომ ეს სიყვარული სადღაც ქრებოდა და ჩვენს ოჯახში ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა... მახსოვს, ერთხელ ზედმეტი მოუვიდა და დედას ხელი ისე ჰკრა, რომ ქალი წაიქცა, თავი რაღაცას ჩამოარტყა და სისხლიც წამოუვიდა. მე და ჩემი და ავკივლდით, - დედა მოკვდა-თქო და მეზობლები შემოცვივდნენ. იმ წამს მამას თითქოს შეეშინდა და წელში მოიკაკვა, მაგრამ როგორც კი ქალმა თვალი გაახილა, გაიბღინძა და მეზობლებიც გამოლანძღა: აქ რას მოეთრეოდით? ყველამ თქვენს ბინძურ კუთხე-კუნჭულებს მიხედეთო. ცხადია, მას შემდეგ მეზობლები ჩვენთან აღარ შემოდიოდნენ. როცა მამა ნასვამი იყო, თავს გვარიდებდნენ. თითქოს ბედია და სიმართლეა, რომ ამბობენ: რაც გეჯავრებოდეს, ის გეძალებოდესო. ყველაზე მეტად, ლოთი კაცები მეჯავრება, ალკოჰოლი მეზიზღება. არადა, ისეთ ადამიანს გავყევი ცოლად, რომელიც ბევრს სვამს. მართალია, არ მცემს, პირიქით - ძალიან კარგი სიმთვრალე აქვს, ამ დროს მხოლოდ მეფერება, თბილ სიტყვებს მეუბნება, მაგრამ მისი მაინც მეშინია და ვცდილობ, როცა მთვრალია, მასთან ურთიერთობას თავი ავარიდო, ასეთ დროს ნუგეშს დედამისის კალთაში ვეძებ... გაგრძელება